სიახლეები

მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გრძელდება
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორი ნიკა ცხვარაშვილი თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ.
რამაზან ჯანი საქართველოში თბილისში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. ღონისძიება, რომლის მთავარი თემა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის პროცესში დანერგილი ინოვაციური მიდგომებია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპული ორგანიზაციის (EuroPris) და აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით იმართება.
მხარეებმა საქართველო-თურქეთს შორის დარგობრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის აკადემიას შორის მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობას, რომელიც ერთობლივი სიმპოზიუმების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების, სემინარების ჩატარებას და ერთობლივი ციფრული სასწავლო პლატფორმების შექმნას ითვალისწინებს. დოკუმენტის ხელმოწერა მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება.
ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის პარტნიორული ურთიერთობები განსაკუთრებით ინტენსიურად მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ვითარდება. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს რატი ბრეგაძემ და აბდულჰამიტ გიულთანმა და ივან მალენიცას შორის შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები.
სხვა სიახლეები
ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში (GRETA) წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 5 აგვისტოს № 1228 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად წარიმართება.
ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი არის ევროპის საბჭოს სისტემაში მოქმედი დამოუკიდებელ ექსპერტთა ორგანო, რომელიც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულების მონიტორინგს უზრუნველყოფს; ამასთან, საქმიანობის ფარგლებში ექსპერტთა ჯგუფის წევრები მოქმედებენ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად.
კონკურსის შედეგად საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა არჩევნებში, რომელიც 2026 წლის 27 ნოემბერს ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის მხარეთა კომიტეტის 39-ე შეხვედრის ფარგლებში გაიმართება.
საკონკურსო მოთხოვნები განთავსებულია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100421?active=1
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით.
Geo
Eng