სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი დახმარება
ხშირად დასმული კითხვები
1.რა არის სამართლებრივი ურთიერთდახმარება და რა სახის საქმეებზეა შესაძლებელი მისი მიღება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით?
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს ცენტრალურ ორგანოს სამოქალაქო საქმეებზე საერთშორისო თანამშრომლობის მიმართულებით. სამართლებრივი ურთიერთდახმარება მოიცავს განსაკუთრებით პროცესუალურ გადაწყვეტილებათა შესრულებას, მხარეთა და მოწმეთა მოსმენას, ექსპერტთა გამოკითხვას, დოკუმენტების გამოთხოვას, გადაწყვეტილებათა ცნობასა და აღსრულებას და ა.შ. აღნიშნული მექანიზმი ხელს უწყობს მოქალაქეთა ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ, ასევე, სამოქალაქო ან კომერციული საქმეების დროულ გადაწყვეტას და სამართლებრივი დახმარების სწრაფად და შეუფერხებლად განხორციელებას. სამართლებრივი დახმარება არ ხორციელდება ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებით.
2. რა ფორმით უნდა იქნეს წარდგენილი შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების შესახებ?
სამართლებრივი დახმარების შესახებ მოთხოვნის წარმოდგენა შეუძლია უფლებამოსილ პირს შუამდგომლობის შინაარსის მიხედვით (სასამართლო მასალების გადაცემის შემთხვევაში – კომპეტენტურ სასამართლოს, ცნობისა და აღსრულების საკითხებზე – როგორც სასამართლოს, ისე საქმით დაინტერესებულ ფიზიკურ პირს (ანუ, პირს, რომელიც წარმოადგენს საქმეში მხარეს) ან მის იურიდიულ წარმომადგენელს (რომელმაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი წესით დამოწმებული მინდობილობა).
მოთხოვნა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უნდა შეიცავდეს:
ა) მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს;
ბ) მოთხოვნის წარმომდგენი და მოთხოვნის შემსრულებელი ორგანოების დასახელებას;
ბ) სამართლებრივი დახმარების შესახებ მოთხოვნის საგანს;
გ) მხარეთა სახელებს, მოქალაქეობას, ინფორმაციას მათი საქმიანობის და მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
დ) მხარეთა წარმომადგენლების სახელებსა და მისამართებს;
ე) მოთხოვნის შინაარსს და მისი შესრულებისათვის აუცილებელ მონაცემებს.
2. სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობა უნდა იყოს ხელმოწერილი და ოფიციალური ბეჭდით დამოწმებული.
3. რა გზით არის შესაძლებელი სასამართლო მასალების ჩაბარება უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე?
სასამართლო მასალების უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩაბარების საკითხები რეგულირდება სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი დახმარების სფეროში საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით, მათ შორის, „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ ჰააგის 1965 წლის კონვენციის „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა და საქართველოსა და სხვა სახელმწიფოებს შორის დადებული ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში, ასევე, ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს აქვს ორმხრივი ხელშეკრულებები შემდეგ ქვეყნებთან:
- „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1996 წლის 4 აპრილის ხელშეკრულება;
- „საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების შესახებ 1999 წლის 10 მაისის შეთანხმება;
- „სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის 1995 წლის 19 იანვრის ხელშეკრულება;
- „საქართველოს რესპუბლიკასა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1995 წლის 9 იანვრის ხელშეკრულება;
- „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1996 წლის 8 მარტის ხელშეკრულება;
- „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების შესახებ“ 1996 წლის 4 ივნისის ხელშეკრულება;
- „საქართველოსა და თურქმენეთს შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების შესახებ“ 1996 წლის 20 მარტის ხელშეკრულება;
- „საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1996 წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულება;
- „საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1996 წლის 28 მაისის ხელშეკრულება;
- „ჩეხოსლოვაკიის სოციალისტურ რესპუბლიკასა და საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1982 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულება;
- „კვიპროსის რესპუბლიკასა და საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1984 წლის ხელშეკრულება.
4. რა უნდა დაერთოს განცხადებას?
სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობა უნდა დაიწეროს როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ისე იმ უცხო სახელწმიფოს კომპეტენტური ორგანოების სახელზე, რომელსაც ეგზავნება თხოვნა. თხოვნა უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების სახელზე უნდა შესრულდეს რუსულ ენაზე. მოთხოვნა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) თხოვნის მიმღები ორგანოს დასახელება;
ბ) თხოვნის გამგზავნი ორგანოს დასახელება;
გ) საქმის დასახელება, რომლის შესახებაც მოითხოვება ს4.ამართლებრივი დახმარება;
დ) მხარეების, მოწმეთა და სხვა შესაბამის პირთა სახელები და გვარები, მათი საცხოვრებელი ადგილი და ადგილსამყოფელი, მოქალაქეობა, იურიდიულ პირთათვის – მათი დასახელება და მისამართი;
ე) „დ“ პუნქტში ხსენებულ პირთა წარმომადგენლების არსებობისას – მათი სახელები, გვარები და მისამართები;
ვ) შუამდგომლობის შინაარსი, ასევე, მის შესასრულებლად აუცილებელი სხვა ცნობები.
დოკუმენტის გადაცემის შესახებ შუამდგომლობაში, ასევე, მითითებული უნდა იყოს მიმღების ზუსტი მისამართი და გადასაცემი დოკუმენტის დასახელება.
შუამდგომლობას ხელი ეწერება და მოწმდება თხოვნის გამგზავნი დაწესებულების გერბიანი ბეჭდით.
5. რა ენაზე უნდა იყოს წარმოდგენილი შუამდგომლობა?
შუამდგომლობას თანუნდა დაერთოსრუსულ ენაზეოფიციალურად დამოწმებულითარგმანები.
6. რა ფორმით ხდება მასალების ჩაბარების დადასტურება?
პასუხი შუამდგომლობის შესრულების შესახებ უბრუნდება შუამდგომლობის გამომგზავნ მხარეს მასალების ჩაბარების შესახებ თანდართულ ფორმასთან ერთად, რომელიც ივსება რუსულ ენაზე ან რუსულ ენაზე ოფიციალურად დამოწმებული თარგმანით.
7. რა ვადაში ხდება შუამდგომლობის შესრულება?
სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობის შესრულებისას თხოვნის მიმღები დაწესებულება ხელმძღვანელობს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობით. კონვენციით არ არის განსაზღვრული კონკრეტული ვადა, რომლითაც სახელმწიფოები შეზღუდული არიან შუამდგომლობის შესრულებისას. კონვენცია ხელშემკვრელი სახელმწიფოების ცენტრალური ორგანოების სამოქმედო ვადას არ ადგენს და საქართველოს ცენტრალური ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას, რომ კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს განუსაზღვროს საქმის განხილვის ვადა. საქართველოს ცენტრალურ ორგანოს შეუძლია, გამოიყენოს შეხსენების მექანიზმი და უწყვეტ რეჟიმში მიიღოს განახლებული ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით.
8. ვის ეკისრება შუამდგომლობის შესასრულებლად საჭირო ხარჯების გადახდის ვალდებულება?
თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები და მის ტერიტორიაზე მცხოვრები პირები თავისუფლდებიან სასამართლო და სანოტარო ბაჟისა და ხარჯების გადახდისგან, ასევე, სარგებლობენ უფასო იურიდიული დახმარებით.
თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე არ ითხოვს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისათვის გასაწევი ხარჯების ანაზღაურებას. ხელშემკვრელი მხარეები თავად დაფარავენ ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა მათ ტერიტორიაზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, იხილეთ კონვენციის ტექსტი. ტელ.: (+995 32) 2 40 59 89; ელფოსტა: info@justice.gov.ge
„სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ ჰააგის 1965 წლის კონვენცია
კონვენციის მიზანი
ჰააგის 1965 წლის კონვენცია იძლევა სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების ადრესატისთვის გადაცემის შესაძლებლობას კონვენციის მონაწილე ქვეყნის ტერიტორიაზე.
კონვენცია ვრცელდება ყველა სამოქალაქო ან კომერციულ საქმეზე, სადაც საჭირო ხდება სასამართლო ან არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ადრესატისთვის ჩაბარება. ეს კონვენცია არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც უცნობია იმ ადამიანის მისამართი, რომელსაც უნდა ჩაჰბარდეს დოკუმენტი.
1. რომელი სახელმწიფოები არიან კონვენციის მხარეები?
კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოების შესახებ ინფორმაცია და განახლებული სია ხელმისაწვდომია ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.hcch.net).
2. ვინ არის შუამდგომლობის წარდგენაზე უფლებამოსილი პირი?
