ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 23 თებერვალი , 2023
გაზიარება

რატი ბრეგაძემ თანამშრომლებთან შეხვედრისას სისტემაში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა

მიმდინარე გამოწვევებსა და დაგეგმილ პროექტებზე მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ იმერეთის რეგიონის თანამშრომლებთან ერთად იმსჯელეს.

მინისტრმა თანამშრომლების საჭიროებები პირადად მოისმინა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები უწყების მიერ მიღწეული შედეგების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

მინისტრის თქმით, თანამშრომლების მხრიდან წინა შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებები გათვალისწინებულია, გამოწვევები კი, გადაჭრილი. კერძოდ, განახლებულია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გათანაბრებულია რეგიონსა და ქალაქში მომუშავე თანამშრომლების ხელფასები.

არსებული სერვისების მუდმივად დახვეწა და რეგიონებში სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა იუსტიციის სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ამ მიზნით ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას და იუსტიციის სახლების მშენებლობას უწყება 2023 წელსაც ინტენსიურად ახორციელებს.

შეხვედრას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლის, საჯარო რეესტრის, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორ ოტკურბეკ ძჰამშიტოვს შეხვდა

რატი ბრეგაძემ ოტკურბეკ ძჰამშიტოვთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას მართლმსაჯულების აღსრულების მიმართულებით.

მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაა.

უწყება აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ სახელმწიფოებთან სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების, მათ შორის, ექსტრადიციის და მსჯავრდებულთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემის მიმართულებით.

მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, ასევე, თანამედროვე სტანდარტების საპასუხო პენიტენციური სისტემისა და ციხის ალტერნატიული სასჯელების განვითარება, მსჯავრდებულთა და პრობაციონერთათვის სარეაბილიტაციო პროგრამების შეთავაზება და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

რატი ბრეგაძემ ოტკურბეკ ძჰამშიტოვთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს დიგიტალიზაციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ყირგიზეთისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, მათ შორის, სამართლის აღსრულების, სერვისების ხელმისაწვდომობისა და ციფრული ინოვაციების კუთხით.

ყირგიზეთის გენერალური პროკურორი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პრობაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას და გაეცნობა ქართულ ტექნოლოგიურ ინოვაცია „ProbBox”-ს, რომელიც პრობაციის ევროპულმა კონფედერაციამ (CEP) ევროპული მასშტაბის ინოვაციად აღიარა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბრიტანელ იურისტებთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

ბექა ძამაშვილმა და ბრიტანელმა ადვოკატებმა ისაუბრეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

ქართულმა მხარემ აღნიშნა დიდი ბრიტანეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, განსაკუთრებით, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: არბიტრაჟის სისტემის განვითარება და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა უცხო ქვეყნის სასამართლოებსა და არბიტრაჟებში, აგრეთვე, სამართლებრივი აქტის, კანონების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იურიდიული ექსპერტიზა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ინგლისური სამართლის პოპულარიზაციისა და იურისტებს შორის პრეცედენტული სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი.