ცხელი ხაზი2 405 505

ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინება

2024 წლის პირველი სექტემბრიდან საქართველოსთვის ძალაში შევიდა „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენცია (შემდგომ – „ჰააგის 2007 წლის კონვენცია“).

„ჰააგის 2007 წლის კონვენციის“ ცენტრალურ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, შესაბამისად, ცენტრალური ორგანოს ფუნქციებს ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტი.

აღნიშნულ კონვენციასა და მის დამატებით ოქმთან შეერთების ვალდებულება გამომდინარეობს საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგიდან.

ხშირად დასმული კითხვები

1.რას არეგულირებს „ჰააგის 2007 წლის კონვენცია“?

კონვენცია ვრცელდება მშობელსა და არასრულწლოვან შვილს ან/და მეუღლეებს შორის არსებულ რჩენის ვალდებულებებზე.

სასამართლო კონვენციის ფარგლებში უფლებამოსილია, განიხილოს:

ა) კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობის ან ცნობისა და აღსრულების საკითხი;

ბ) კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოდიფიკაციის შესახებ სასარჩელო განცხადება;

გ) რჩენის ვალდებულების შესახებ სასარჩელო განცხადება.

2. რა სახის ურთიერთობებზე ვრცელდება კონვენცია?

კონვენცია და დამატებითი ოქმი ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:

  • შვილების მიერ მშობლებისთვის ალიმენტის გადახდა;
  • მშობლების მიერ შვილისთვის ალიმენტის გადახდა;
  • ერთ-ერთი მეუღლის მიერ მეორე მეუღლისთვის სარჩოს გადახდა;
  • შვილიშვილების მიერ თავიანთი (დიდი) ბებია-ბაბუისთვის სარჩოს გადახდა;
  • (დიდი) ბებია-ბაბუის მიერ შვილიშვილისთვის სარჩოს გადახდა.

3. კონვენციის გამოყენების ფარგლები

კონვენცია გამოიყენება მხოლოდ იმ კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შორის, რომლებიც გახდნენ კონვენციის მხარე კონვენციის ხელმოწერის, მიღების ან დამტკიცების თაობაზე მეორე სარატიფიკაციო სიგელის დეპონირებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს. კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ჩამონათვალი, ამ სახელმწიფოებისთვის კონვენციის ძალაში შესვლის თარიღებთან ერთად, შეგიძლიათ, იხილოთ ჰააგის კონფერენციის ვებგვერდზე: ჰიპერლინკი.

4. რა ასაკის ბავშვებზე ვრცელდება კონვენცია?

კონვენცია ითვალისწინებს ბავშვის რჩენის ვალდებულებას 21 წლამდე, თუმცა, ეს ასაკი ქვეყნების მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს. კონვენციის 62-ე მუხლის შესაბამისად, საქართველო იტოვებს უფლებას, შეზღუდოს კონვენციის გამოყენება მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში. ამდენად, საქართველოს მიმართ კონვენცია გამოიყენება იმ საალიმენტო ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოიშობა მშობელსა და 18 წლამდე შვილს შორის არსებული ურთიერთობიდან.

5. ვინ შეიძლება იყოს განმცხადებელი?/ვის აქვს განაცხადის შეტანის უფლება?

კონვენციის ან ოქმის მიზნებისთვის განმცხადებელი შეიძლება იყოს კრედიტორი, მოვალე ან საჯარო ორგანო.

კონვენციის ფარგლებში შუამდგომლობის წარმოსადგენად აუცილებელი არ არის, რომ პირი იყო საქართველოს მოქალაქე.

