ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 08 სექტემბერი, 2022
გაზიარება

რატი ბრეგაძე ბუნდესტაგში გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბუნდესტაგში გამართულ შეხვედრაზე. რატი ბრეგაძე ბუნდესტაგში გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ იოჰან დეივიდ ვადეფულს შეხვდა.


შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები ბუბა ლომუაშვილი, ბექა ძამაშვილი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია.


იუსტიციის მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა რომ სექტორული თანამშრომლობა და ბუნდესტაგთან მუშაობის გაღრმავება მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.


იოჰან დეივიდ ვადეფულმა აღნიშნა, რომ ძალიან ნაყოფიერი და კარგი შეხვედრა ჰქონდა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან.

„მოხარული ვართ საქართველოს ხელისუფლების მჭიდრო კონტაქტით გერმანიასთან. გერმანიის მთელი პარლამენტი ძალიან დაინტერესებულია ურთიერთობების გაღრმავებით საქართველოსთან. საპარლამენტო ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოზე, ძალზედ მოხარულია ჩვენი მეგობრობით. გვახარებს, რომ საქართველოს სურს, ევროპის მიმართულებით წინ გადადგას ნაბიჯები. ჩვენ ვმოქმედებთ, რათა დაჩქარდეს საქართველოს კიდევ უფრო სწრაფი დაახლოება ევროკავშირთან. ჩვენი ერთიანი საერთო ღირებულებებისა და საერთო წარმოდგენების გამოხატვით ერთობლივად შევძლებთ მშვიდობიან და მეგობრულ ცხოვრებას“,-განაცხადა იოჰან დეივიდ ვადეფულმა

იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი გერმანიაში 6 სექტემბერს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა გერმანიის იუსტიციის მინისტრთან, ნოტარიუსთა პალატის პრეზიდენტთან, ბუნდესტაგის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან, პენიტენციური და პრობაციის სისტემების ხელმძღვანელებთან. ასევე, შეხვედრა გაიმართა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტშიც.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კონკურსი გამოცხადდა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის №1139 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად წარიმართება.

კონკურსის შედეგად საქართველოდან წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევნებში, რომელიც 2026 წელს გაიმართება.

საკონკურსო მოთხოვნები განთავსებულია ბმულზე.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარადგინონ 2026 წლის 19 იანვრამდე.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავამ მონაწილეობა მიიღო გაეროს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების (CCPCJ) 34-ე სესიაში

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავამ მონაწილეობა მიიღო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კომისიის (CCPCJ) 34-ე სესიის ფარგლებში კომისიის საქმიანობის სფეროს არსებითი საკითხების განხილვაში.

სესიის ფარგლებში განიხილეს, მათ შორის, ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფოთა მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგები და სამომავლო პერსპექტივები; ასევე, სახელმწიფოთა მიერ სისხლის სამართლის პოლიტიკისა და მართლმსაჯულების ეფექტიანობის საკითხებზე კომისიის მიერ დადგენილი სტანდარტების აღსრულების ტენდენციები. დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კომისიის ფარგლებში შემუშავებულია გაეროს სტანდარტებისა და ნორმების სახელმძღვანელო ინსტრუმენტები, რომლებიც აერთიანებს სისხლის სამართლის სფეროს არსებით საკითხებს.

კომისიამ იმსჯელა გაეროს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მე-15 კონგრესის მოსამზადებელი სამუშაოების შინაარსობრივ და ორგანიზაციულ საკითხებზე. კონგრესი დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის სფეროში გლობალურ პლატფორმას წარმოადგენს, რომლის მიზანია ცოდნის, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლისთვის ეროვნული და საერთაშორისო სტრატეგიების შემუშავება და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტების განსაზღვრა.

სესიას, ასევე, ესწრებოდა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გიორგი ლომთაძე.