ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 19 ნოემბერი, 2021
გაზიარება

რატი ბრეგაძე: „ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, გთავაზობთ, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ სხვა ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლესაც, რომლებიც ახლა შიმშილობენ“

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პატიმარ მიხეილ სააკაშვილს აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. განცხადება მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა:

„ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ“.

იუსტიციის მინისტრმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის პირობად დაასახელა პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებებისგან თავის შეკავება, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე, ხოლო მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება №18 დაწესებულებაში.

„ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი პროვოკაციული ქმედების შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება №18 დაწესებულებაში და ყველა კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა, ასევე, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლომ შიმშილობის შეწყვეტისკენ დაჟინებით მოუწოდა.

„ეს არის, რა თქმა უნდა, თავად პატიმრის გადასაწყვეტი, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა. ჩვენ ვეხმარებით ამ გადაწყვეტილების მიღებაში და გადაგვყავს ის გორის ჰოსპიტალში. ბუნებრივია, დანარჩენი დამოკიდებულია მის თანხმობაზე. შეირჩა გორის ჰოსპიტალი, იმიტომ, რომ ეს არის ადგილი, სადაც როგორც მისი ჯანმრთელობა, ისე უსაფრთხოება იქნება მაქსიმალურად დაცული. რაც შეეხება გარანტიებს, ეს არის, რა თქმა უნდა, შიმშილობის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და, ასევე, ყოველგვარ პროვოკაციაზე უარის თქმა – იქნება ეს სხვადასხვა სახის აქციები გორის ჰოსპიტალთან თუ რაიმე სხვა დესტრუქციული ქმედება, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს როგორც ექიმების მუშაობას, ისე პატიმრის უსაფრთხოებას. აი ეს არის, რისკენაც მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა

პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედროვე შეიარაღება გადასცა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პენიტენციური სისტემის ტექნიკური აღჭურვის კუთხით. განახლდა სამსახურის არსენალი და ავტოპარკი. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი პროფესიული უნარების გაძლიერებას. ამ მიზნით მოეწყობა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა. თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება პენიტენციური სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, რამაზ თათარაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც 2028 წლის დასაწყისში დასრულდება. კერძოდ, დაგეგმილია ახალი ბაზის, ცეცხლსასროლი იარაღის დახურული სასროლეთის, სპორტული მოედნების, სატრენაჟორო სივრცეების, ტრენინგცენტრის და სასწავლო აუდიტორიების მშენებლობა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.