კონვენციის გამოყენება შესაძლებელია:

  • თუ განმცხადებელი ცხოვრობს საქართველოში და მოპასუხე ცხოვრობს ჰააგის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში;
  • თუ განმცხადებელი ცხოვრობს ჰააგის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში და მოპასუხე ცხოვრობს საქართველოში;
  • თუ განმცხადებელი ცხოვრობს ჰააგის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ხოლო მოპასუხეს ფინანსური აქტივები აქვს კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

შესაბამისად, კონვენცია მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ორივე ქვეყანა (კრედიტორის და დებიტორის საცხოვრებელი/აქტივების ადგილები) არის კონვენციის ხელშემკვრელი მხარე.

6. რა სახის შუამდგომლობის წარდგენა შეუძლია კრედიტორს კონვენციის ფარგლებში?

კრედიტორს ალიმენტის გადახდევინების საკითხთან დაკავშირებით, კონვენციის ფარგლებში, თხოვნის შემსრულებელ სახელმწიფოში შეუძლია, წარადგინოს შემდეგი ტიპის განცხადებები:

  • შუამდგომლობის გამგზავნი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობის ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განაცხადი;
  • შუამდგომლობის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული ან ცნობილი გადაწყვეტილების აღსრულება;
  • განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, როდესაც ამ საქმეზე ჯერ არ არსებობს გადაწყვეტილება, საჭიროების შემთხვევაში, მშობლობის დადგენის ჩათვლით;
  • განაცხადი სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შესახებ, როდესაც გადაწყვეტილება არსებობს, მაგრამ მისი ცნობა ან აღსრულება შეუძლებელია, ან როდესაც მე-20 მუხლის შესაბამისად, ცნობისა და აღსრულების საფუძვლის არარსებობის გამო, ან 22-ე მუხლის ბ) და ე) ქვეპუნქტებში მითითებული საფუძვლებით ამ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარყოფითი გადაწყვეტილებაა მიღებული;
  • გადაწყვეტილების მოდიფიკაცია, რომელიც მიღებულია იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანის მიერ, რომელსაც ეგზავნება შუამდგომლობა;
  • ცვლილების შეტანა იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც მიღებულია უცხო ქვეყნაში, გარდა თხოვნის მიმღები ქვეყნისა.

კრედიტორი კონვენციის ფარგლებში უფლებამოსილია, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, მშობლობის დადგენის თაობაზე მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს რჩენის ვალდებულებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანა.

7. რა სახის განაცხადის გაკეთება შეუძლია მოვალეს კონვენციის ფარგლებში?

მოვალეს, რომლის მიმართაც ალიმენტის დაკისრების საკითხზე გამოტანილია გადაწყვეტილება, შეუძლია, შუამდგომლობის გამგზავნ სახელმწიფოში წარადგინოს შემდეგი განაცხადები კონვენციის შესაბამისად:

  • განცხადება კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე, ასევე, გადაწყვეტილების ცნობის ან მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურების განხორციელების თაობაზე განცხადება, რომელიც იწვევს თხოვნის მიმღებ სახელმწიფოში წინა გადაწყვეტილების შეჩერებას ან მისი აღსრულების ფარგლების შეზღუდვას;
  • განცხადება ცვლილების შეტანის თაობაზე იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც გამოტანილია ამავე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელსაც ეგზავნება შუამდგომლობა;
  • გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე განცხადება, რომელიც მიღებულია უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ.

8. როგორ უნდა გააკეთოს განმცხადებელმა განცხადება?

თხოვნის მიმღებ სახელმწიფოში განცხადების წარდგენა უნდა მოხდეს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მეშვეობით, რომელ ქვეყანაშიც ცხოვრობს განმცხადებელი. ამ დებულების მიზნებისათვის ბინადრობა არ ნიშნავს ამ ტერიტორიაზე დროებით ყოფნას.

9. რა ენაზე უნდა იყოს წარმოდგენილი შუამდგომლობა?

კონვენციის ფარგლებში გაგზავნილი განცხადება და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი უნდა იყოს წარმოდგენილი ორიგინალ ენაზე და თან ახლდეს თარგმანი თხოვნის მიმღები სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე ან სხვა ენაზე, რომელიც მისაღებია თხოვნის მიმღები სახელმწიფოსთვის. (იხილეთ ვებსაიტი ჰააგის კონვენციის ფორმების ვერსიებისთვის.

