ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 03 ნოემბერი, 2021
გაზიარება

სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ შესაძლო საარჩევნო ინციდენტებზე იმსჯელა

სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურის შემდეგ პირველი სხდომა გამართა.

კომისიის წევრებმა საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე იმსჯელეს, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდსა და კენჭისყრის დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებამ გააშუქა. შესაძლო ინციდენტებზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია სხდომას კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მიზანი საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და მათზე რეაგირებაა. 8 სექტემბრიდან კომისია კვირაში ერთხელ იკრიბება და წინასაარჩევნო პროცესში მომხდარ სავარაუდო ინციდენტებს განიხილავს. კომისია ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას მეორე ტურის დასრულებასა და არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე გააგრძელებს.

უწყებათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა ონლაინფორმატში გაიმართა. მას იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი უძღვებოდა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ დიდი ბრიტანეთის ელჩ გარეთ უორდთან იუსტიციის სფეროში მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ დიდი ბრიტანეთის ელჩ გარეთ უორდთან იუსტიციის სფეროში მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებს - ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებს, სახელმწიფო სერვისების მიწოდების პოლიტიკას, პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმას, ასევე, ციფრული მმართველობისა და ინოვაციების ინტეგრაციას სამინისტროს საქმიანობაში.

იუსტიციის მინისტრმა ბრიტანეთის ელჩს მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის და იუსტიციის სფეროში მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და დიდი ბრიტანეთის ელჩის პოლიტიკური და საგარეო ურთიერთობების მდივანი ჯეს დაკვორთი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა იაპონიის საპარლამენტო დელეგაციასთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს

იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა იაპონიის საპარლამენტო დელეგაციასთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ლანა მორგოშიამ და გიორგი დგებუაძემ იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის ხელმძღვანელს, კარენ მაკიშიმასა და ჯგუფის სხვა წევრებს იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტები და საქმიანობის ძირითადი სფეროები გააცნეს.

დელეგაციის ინტერესის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ციფრული მმართველობის დანერგვის მიზნით გატარებულ რეფორმებს.

ქართულმა მხარემ გამოხატა მზაობა, გაიზიაროს იაპონიის გამოცდილება ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში და გამოთქვა იმედი, რომ ამ კუთხით, არსებობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი მარიამ ბრეგაძე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი დავით დევიძე, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე დავით ნადირაშვილი.

დღესვე იაპონიის დელეგაცია, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, თბილისის იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალს ეწვევა და სერვისების გაცემის კონცეფციასა და კერძო და საჯარო სერვისების მიწოდების პროცესს გაეცნობა.