სიახლეები

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება
იუსტიციის სამინისტრო 2022 წლიდან ახორციელებს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო მოქალაქეებს უსასყიდლოდ ურეგისტრირებს როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ, ისე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებს.
მიმდინარე რეფორმის ამ დროისათვის არსებული შედეგები იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზაზე გამართულ ღონისძიებაზე შეაჯამეს. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ; პრეზენტაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ წარადგინა.
პროექტის დაწყებიდან დღემდე აიზომა 1 500 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, ხოლო საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 1 000 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე. გადამზადდა და დასაქმდა 1000-მდე ადამიანი.
წარმატებული შედეგების გათვალისწინებით და იმ მიზნით, რომ სახელმწიფოში არ დარჩეს არცერთი დაურეგისტრირებელი ნაკვეთი, სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. მისი დასრულების შემდეგ შეიქმნება ერთიანი, სრულყოფილი საკადასტრო მონაცემთა ბაზა და საბოლოოდ იდენტიფიცირდება კერძო, სახელმწიფო თუ მუნიციპალური საკუთრება.
ღონისძიების ბოლოს იუსტიციის მინისტრმა სტუმრებს რეფორმის განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკა და ინვენტარი, აგრეთვე - ახლად გახსნილი სასწავლო ცენტრი - სააკაძის სასწავლო ბაზა დაათვალიერებინა.
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შედეგების პრეზენტაციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებულები, იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, რეფორმის მონაწილე უწყებებისა და თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში (GRETA) წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 5 აგვისტოს № 1228 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად წარიმართება.
ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი არის ევროპის საბჭოს სისტემაში მოქმედი დამოუკიდებელ ექსპერტთა ორგანო, რომელიც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულების მონიტორინგს უზრუნველყოფს; ამასთან, საქმიანობის ფარგლებში ექსპერტთა ჯგუფის წევრები მოქმედებენ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად.
კონკურსის შედეგად საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა არჩევნებში, რომელიც 2026 წლის 27 ნოემბერს ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის მხარეთა კომიტეტის 39-ე შეხვედრის ფარგლებში გაიმართება.
საკონკურსო მოთხოვნები განთავსებულია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100421?active=1
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით.
Geo
Eng