ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 05 თებერვალი, 2024
გაზიარება

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებას და სამთავრობო პროგრამას 4-მა საპარლამენტო კომიტეტმა ერთობლივ სხდომაზე მხარი დაუჭირა

სამთავრობო პროგრამით - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ - გათვალისწინებულ, იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე რატი ბრეგაძემ მოხსენება წარადგინა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

☑️ მისი განცხადებით, დაინერგება ხელოვნური ინტელექტი სამართალშემოქმედებითი საქმიანობის, სახელმწიფოს მიერ დასადები ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზის და საერთაშორისო სასამართლოებსა და არბიტრაჟებში საქმისწარმოების მიმართულებით;

☑️ გაგრძელდება საკანონმდებლო აქტების კოდიფიკაციის პროცესი; შემუშავდება მიწის საკითხებთან დაკავშირებული ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩო, ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობის განმსაზღვრელი ერთიანი ნორმატიული აქტი;

☑️ ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება პირადობის ელექტრონული (ID) მოწმობით;

☑️ სამართლებრივი უსაფრთხოების დაცვაში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება ნოტარიუსების როლი;

☑️ ამოქმედდება ე.წ. გონიერი კონტრაქტი;

☑️ დასრულდება მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით;

☑️ დაინერგება სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წინასწარი ანალიზისა და სამართლებრივი დასკვნის მომზადების ახალი სერვისი, რაც გაუმარტივებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კომპლექსური ტრანზაქციების უხარვეზოდ რეალიზაციას;

☑️ ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის ერთიანი სახელმწიფო პლატფორმის საშუალებით ამაღლდება ქართული სამართლის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების ხარისხი და ტემპი;

☑️ მეტი ინტენსიურობით გაგრძელდება ევროკავშირის სამართლებრივი აქტების ქართულ ენაზე თარგმნა;

☑️ იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება ევროკავშირის სამართლის ცენტრი;

☑️ კიდევ უფრო გაფართოვდება პარტნიორ სახელმწიფოებთან სამართლებრივი თანამშრომლობა;

☑️ გაიხსნება საზოგადოებასთან კომუნიკაციის სფეროში ინოვაციური პლატფორმა – „სტუდია იუსტიცია“;

☑️ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები აქტიურად იქნება გამოყენებული ყველა შესაძლო სამართლებრივ და პოლიტიკურ ფორმატში;

☑️ გაგრძელდება „სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის“ იმპლემენტაცია და სახელმწიფო სერვისების გამცემ უწყებებში ახალი სტანდარტების დანერგვა;

☑️ გაფართოვდება იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალი; დასრულდება იუსტიციის სახლების მშენებლობა თბილისში გლდანში, ხაშურში, სამტრედიაში, თერჯოლაში, ახმეტაში, საგარეჯოში, ხელვაჩაურში, ცაიშში, ზოტში, ტოლებში, შროშასა და ჭალაში; საქართველოს სოფლებს სრულად დაფარავს 20 ერთეული მობილური იუსტიციის სახლი;

☑️ დაბა ლაითურში ახალგახსნილი, უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი, მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების ეტაპობრივი დატვირთვის პარალელურად, დასრულდება ახალი, მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა ქალაქ რუსთავში;

☑️ ახლად მიღებული პენიტენციური კოდექსის დებულებების გათვალისწინებით, გაგრძელდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესება;

☑️ არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში გაგრძელდება სარემონტო სამუშაოები, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და კეთილმოწყობა;

☑️ გაგრძელდება პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება; იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის ახალგახსნილ ბაზაზე ჩატარდება ადგილობრივი და საერთაშორისო სწავლებები;

☑️ პენიტენციურ დაწესებულებებში გაიხსნება დამატებითი იუსტიციის სახლები;

☑️ გაგრძელდება პენიტენციური დაწესებულებებისა და სამკურნალო პენიტენციური დაწესებულების უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა;

☑️ გაიზრდება პროექტ „ციფრული უნივერსიტეტის“ მასშტაბი;

☑️ გაგრძელდება სპორტის მართვის სტრატეგიის იმპლემენტაცია;

☑️ გაიზრდება პროექტ „რე-მარკეტის“ მასშტაბი და „PROBBOX“-ების რაოდენობა;

☑️ დაინერგება პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი;

☑️ სკოლებში ამოქმედდება დანაშაულის პრევენციის კურსი;

☑️ გაგრძელდება აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამებსა და რეფერირების ცენტრის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა.

რატი ბრეგაძეს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე მოუსმინეს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

18 ოქტომბერი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღეა

18 ოქტომბერი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღეა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება და მიზნად ისახავს ამ დანაშაულის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და თანამშრომლობის გაძლიერებას.

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას როგორც დანაშაულის პრევენციის, ისე პროაქტიული გამოვლენის, მსხვერპლთა დაცვა-დახმარებისა და თანამშრომლობის მიმართულებით; აღნიშნული პოლიტიკის კოორდინაციას კი, ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით. საგულისხმოა ისიც, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლა საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

აღსანიშნავია, რომ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველო უკვე მე-11 წელია, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს მსოფლიოს მასშტაბით. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო – 2026 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს.

გაზიარება
ბეჭდვა

ქალი მსჯავრდებულები ინგლისურ ენასა და კომპიუტერულ უნარებს შეისწავლიან

N5 პენიტენციურ დაწესებულებაში დაგეგმილ სასწავლო კურსებში 60-მდე ქალი მსჯავრდებული ჩაერთვება. პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ინგლისური ენა საბაზისო დონეზე შეისწავლონ და ციფრული უნარები განივითარონ.

პროექტი იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის“ ინიციატივითა და ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს“ მხარდაჭერით ხორციელდება. სასწავლო პროცესში ჩართულია კოლეჯი „მოდუსი“.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

სასწავლო კურსები კარიერული კონსულტაციის სესიების საფუძველზე დაიგეგმა. კონსულტაციები დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩატარდა. მსჯავრდებულებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა ორი მიმართულება — ინგლისური ენის ცოდნა და კომპიუტერული უნარები, რომელთა განვითარებაც მონაწილეებს დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებასა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში დაეხმარება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილი სამზარეულო, სადაც ქალი მსჯავრდებულების კულინარიის მიმართულებით პროფესიული გადამზადება იგეგმება.