ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 02 თებერვალი, 2023
გაზიარება

იუსტიციის სამინისტრო სანოტარო საქმიანობაში გერმანიის საუკეთესო პრაქტიკას გაიზიარებს

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნოტარიუსთა პალატის ხელმძღვანელს რიჩარდ ბოკს შეხვდა.

რატი ბრეგაძემ და რიჩარდ ბოკმა სანოტარო სამართლის განვითარების მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომელთა ფარგლებშიც საქართველო-გერმანიის ნოტარიუსთა ერთობლივი სასწავლო ღონისძიებები და ტრენინგები დაიგეგმება.

შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრია და გამუდმებით ზრუნავს განვითარებაზე. უწყება პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და მოთხოვნებს, რომელთა შედეგიცაა საქართველოში მოქმედი სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული რეესტრი. მოქალაქეები ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დისტანციურ სერვისებს იღებენ, ეს მეთოდები კი, თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარების კვალდაკვალ იხვეწება.

მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში ზრუნავს ნოტარიუსთა პალატისა და თავად ნოტარიუსების შესაძლებლობების განვითარებაზეც. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ნოტარიუსთა საქმიანობის პროცესის შემდგომი გამარტივებისა და მათ მიერ მომსახურების მიწოდების დონის ამაღლების მიზნით. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტუალურია სანოტარო მოქმედებების ონლაინ და დისტანციურად შესრულების დახვეწის საკითხი.

რატი ბრეგაძე რიჩარდ ბოკთან საუბრისას დიგიტალიზაციისა და ელექტრონული სამართლებრივი გარიგებების მომზადების საკითხით დაინტერესდა.

შეხვედრის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნოტარიუსთა პალატის ხელმძღვანელს განუცხადა, რომ ამ საკითხში გერმანელი ნოტარიუსებისა და სამართლის სპეციალისტების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას გეგმავს.


სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებს იუსტიციის დღე მიულოცა და ყოველდღიური შრომის, პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იუსტიციის სისტემის თანამშრომელთა მნიშვნელოვან როლს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასა და მოქალაქეებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაში. მან აღნიშნა, რომ სისტემის მთავარი ღირებულება სწორედ მისი თანამშრომლები არიან, რომელთა ცოდნა, გამოცდილება და ერთობლივი ძალისხმევა უწყების წარმატების საფუძველია.

ღონისძიების ფარგლებში პაატა სალიამ იუსტიციის სისტემაში მრავალწლიანი, ნაყოფიერი საქმიანობისა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა.

იუსტიციის დღე 11 ოქტომბერს აღინიშნება. თარიღი 1918 წელს იუსტიციის სამინისტროსთან პირველი სტრუქტურული ერთეულის - საკოდიფიკაციო განყოფილების დაარსებას უკავშირდება.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პენიტენციურ დაწესებულებებში ადვოკატების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, ადვოკატების მიერ პატიმრებთან შეხვედრისას შესრულებული ჩანაწერების დაწესებულებიდან გატანის წესი განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვალდებულებაზე, უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოება, წესრიგის დაცვა და კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების აღსრულება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ადვოკატის პროფესიული საქმიანობის თავისუფლება და პატიმართან კომუნიკაციის კონფიდენციალურობა კანონით გარანტირებული უფლებებია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გარანტიები არ იქნეს გამოყენებული პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების წესებისა და კანონით დადგენილი შეზღუდვების გვერდის ავლის მიზნით.

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს არსებული პრაქტიკა, გაცვალეს სამართლებრივი არგუმენტები და იმსჯელეს საკითხის დარეგულირების შესაძლო მექანიზმებზე.

შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ისეთი სამართლებრივი და პრაქტიკული გადაწყვეტის მნიშვნელობას, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს ადვოკატის პროფესიული უფლებების დაცვასა და პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებას.

საკითხის საბოლოოდ დარეგულირების მიზნით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია კონსულტაციებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან გააგრძელებს.