ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 08 ივლისი, 2024
გაზიარება

 ბათუმში კიდევ ერთი იუსტიციის სახლი გაიხსნა

ბათუმში, კიდევ ერთი, იუსტიციის სახლის რიგით 120-ე ფილიალი გაიხსნა. იუსტიციის სახლის ბათუმის №2 ფილიალი „ბათუმი ცენტრალი“-ს შენობაში განთავსდა და ქალაქის მოსახლეობასთან ერთად, მიმდებარე დასახლებების მცხოვრებთაც მოემსახურება.


ახალ ფილიალში დასაქმებული 40-ზე მეტი ადგილობრივი თანამშრომელი მომხმარებელს 500-მდე სერვისს იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი სტანდარტით მიაწვდის. შესაბამისად, გაუმჯობესდება მომხმარებელთა ნაკადების მართვა-გადანაწილება, რაც ლოდინისა და მომსახურების დროის ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს.


ახალი ფილიალი იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძემ დაათვალიერეს და აღნიშნეს, რომ იუსტიციის სახლის ბათუმის №2 ფილიალი ქალაქის სწრაფი ურბანული განვითარებით განპირობებულ მზარდ მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს.


სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია, რასაც საქართველოს მასშტაბით 120 იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს. რამდენიმე კვირაში იუსტიციის სახლის კიდევ ერთი − 121-ე ფილიალი ქალაქ ხაშურშიც გაიხსნება.


მიმდინარე წელს იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება. იუსტიციის სახლის ფილიალების სამშენებლო სამუშაოები უკვე აქტიურად მიმდინარეობს: ჭალაში, ზოტში, ტოლებში, ცაიშში, შროშაში, თბილისში (გლდანი), თერჯოლაში, ახმეტაში, ხელვაჩაურსა და საგარეჯოში.


რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე ემსახურება ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“. უშუალოდ აჭარაში 7 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს, მობილური იუსტიციის სახლი კი, 10 სოფელს ფარავს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს ეროვნული არქივის პავილიონი „ხელოვანი იუსტიციელების“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს

საქართველოს ეროვნული არქივის პავილიონი „ხელოვანი იუსტიციელების“ ტრადიციულ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს.

ეროვნულ არქივში წარმოდგენილია იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების მიერ შექმნილი ნამუშევრები. გამოფენა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მოადგილეებთან ერთად გახსნა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ქველმოქმედების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს, რომლებმაც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს.

გაყიდული ნივთებიდან შემოსული თანხა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების საჭიროებებს მოხმარდება.

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცე დამთვალიერებლებს 2-4 აპრილს, 11:00-დან 19:00 საათამდე უმასპინძლებს.

გაზიარება
ბეჭდვა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე - „თ.ხ. საქართველოს წინააღმდეგ“ დაუშვებლად გამოაცხადა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე - „თ.ხ. საქართველოს წინააღმდეგ“ დაუშვებლად გამოაცხადა და დაადგინა, რომ სახელმწიფომ სწორად დაიცვა ბალანსი ორ ფიზიკურ პირს შორის არსებული სამართლებრივი დავის მიმდინარეობისას.

საჩივარი ეხებოდა ფიზიკურ პირებს შორის მიმდინარე დავას, რომელიც სოციალურ მედიაში 2016 წელს გამოქვეყნებულ პოსტს უკავშირდებოდა (თავად პოსტი 2011 წელს მომხდარ სავარაუდო ფაქტს ეხებოდა).

სასამართლომ საჩივარი აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნია და დაუშვებლად ცნო.

ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ეს იყო კერძო პირებს შორის არსებული დავა, რომელიც სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას არ მოითხოვდა. სასამართლოს მითითებით, ეროვნულმა უწყებებმა მომჩივანს მკაფიოდ განუმარტეს, რომ საკითხი სამოქალაქო წესით უნდა განხილულიყო, თუმცა მას ამ გზისთვის არ მიუმართავს.

სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ განსახილველ საქმეში სისხლისსამართლებრივი მექანიზმების არარელევანტურობის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებებმა 2016 წელს საქმესთან დაკავშირებული მოქმედებები დაუყოვნებლივ ჩაატარეს და საქმის წარმოებისას რაიმე ხარვეზი არ გამოვლენილა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, საჩივარი აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნია და დაუშვებლად ცნო.