ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 11 მარტი, 2024
გაზიარება

იუსტიციის სახლის სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა

სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი გრძელდება.
თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში საპილოტე რეჟიმში მოქმედი თვითმომსახურების სივრცე მომხმარებლისათვის სერვისების მიღების პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს.

კერძოდ, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, იუსტიციის სახლის თანამშრომლების მონაწილეობის გარეშე, დამოუკიდებლად მიიღონ სხვადასხვა სერვისი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც კიდევ უფრო სწრაფს და კომფორტულს გახდის მომსახურების პროცესს.
საპილოტე პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მომხმარებელთა უკუკავშირს, რის შედეგადაც მოხდება თვითმომსახურების სივრცის საბოლოო ფორმირება.

თვითმომსახურების სივრციდან სერვისების გაცემის პროცესი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ადგილზე შეაფასა.
ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისები იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით 118 იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს. მიმდინარე წლის ბოლომდე მისი ფილიალები ყველა მუნიციპალიტეტში იქნება წარმოდგენილი; ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“ კი, რომელიც მაღალმთიანი და რაიონული ცენტრებისგან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობას საკუთარი სახლის კართან ემსახურება, საქართველოს ათივე რეგიონს ფარავს.


სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა იტალიის რესპუბლიკის ელჩთან სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ, ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებზე, რომელთა შორისაცაა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა და სამართლის უზენაესობის გაძლიერება; საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების ეფექტიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების კიდევ უფრო განვითარება და სხვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პაატა სალიამ და ჰიონ დუ კიმმა ისაუბრეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროსთან ერთად ინტენსიურად განიხილავს ტექნოლოგიების სფეროში პარტნიორობის გაძლიერებას. მხარეები მუშაობენ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც თბილისში ციფრული მმართველობის ერთობლივი ცენტრის დაარსებას ითვალისწინებს. აღნიშნული ცენტრი შექმნის ინოვაციურ პლატფორმას მხარეებს შორის ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ციფრულ ტრანსფორმაციასა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას.

კორეის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.