10. რა ხარჯებთან არის დაკავშირებული განცხადების გაკეთება?

განმცხადებელი თავისუფალია საქმის წარმოების დაწყებასთან დაკავშირებული ხარჯებისგან, გარდა კონვენციით გათვალისწინებული გამონაკლისი ხარჯებისა, რომლებიც სპეციფიკური ზომების მოთხოვნის საფუძველზე წარმოიშობა. ასეთი ხარჯების შესახებ განმცხადებელს ეცნობება წინასწარ.

11. რა შემთხვევაში შეიძლება ეთქვას უარი განმცხადებელს განაცხადის განხილვაზე?

თხოვნის მიმღებ ცენტრალურ ორგანოს უფლება აქვს უარი თქვას განცხადების განხილვაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა, რომ განცხადება არ შეესაბამება კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს.

12. რა როლი აქვს ცენტრალურ ორგანოს?

ცენტრალური ორგანო კონვენციით გათვალისწინებული მიზნების მიღწევის მიზნით კოორდინაციას უწევს თანამშრომლობას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. ის უზრუნველყოფს ალიმენტის გადახდასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესების ეფექტურ და თანმიმდევრულ მართვას. ცენტრალური ორგანო იღებს და ადასტურებს განაცხადებს, ამოწმებს მათ შესაბამისობას კონვენციასა და საქართველოს კანონმდებლობასთან, უზრუნველყოფს განაცხადის შემდგომ კომპეტენტურ ორგანოებთან გადაგზავნას და ხელს უწყობს საქმის ეფექტურ წარმოებას, საჭიროების შემთხვევაში, იღებს სპეციალურ ზომებს; განმცხადებელსა და მოპასუხეს აწვდის ინფორმაციას საქმის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.

13. სად შეიძლება დაინტერესებულმა პირმა ნახოს საქართველოს მიერ კონვენციაზე გაკეთებული შესაბამისი დეკლარაციები და დათქმები?

საქართველოს მიერ გაკეთებული დათქმები და დეკლარაციები შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგ ბმულზე.

14. სავალდებულოა თუ არა, განმცხადებელს ჰყავდეს ადვოკატი?

არა. სამართლებრივი საშუალებების ეფექტური წვდომის მიზნით თხოვნის მიმღები სახელმწიფო უზრუნველყოფს უფასო სამართლებრივ დახმარებას, გარდა კონვენციით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. თხოვნის მიმღები სახელმწიფო არ არის ვალდებული, უზრუნველყოს უფასო იურიდიული დახმარება იმ შემთხვევაში, თუ ამ სახელმწიფოში არსებული სამართლებრივი საშუალებების ფარგლებში განმცხადებელს შეუძლია, წარმართოს საქმე ასეთი დახმარების გარეშეც და ამავე დროს, თუ ცენტრალური ორგანო უზრუნველყოფს საჭირო მომსახურების უფასოდ გაწევას. განმცხადებლის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია, საქმეში ჩაერთოს ადვოკატი. აღსანიშნავია, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ სასამართლოში განმცხადებლის ინტერესების დაცვისა და სასამართლოს წინაშე წარმომადგენლობისთვის შესაძლოა უფასო იურიდიული დახმარების თხოვნით ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის მიმართვა, ხოლო საქართველოში მიმდინარე საქმის წარმოების ფარგლებში უფასო იურიდიული დახმარების თაობაზე უნდა მიმართოთ იურიდიული დახმარების სამსახურს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ცენტრალური ორგანოს მიერ უცხო ქვეყანაში განაცხადის გადაგზავნა უფასოა. იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის კომპეტენტური სასამართლო განიხილავს საქმეს, სასამართლო ხარჯების ანაზღაურების საკითხი თითოეული ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად რეგულირდება.