ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო
"ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ეფექტიანი და კოორდინირებული პოლიტიკის განხორციელების მიზნით, 2006 წლიდან შექმნილია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო (შემდგომ - საკოორდინაციო საბჭო). საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 1 სექტემბრის №534 ბრძანებულებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დებულება ხელახლა დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 აპრილის N281 დადგენილებით.
საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
- ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებაში ხელის შეწყობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;
- ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისა და ამ დანაშაულის ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარდგენა;
- ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო სექტორთან, ტრეფიკინგის პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, აგრეთვე, ერთობლივი წინადადებების შემუშავება საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად;
- ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი.
საკოორდინაციო საბჭოს შინაარსობრივ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უწევს საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო, რომლის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი.
საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო მის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; საქართველოს გენერალური პროკურორი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოს უფროსი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი; ადამიანით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი და საქართველოს სახალხო დამცველი. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვათ: საქართველოს პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს; საქართველოში ევროპის საბჭოს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გაეროს ბავშვთა ფონდის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის, ა/ო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ა/ო „თანადგომის“, ა/ო „სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა“ და ა/ო „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“ წარმომადგენლებს.