ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 31 ივლისი, 2024
გაზიარება

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს, ქალბატონ ნილაქში საჰა სინჰას შეხვდა

ბექა ძამაშვილმა ინდოეთის ელჩს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. საუბარი შეეხო პარტნიორ სახელმწიფოებთან სამართლებრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროში; ინოვაციურ პროექტებს სახელმწიფო სერვისების მიწოდების მიმართულებით და განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს პენიტენციურ სისტემაში;

შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ ინიციატივებზე;

მინისტრის მოადგილემ ინდოეთის ელჩი მოიწვია გაერო-ს სახელმწიფო სერვისების ფორუმზე, რომელსაც 2026 წელს საქართველო უმასპინძლებს;

ინდოეთის ელჩთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ადვოკატთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ადვოკატთა ასოციაციის საიუბილეო დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. ღონისძიების მთავარი თემაა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში საადვოკატო საქმიანობის განვითარება.

იუსტიციის მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ადვოკატის პროფესიასთან ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი აკავშირებს, რაც დღემდე განსაზღვრავს მის დამოკიდებულებას ამ პროფესიაში მყოფი ადამიანების მიმართ.

„ადვოკატის საქმიანობის ცენტრში ყოველთვის ადამიანია - თავისი უფლებებით, პრობლემებითა და სამართლიანობის მოლოდინით. თითოეული საქმე, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმით და კეთილსინდისიერებით არის წარმართული, აძლიერებს რწმენას, რომ ადამიანს შეუძლია საკუთარი უფლებების დაცვა და მისი ხმა მართლმსაჯულების პროცესში სათანადოდ იქნება გაგონილი“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

პაატა სალიამ იუსტიციის სამინისტროსა და ადვოკატთა კორპუსის თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ხარისხიანი და განჭვრეტადი კანონმდებლობა, სამართლებრივი უსაფრთხოება და იურიდიულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა ის მიმართულებებია, რომლებზე მუშაობის პროცესშიც უფლებადამცველების პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

„იუსტიციის სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას. ამ ურთიერთობის საფუძველი უნდა იყოს ერთმანეთის როლისა და დამოუკიდებლობის პატივისცემა, მოსაზრებების ღია გაცვლა და საერთო საკითხებზე თანმიმდევრული მუშაობა… ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგი ადამიანმა საკუთარი უფლებების უკეთ დაცვაში უნდა იგრძნოს“, - აღნიშნა პაატა სალიამ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების ხელმძღვანელები.

გაზიარება
ბეჭდვა

გაერო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია უცხოელ კოლეგებს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია უცხოელ კოლეგებს შეხვდა. შეხვედრები საჯარო მმართველობის ინოვაციების გაერო-ს სამიტის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციები მონაწილეობენ.

გაერო-ს საჯარო მმართველობის ექსპერტთა კომიტეტის წევრ როლფ ალტერთან იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება გაერო-ს მდგრადი განვითარების პრინციპებისადმი და აღნიშნა, რომ გაერო-ს ექსპერტთა კომიტეტსა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანი მექანიზმია თანამედროვე და ინკლუზიური საჯარო ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესში.

საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პარასკევ ხარალამპოგიანთან ლანა მორგოშიამ ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები განიხილა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმატებულ ინოვაციებზე, რომლებმაც მოქალაქეებისთვის საჯარო სერვისები უფრო ხელმისაწვდომი გახადა.

სლოვაკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, რეგიონული განვითარებისა და ინფორმატიზაციის სამინისტროს გენერალურ მდივან იან გაიდოშთან შეხვედრის ძირითადი თემა იყო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება ინსტიტუციური მოდერნიზაციისა და ციფრული მმართველობის მიმართულებით. საუბარი შეეხო ქართულ ინოვაციებს - იუსტიციის სახლებს, მობილურ იუსტიციის სახლს, მომსახურების ერთიან პორტალს, აგრეთვე, ინოვაციურ სერვისს „გონიერი კონტრაქტი“.

შეხვედრებს ესწრებოდნენ იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, იუსტიციის სახლისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, აგრეთვე, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გიორგი ზაქარაშვილი.