ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 20 აპრილი, 2022
გაზიარება

ჯეიმს აპატურაიმ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა ციფრული მმართველობის სააგენტოში გამართა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაიმ კიბერუსაფრთოების საკითხებზე სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოში შეხვედრა გამართა.

NATO-ს დელეგაციის ციფრული მმართველობის სააგენტოში ვიზიტის მიზანს კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, შესაბამისი პერსპექტივებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს ძირითადი საჭიროებების განსაზღვრა წარმოადგენდა. მხარეებმა ისაუბრეს კიბერ და ჰიბრიდული პოლიტიკის მიმართულებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

შეხვედრაზე ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე დავით ნადირაშვილმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია კიბერუსაფრთხოების სფეროში სააგენტოს უფლებამოსილების, მისი ძირითადი საჭიროებებისა და საქართველოს საკანონმდებლო და სტრატეგიული ჩარჩოების შესახებ.

სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კიბერთავდასხმები დიდ საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკას, რომლის წინაშეც შესაძლოა აღმოჩნდეს საქართველოც. ,,სრულად ვიზიარებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების პოზიციას, რომ ასეთ დროს ფხიზლად უნდა ვიყოთ ამ საფრთხის წინააღმდეგ და გავაძლიეროთ კიბერუსაფრთხოება იმ ტექნოლოგიების მიმართ, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ“, - აღნიშნა დავით ნადირაშვილმა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

პრობაციის ბიუროს ოზურგეთის ოფისის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ოზურგეთში პრობაციის ბიუროს ოფისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. სრულად რეაბილიტირებული შენობა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლაშა მაღრაძემ და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი საჯაიამ დაათვალიერეს.

„განახლებული ინფრასტრუქტურა ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს, პრობაციის სერვისები თანამედროვე, კომფორტულ სივრცეში მიიღონ, თანამშრომლებს კი, მათზე მორგებული სამუშაო სივრცით უზრუნველყოფს, რაც მათზე დაკისრებული ამოცანების წარმატებით შესრულებას განაპირობებს. ოზურგეთის პრობაციის ბიუროს რეაბილიტაცია სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან შეხვედრაც გამართეს. საუბარი შეეხო სამუშაო პროცესის მიმდინარეობას, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.

გაზიარება
ბეჭდვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იუსტიციის სამინისტრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სასწავლო პროგრამების დანერგვა-განხორციელების მიმართულებით კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

მემორანდუმი ითვალისწინებს 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ორი ახალი სასწავლო პროგრამის დანერგვას: მიწის სამართალი და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამართლებრივი მექანიზმები.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები იმუშავებენ როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან, ისე იუსტიციის სამინისტროს მენტორებთან; მოეწყობა ერთობლივი სამუშაო სემინარები, კონფერენციები, ტრენინგები და დისკუსიები აქტუალურ იურიდიულ საკითხებზე. თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება, აგრეთვე, სწავლების პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერება – სტუდენტებისათვის სტაჟირებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობის შექმნა.

მემორანდუმის მიზანია თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტსა და იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრს შორის სასწავლო-სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მხარდაჭერა და კვალიფიციური პროფესიონალების აღზრდა.

სამომავლოდ მხარეები პროგრამების თემატიკის გაფართოებას გეგმავენ. არსებულ პროგრამებს დაემატება კურსები ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი ასპექტების შესახებ.