შუამდგომლობის გამგზავნი სახელმწიფოს კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანო ან სასამართლო მოხელე უგზავნის შუამდგომლობის მიმღები სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს შუამდგომლობას, კონვენციის დანართში წარმოდგენილი მოდელის შესაბამისად.
3. რა უნდა დაერთოს შუამდგომლობას?
შუამდგომლობა წარდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ფორმით. შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს ჩასაბარებელი დოკუმენტი ან მისი ასლი. შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად.
4. რა ენაზე უნდა იყოს წარმოდგენილი შუამდგომლობა?
ენის გამოყენებასთან დაკავშირებული წესები შესაძლოა, განსხვავებული იყოს სახელმწიფოს მიერ გაკეთებული დათქმების შესაბამისად. იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული შუამდგომლობის შესრულების დაყოვნება, რომელიც დაკავშირებულია ცენტრალური ორგანოს მიერ შუამდგომლობის დაბრუნებასთან არასწორი ენის გამოყენების გამო, სასურველია, ენის შესახებ წესები და სახელმწიფოს მიერ გაკეთებული დათქმები წინასწარ, შუამდგომლობის გაგზავნამდე გადამოწმდეს ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.hcch.net.
შესაბამისად, შუამდგომლობისა და დანართად წარმოდგენილი დოკუმენტების წარდგენისას უნდა შემოწმდეს იმ სახელმწიფოს მიერ კონვენციის მიზნებისთვის გამოსაყენებელ ენასთან დაკავშირებული დათქმები, რომელსაც ეგზავნება შუამდგომლობა.
5. რა ფორმით უნდა შესრულდეს შუამდგომლობა?
შუამდგომლობის მიმღები სახელმწიფოს ცენტრალურმა ორგანომ ან ნებისმიერმა ორგანომ, რომელიც შეიძლება ამ მიზნისთვის იყოს დადგენილი, უნდა შეავსოს ჩაბარების სერტიფიკატი.
შუამდგომლობის მიმღები სახელმწიფოს ცენტრალური ორგანო თავად ჩააბარებს ან უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანოს მიერ დოკუმენტის ჩაბარებას:
ა) თავისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, რომელიც არეგულირებს შიდასახელმწიფოებრივი სამართალწარმოებისას ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის დოკუმენტების ჩაბარებას;
ან
ბ) განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი განსაკუთრებული წესით, თუ იგი არ ეწინააღმდეგება შუამდგომლობის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობას. დოკუმენტის ჩაბარება ყოველთვის ხდება ადრესატისთვის მიწოდებით, რომელიც მას ნებაყოფლობით მიიღებს.
იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის ჩაბარება უნდა მოხდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ცენტრალური ორგანო უფლებამოსილია, მოითხოვოს დოკუმენტი, ან მისი თარგმანი შესრულებული იყოს დავალების მიმღები სახელმწიფოს ოფიციალურ სახელმწიფო ენაზე ან რამდენიმე სახელმწიფო ენიდან ერთ-ერთზე.
6. აქვს თუ არა სახელმწიფოს უფლება, უარი თქვას შუამდგომლობის შესრულებაზე?
ცენტრალურ ორგანოს შეუძლია, უარი თქვას მოთხოვნის შესრულებაზე, თუ ცენტრალური ორგანო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არ აკმაყოფილებს კონვენციის ფორმალურ და არსებით მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩაბარების თაობაზე დავალება აკმაყოფილებს წინამდებარე კონვენციის პირობებს, დავალების მიმღებ სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი თქვას მის შესრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მიიჩნევს, რომ შესრულება საფრთხეს უქმნის მის სუვერენიტეტს ან უსაფრთხოებას. სახელმწიფოს არ აქვს უფლება, უარი თქვას შესრულებაზე მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად მას აქვს დავის საგანზე განსაკუთრებული განსჯადობა ან/და შიდა კანონმდებლობის თანახმად სარჩელი დავის საგანზე დაუშვებელია.
უარის შემთხვევაში, ცენტრალურმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს განმცხადებელს და სახელმწიფოს უარის მიზეზი.
7. რა არის სასამართლო მასალების ჩაბარებისსერტიფიკატი და სავალდებულოა თუ არა მისი გამოყენება?
კონვენცია დანართად ითვალისწინებს სასამართლო მასალების ჩაბარების ნიმუშის ფორმას, რომლის გამოყენებაც სავალდებულოა.
სერტიფიკატში უნდა მიეთითოს დოკუმენტის ჩაბარების ფაქტი, საქმის შინაარსი, ჩაბარების წესი, ადგილი და თარიღი, ასევე, პიროვნება, რომელსაც დოკუმენტი ჩაჰბარდა. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის ჩაბარება არ მოხდა, სერტიფიკატში უნდა აღინიშნოს მიზეზი, რომლის გამოც ვერ მოხერხდა მასალების ადრესატისთვის ჩაბარება.
8. რა ფორმალობები ვრცელდება წარსადგენ დოკუმენტებზე?
კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შუამდგომლობა არ საჭიროებს ლეგალიზაციას ან სხვა ეკვივალენტურ ფორმალობებს (მაგ.: აპოსტილს).
9. რა ვადაში ხდება შუამდგომლობის შესრულება?
იმ შემთხვევაში, როდესაც, წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესაბამისად, უწყება ან თანაბარი ძალის მქონე დოკუმენტი ჩაბარების მიზნით უნდა გაგზავნილიყო საზღვარგარეთ და მოპასუხე არ გამოცხადდა, სასამართლო გადაწყვეტილება არ უნდა იქნეს მიღებული, სანამ არ დადგინდება შემდეგი:
ა) დოკუმენტის ჩაბარება მოხდა დავალების მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელიც არეგულირებს შიდასახელმწიფოებრივი სამართალწარმოებისას ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის დოკუმენტების ჩაბარებას,
ან
ბ) ნამდვილად მოხდა დოკუმენტის მიწოდება მოპასუხისთვის ან მის საცხოვრებელ ადგილას ამ კონვენციით განსაზღვრული სხვა წესით,
და ნებისმიერ აღნიშნულ შემთხვევაში, ჩაბარება ან მიწოდება განხორციელდა საკმარისი დროით ადრე, რათა მოპასუხეს შესაგებლის წარდგენის საშუალება მისცემოდა.
ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლება აქვს, დეკლარაციით განაცხადოს, რომ მოსამართლეს, ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, აქვს უფლება, გამოიტანოს გადაწყვეტილება იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ მიუღია ჩაბარების სერტიფიკატი, თუ დაცულია შემდეგი პირობები:
ა) დოკუმენტის ჩაბარება მოხდა ამ კონვენციით გათვალისწინებული ერთ-ერთი წესით,
ბ) დოკუმენტის გადაგზავნის თარიღიდან გავიდა არანაკლებ ექვსთვიანი ვადა, რომელიც მოსამართლემ გონივრულად მიიჩნია კონკრეტულ საქმეზე;
გ) დავალების მიმღები სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს საშუალებით სერტიფიკატის მიღების ყოველი გონივრული მცდელობის გამოყენების მიუხედავად, არანაირი სახის სერტიფიკატი არ მიღებულა.
წინამდებარე პუნქტების დებულებათა მიუხედავად, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მოსამართლეს უფლება აქვს, გამოსცეს სარჩელის უზრუნველყოფის ან დაცვის ღონისძიების შესახებ ბრძანება.
სხვა ორმხრივი ხელშეკრულებები
სხვა ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე სასამართლო მასალების ჩაბარების საკითხები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით (იხ. საქართველოს ორმხრივი ხელშეკრულებების ჩამონათვალი). კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: ტელ.: (+995 32) 2 40 59 89; ელფოსტა: info@justice.gov.ge
1. რა დათქმები აქვს გაკეთებული საქართველოს კონვენციის გამოყენებასთან დაკავშირებით?
საქართველოს მიერ გაკეთებული დათქმები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდზე.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, იხილეთ კონვენციის ტექსტი ან დაგვიკავშირდით; ტელ.: (+995 32) 2 40 59 89; ელფოსტა: intlawdep@justice.gov.ge
მტკიცებულებების მოპოვება
„სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე მტკიცებულებათა საზღვარგარეთ მოპოვების შესახებ“ ჰააგის 1970 წლის კონვენცია
1.რა არის კონვენციის არსი?
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე მტკიცებულებათა საზღვარგარეთ მოპოვების შესახებ“ ჰააგის 1970 წლის კონვენციის ფარგლებში ცენტრალურ ორგანოს. სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლო ორგანოს უფლება აქვს, საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო შუამდგომლობის საშუალებით, მტკიცებულებათა მოსაპოვებლად ან სხვა სასამართლო მოქმედების შესასრულებლად თხოვნით მიმართოს სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.
