ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 10 ივნისი , 2022
გაზიარება

იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებლებისა და აღსრულების პოლიციელების დღეს წარმატებული პროფესიონალები დააჯილდოვა

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიღწევებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში და მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისათვის.

გასული ერთი წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის სააღსრულებო მომსახურებები უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდა; დაინერგა ციფრული არქივი, რისთვისაც 350 ათასამდე საქმე გაციფრულდა; შეიქმნა გამარტივებული საქმისწარმოების პლატფორმა, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ სერვისზე მოთხოვნა/აპლიკაცია სახლიდან გაუსვლელად დაარეგისტრირონ, ხოლო საქმეს თვალყური ელექტრონულად მიადევნონ; ელექტრონული კომუნიკაციის სისტემა დაინერგა ყველა კომერციულ ბანკთან. მიმდინარეობს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემების დანერგვა მუნიციპალურ ორგანოებთან; მუშავდება „ელექტრონული თანაშემწის“ პროგრამა, რომელიც საშუალებას იძლევა, რიგი სააღსრულებო მოქმედებებისა აღმასრულებლის ფიზიკური ჩარევის გარეშე განხორციელდეს; მიმდინარე წლის სექტემბერში კი, აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის ინიციატივით, საქართველო აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძემ პროფესიულ საქმიანობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის პოლიციელებს და აღმასრულებლებს მადლობის სიგელები გადასცეს, ხოლო 6 პოლიციელს ვადამდე წოდებები მიენიჭათ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორ კურმანკულ ზულუშევს შეხვდა

რატი ბრეგაძემ კურმანკულ ზულუშევთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას მართლმსაჯულების აღსრულების მიმართულებით.

მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაა.

უწყება აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ სახელმწიფოებთან სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების, მათ შორის, ექსტრადიციის და მსჯავრდებულთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემის მიმართულებით.

მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, ასევე, თანამედროვე სტანდარტების საპასუხო პენიტენციური სისტემისა და ციხის ალტერნატიული სასჯელების განვითარება, მსჯავრდებულთა და პრობაციონერთათვის სარეაბილიტაციო პროგრამების შეთავაზება და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

რატი ბრეგაძემ კურმანკულ ზულუშევთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს დიგიტალიზაციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ყირგიზეთისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, მათ შორის, სამართლის აღსრულების, სერვისების ხელმისაწვდომობისა და ციფრული ინოვაციების კუთხით.

ყირგიზეთის გენერალური პროკურორი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პრობაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას და გაეცნობა ქართულ ტექნოლოგიურ ინოვაცია „ProbBox”-ს, რომელიც პრობაციის ევროპულმა კონფედერაციამ (CEP) ევროპული მასშტაბის ინოვაციად აღიარა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბრიტანელ იურისტებთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

ბექა ძამაშვილმა და ბრიტანელმა ადვოკატებმა ისაუბრეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

ქართულმა მხარემ აღნიშნა დიდი ბრიტანეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, განსაკუთრებით, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: არბიტრაჟის სისტემის განვითარება და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა უცხო ქვეყნის სასამართლოებსა და არბიტრაჟებში, აგრეთვე, სამართლებრივი აქტის, კანონების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იურიდიული ექსპერტიზა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ინგლისური სამართლის პოპულარიზაციისა და იურისტებს შორის პრეცედენტული სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი.