მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია შეიქმნა 2010 წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის N314-ე დადგენილების საფუძველზე. იგი არის მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. კომისიას, რომელიც აერთიანებს 9 სახელმწიფო უწყებას, თავმჯდომარეობს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო თანათავმჯდომარეა შინაგან საქმეთა სამინისტრო.
კომისია თავისი არსებობის მანძილზე იქცა მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მთავარ პლატფორმად და სხვადასხვა უწყებაში გადანაწილებული კომპეტენციების კოორდინირების ეფექტიან ინსტრუმენტად. ამ მიზნით, კომისიას ანალიტიკურსა და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ევროკავშირის მხარდაჭერით მოქმედი სამდივნო.
საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურების მიზნით, კომისიის ფარგლებში ჩამოყალიბდა თემატური ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ – სტრატეგიულ, საკანონმდებლო და კვლევით მიმართულებებზე, რეინტეგრაცია-ინტეგრაციის საკითხებზე, მოქალაქეობის არმქონეობის შემცირებაზე, მიგრაციის მონაცემთა დამუშავებასა და რისკების ანალიზზე. ამასთან, 2021 წლის მარტში ევროკომისიასა და საქართველოს შორის გაფორმდა სამუშაო შეთანხმება, რომლის ძალითაც საქართველოს მიენიჭა დამკვირვებლის სტატუსი მიგრაციის ევროპულ ქსელში. ეროვნულ დონეზე ქსელის საკონტაქტო რგოლის ფუნქციას ასრულებს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო.
ამავდროულად, კომისიის დამატებითი ექსპერტიზით უზრუნველყოფისა და თანამშრომლობის ფორმატის განვითარების მიზნით, 2013 წელს კომისიაში საკონსულტაციო სტატუსი მიენიჭა მიგრაციის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ კომისიის სამდივნოსთან, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი თემატური გადაფარვების აღმოფხვრასა და არსებული რესურსების მიზნობრივ მართვას.
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.