შუამდგომლობა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ მტკიცებულებათა მოსაპოვებლად, რომლებიც უკვე მიმდინარე ან მოსალოდნელი სამართალწარმოებისათვის არ არის საჭირო.
2. რომელი სახელმწიფოები არიან კონვენციის მხარეები?
კონვენციის ხელმომწერ ორ სახელმწიფოს შორის კონვენციის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კონვენციაზე შეერთების აღიარება (აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
3. რა ინფორმაცია უნდა ახლდეს შუამდგომლობას?
სასამართლოს შუამდგომლობაში მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:
ა) ორგანო, რომელიც სასამართლო შუამდგომლობის შესრულებას ითხოვს და ორგანო, რომელსაც ეთხოვა სასამართლო შუამდგომლობის შესრულება, თუ ასეთი ორგანო მომთხოვნი ორგანოსთვის ცნობილია;
ბ) სასამართლო წარმოების მონაწილე მხარეებისა და მათი წარმომადგენლების, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სახელები და მისამართები;
გ) იმ სასამართლო წარმოების ხასიათი, რომლისთვისაც მოითხოვება მტკიცებულება, და ამ წარმოებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია;
დ) მტკიცებულება, რომლის მოპოვებაც უნდა მოხდეს ან სასამართლო მოქმედება, რომელიც უნდა შესრულდეს. საჭიროების შემთხვევაში, შუამდგომლობაში ყველაფერთან ერთად მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:
დ.ა) იმ პირების სახელები და მისამართები, რომლებსაც ჩვენება უნდა ჩამოერთვას;
დ.ბ) კითხვები, რომლებიც დასაკითხ პირს უნდა დაესვას ან იმ დავის საგნის აღწერა, რომლის შესახებ ის უნდა დაიკითხოს;
დ.გ) დოკუმენტები ან სხვა საკუთრება, უძრავი ან მოძრავი ქონება, რომელიც უნდა შემოწმდეს;
დ.დ) მოთხოვნა, რომ ჩვენება პირს ჩამოერთვას ფიცის ქვეშ ან უტყუარობის დამადასტურებელი სხვა ფორმით, და ნებისმიერი სხვა ფორმა, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული;
დ.ე) განსაკუთრებული მეთოდი ან პროცედურა, რომელიც უნდა იქნეს დაცული კონვენციის შესაბამისად.
4. რა ენაზე უნდა იყოს წარმოდგენილი შუამდგომლობა?
სასამართლო შუამდგომლობა უნდა იყოს შედგენილი იმ ორგანოს სახელმწიფო ენაზე, რომელსაც ეთხოვა შუამდგომლობის შესრულება, ან მას თან უნდა დაერთოს ამ ენაზე შესრულებული თარგმანი. თუმცა, ხელშემკვრელი სახელმწიფო მიიღებს შუამდგომლობას, შედგენილს ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე, ან ამ ენებიდან ერთ-ერთზე შესრულებულ თარგმანს, თუ მას კონვენციის 33-ე მუხლის შესაბამისად ამასთან დაკავშირებით დათქმა არ გაუკეთებია.
5. აქვს თუ არა სახელმწიფოს უფლება, უარი თქვას შუამდგომლობის შესრულებაზე?
სასამართლოს შუამდგომლობის შესრულებაზე შეიძლება უარი ითქვას მხოლოდ იმ მოცულობით, რამდენადაც:
ა) შუამდგომლობის შემსრულებელ სახელმწიფოში კონკრეტული შუამდგომლობის შესრულება არ შედის სასამართლო ხელისუფლების ფუნქციაში;
ან
ბ) შუამდგომლობის მიმღები სახელმწიფო თვლის, რომ შუამდგომლობის შესრულება საფრთხეს უქმნის მის სუვერენიტეტსა და უშიშროებას.
დაუშვებელია შუამდგომლობის შესრულებაზე უარი მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ შუამდგომლობის შემსრულებელი სახელმწიფოს განცხადებით მას აქვს დავის საგანზე განსაკუთრებული განსჯადობა შიდა კანონმდებლობის თანახმად ან/და შიდა კანონმდებლობის თანხმად სარჩელი დავის საგანზე დაუშვებელია.
