ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 13 ნოემბერი, 2023
გაზიარება

ლაითურში უმაღლესი ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება გაიხსნა

სრულიად ახალი ტიპის, 700 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნა. ლაითურის პენიტენციური დაწესებულება სრულად აკმაყოფილებს ევროპის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კომიტეტის (CPT) ყველა რეკომენდაციას. ის სრულად არის მორგებული როგორც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ისე დაწესებულების თანამშრომელთა საჭიროებებს.

მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი არიან უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სერვისებით, სპორტული ინფრასტრუქტურით, სხვადასხვა პროფესიის დაუფლების ყველა საშუალებით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიით ციფრული უნივერსიტეტისთვის, საიდანაც მსჯავრდებულები ონლაინ შეძლებენ ლექციებზე დასწრებას და ლექტორებთან უშუალო კომუნიკაციას.

მსჯავრდებულთა უსაფრთხოებაზე, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა დასასჯელის აღსრულებაზე პენიტენციური დაწესებულების 250-მდე თანამშრომელი იზრუნებს, რომლებიც უზრუნველყოფილი არიან კომფორტული სამუშაო პირობებით, მათ შორის – უფასო კვებით, ტრანსპორტირებით; როგორც სპორტული, ისე მოსასვენებელი სივრცეებით.

დაწესებულებაში, ასევე, გაიხსნა იუსტიციის სახლი, რომელიც მსჯავრდებულებისა და თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლების ფილიალების მუშაობა ქართული ინოვაციაა და მას პრეცედენტი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ აქვს. დაწესებულება სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.

ღონისძიებაზე „RE-BOX“-ის პროექტის საჩვენებელი ვერსიის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც მსჯავრდებულებისთვის ციფრული ტექნიკის საშუალებებზე წვდომის შესაძლებლობისა და რესოციალიზაციის პროექტებზე ეფექტიანობის ასამაღლებლად ციფრული მმართველობის სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობით შეიქმნა.

ლაითურის ციხე მცირე ზომის, უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისი პირველი დაწესებულებაა. დიდი ზომის ციხეების მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებით ჩანაცვლება იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია და მიზანი ქართული პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებაა.

ლაითურის №1 პენიტენციური დაწესებულების გახსნას ესწრებოდნენ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ნოტარიუსთა პალატის წევრთა რიგგარეშე საერთო კრებაზე პალატის წესდებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს

ნოტარიუსთა პალატის წევრთა რიგგარეშე საერთო კრება იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ გახსნა. მან აღნიშნა, რომ წესდების ცვლილებების შემუშავებისა და განხილვის პროცესში მნიშვნელოვანია ნოტარიუსთა ჩართულობა და მათი მოსაზრებების გათვალისწინება. ნოტარიუსებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოედგინათ საკუთარი წინადადებები და შენიშვნები.

წესდებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილისა და გამგეობის წევრობის კანდიდატი ვალდებულია, საერთო კრების ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, პალატას წარუდგინოს განცხადება და სამოქმედო პროგრამა. განხილვის შედეგად, წესდებაში შესატანი ცვლილებები ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.

რიგგარეშე კრებაზე, პალატის წესდებაში შესატან ცვლილებებთან ერთად, ნოტარიუსებმა ასევე „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელეს, რომლის თანახმადაც გამგეობის წევრთა რაოდენობა 11-დან 7-მდე შემცირდება. გამგეობაში თითო წევრი წარმოდგენილი იქნება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებიდან, თითო წევრი - დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებიდან და 3 წევრი - თბილისში მოქმედი ნოტარიუსებისგან.

კრებას ნოტარიუსები და ნოტარიუსთა პალატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

„მობილურ იუსტიციის სახლს“ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოებაზე კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი გადაეცა

საქართველოს იუსტიციის სახლის პროექტს „მობილური იუსტიციის სახლი“ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების (European Public Sector Award – EPSA) ფარგლებში კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი (Good Practice Certificate) გადაეცა.

სერტიფიკატის გადაცემის ოფიციალური ცერემონია ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში, EPSA 2025-2026-ის ფარგლებში გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, მისი მოადგილე დავით ვარდოსანიძე.

EPSA-ს საჯარო ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტი (European Institute of Public Administration – EIPA) უწევს ორგანიზებას. კონკურსი 2009 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და საჯარო სექტორში დანერგილ ინოვაციურ და ეფექტიან პრაქტიკებს წარმოაჩენს.

მე-10 საიუბილეო კონკურსზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 134 პროექტი იყო წარდგენილი. დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტი გამორჩეულ ინოვაციურ პრაქტიკად აღიარეს. შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტის მნიშვნელოვან წვლილზე საჯარო სექტორის რეფორმირებისა და ინოვაციური განვითარების მიმართულებით.

„მობილური იუსტიციის სახლის“ მეშვეობით სერვისებზე ხელმისაწვდომობამ საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბი შეიძინა. „მობილური იუსტიციის სახლი“ სახელმწიფო სერვისებს აწვდის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ადმინისტრაციული ცენტრებიდან მოშორებულ სოფლებში ან მაღალმთიან დასახლებებში ცხოვრობენ. მათ საშუალება ეძლევათ, 500-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მიიღონ.

„მობილური იუსტიციის სახლისთვის“ კარგი პრაქტიკის სერტიფიკატის მინიჭება პროექტის ევროპულ დონეზე აღიარებას და მისი წარმატებული საქმიანობის საერთაშორისო შეფასებას წარმოადგენს. ეს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა იუსტიციის სამინისტროს გუნდისთვის, რომელმაც მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ინოვაციური მოდელი შექმნა.