ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 22 ნოემბერი, 2023
გაზიარება

საქართველოს დელეგაცია უნგრეთში სახელმწიფო სერვისების გაცემის სპეციფიკას გაეცნო

ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა და მოადგილე ბექა ძამაშვილმა უნგრეთის სახელმწიფოს სერვისების გაცემის ცენტრი მოინახულეს.

ქართულმა მხარემ მასპინძლებს სერვისების გაცემის ქართული გამოცდილება გაუზიარა. საუბარი შეეხო იუსტიციის სახლების კონცეფციას, მობილური იუსტიციის სახლის ინოვაციურ პროექტსა და იუსტიციის სახლების მუშაობას პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც მსჯავრდებულებისათვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას ზრდის.

იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ბუდაპეშტში დღეს დაიწყო. რატი ბრეგაძემ უკვე გამართა შეხვედრა უნგრელ კოლეგასთან. ხვალ ქართული დელეგაცია უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ევროპის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესა და უნგრეთის შს მინისტრს შეხვდება; დაგეგმილია, აგრეთვე, ვიზიტი პენიტენციურ დაწესებულებაში.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

პრობაციის ბიუროს ოზურგეთის ოფისის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ოზურგეთში პრობაციის ბიუროს ოფისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. სრულად რეაბილიტირებული შენობა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლაშა მაღრაძემ და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი საჯაიამ დაათვალიერეს.

„განახლებული ინფრასტრუქტურა ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს, პრობაციის სერვისები თანამედროვე, კომფორტულ სივრცეში მიიღონ, თანამშრომლებს კი, მათზე მორგებული სამუშაო სივრცით უზრუნველყოფს, რაც მათზე დაკისრებული ამოცანების წარმატებით შესრულებას განაპირობებს. ოზურგეთის პრობაციის ბიუროს რეაბილიტაცია სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან შეხვედრაც გამართეს. საუბარი შეეხო სამუშაო პროცესის მიმდინარეობას, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.

გაზიარება
ბეჭდვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იუსტიციის სამინისტრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სასწავლო პროგრამების დანერგვა-განხორციელების მიმართულებით კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

მემორანდუმი ითვალისწინებს 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ორი ახალი სასწავლო პროგრამის დანერგვას: მიწის სამართალი და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამართლებრივი მექანიზმები.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები იმუშავებენ როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან, ისე იუსტიციის სამინისტროს მენტორებთან; მოეწყობა ერთობლივი სამუშაო სემინარები, კონფერენციები, ტრენინგები და დისკუსიები აქტუალურ იურიდიულ საკითხებზე. თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება, აგრეთვე, სწავლების პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერება – სტუდენტებისათვის სტაჟირებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობის შექმნა.

მემორანდუმის მიზანია თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტსა და იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრს შორის სასწავლო-სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მხარდაჭერა და კვალიფიციური პროფესიონალების აღზრდა.

სამომავლოდ მხარეები პროგრამების თემატიკის გაფართოებას გეგმავენ. არსებულ პროგრამებს დაემატება კურსები ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი ასპექტების შესახებ.