უცხო სახელმწიფოდან სამოქალაქო მდგომარეობის შესახებ დოკუმენტებისა და სხვა დოკუმენტების გამოთხოვა
უცხო სახელმწიფოდან სამოქალაქო მდგომარეობის შესახებ და სხვა დოკუმენტების გამოთხოვას ითვალისწინებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის 1993 წლის კონვენცია და შესაბამისი ორმხრივი შეთანხმებები.
შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის მითითებით შესაძლებელია სხვა სახელმწიფოდან შედეგი სახის დოკუმენტების გამოთხოვა: სამოქალაქო მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის მოწმობა; დოკუმენტები განათლების, შრომითი სტაჟის შესახებ და სხვა დოკუმენტები, რომლებიც ეხება თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეთა ან მის ტერიტორიაზე მცხოვრებ სხვა პირთა პირად ან ქონებრივ უფლებებს. აღნიშნულ შემთხვევაში განმცხადებელმა წერილში უნდა მიუთითოს საკუთარი პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები, შუამდგომლობის ადრესატის დასახელება და მისამართი, შუამდგომლობის არსი და მოთხოვნილი დოკუმენტები. სხვისი სახელით განცხადების გაკეთების შემთხვევაში, პირმა უნდა წარმოადგინოს უფლებამოსილების დამადასტურებული დოკუმენტი, დამოწმებული სანოტარო წესით.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, იხილეთ კონვენციის ტექსტი. ან დაგვიკავშირდით: ტელ.: (+995 32) 2 40 59 89; ელფოსტა: info@justice.gov.ge
ცნობა და აღსრულება
1. რა გზით არის შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება?
საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება შესაძლებელია სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი დახმარების სფეროში საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების, მათ შორის, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა და საქართველოსა და სხვა სახელმწიფოებს შორის ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში, ასევე, ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების უცხო სახელმწიფოში ცნობა-აღსრულების პროცედურის ინიცირებისთვის დაინტერესებულმა მხარემ უნდა მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც შესაბამისი ხელშეკრულების ფარგლებში განსაზღვრულ ცენტრალურ ორგანოს, ან უშუალოდ კონკრეტული სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელმაც უნდა ცნოს ან აღასრულოს გადაწყვეტილება. დაინტერესებული მხარის შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს:
- სასამართლო გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი;
- ოფიციალური დოკუმენტი (სააღსრულებო ფურცელი), რომელიც ადასტურებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში (თარიღის მითითებით) და ექვემდებარება აღსრულებას ან არ შესულა ძალაში, მაგრამ ძალაში შესვლამდე უნდა აღსრულდეს;
- ცნობა, რომ სასამართლო გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, არ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება (გაიცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ);
- დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია გადაწყვეტილება და რომელიც არ დასწრებია პროცესს, ან სათანადოდ არ იქნა წარმოდგენილი, თუმცა, სათანადო დროსა და წესით იქნა მოწვეული პროცესზე;
- ნაწილობრივი აღსრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში).
წარმოდგენილ დოკუმენტებს თან უნდა დაერთოს დამოწმებული თარგმანი შუამდგომლობის განმხილველი სახელმწიფოს ან ხელშეკრულებით შეთანხმებულ სხვა ენაზე.
სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების პროცესი რეგულირდება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს ცნობა და აღსრულება.
აღსანიშნავია, რომ მხარეს ცენტრალური ორგანოსგან დამოუკიდებლად შეუძლია, მიმართოს სხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხთან დაკავშირებით.
2. უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება საქართველოს ტერიტორიაზე
ზემოაღნიშნული წესის მიხედვით ხდება საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის კომპეტენტური სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება. ცენტრალური ორგანო ამოწმებს წარმოდგენილ განაცხადსა და თანდართულ დოკუმენტებს. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისთვის განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად. ყველა საჭირო დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, შუამდგომლობა ეგზავნება საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის მიზნით. უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების ცნობის შემთხვევაში გადაწყვეტილება ეცნობება სსიპ „აღსრულების ეროვნულ სააგენტოს“, რომელიც წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოს.
3. ვის აქვს უფლება, მომართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თხოვნით?
საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თხოვნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეუძლია, მომართოს კომპეტენტურმა სასამართლომ, სსიპ „აღსრულების ეროვნულმა ბიურომ“ ან დაინტერესებულმა მხარემ.
Geo
Eng