ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 06 ოქტომბერი, 2025
გაზიარება

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობდა

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობდა.

სხდომაზე კომისიის წევრებმა ისაუბრეს 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგის შედეგებსა და არჩევნების მიმდინარეობისას განვითარებულ პროცესებზე. ყურადღება გამახვილდა, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, შეუფერხებლად წარიმართა.

ცესკოს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში 25 საჩივარია შესული, თუმცა აღნიშნული საჩივრები არ უკავშირდება ისეთი სახის დარღვევებს, რაც გავლენას მოახდენდა საარჩევნო პროცესის საბოლოო შედეგებზე.

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანია საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და შესაძლო დარღვევებზე დროული რეაგირება.

საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში უწყებათაშორისი კომისია სწავლობდა როგორც მედიაში გავრცელებულ, ისე პოლიტიკური გაერთიანებების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.

კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე იმუშავებს და კიდევ ერთ, შემაჯამებელ სხდომას გამართავს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

პაატა სალიასა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ერევანი მასპინძლობს. საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის მისწრაფებას ევროპული ღირებულებების, სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის გაძლიერებისაკენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სომხეთისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით, რადგან მეზობელი სახელმწიფო ახლა სწორედ ამ პროგრამის განხორციელების ეტაპზეა. ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: სამართლის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებების დაცვა, საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები: ლანა მორგოშია, თამარ ზოდელავა და ლაშა მაღრაძე, აგრეთვე, საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძე.

გაზიარება
ბეჭდვა

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი თემატური სესიებით გრძელდება

ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის თემატურ სესიებზე იუსტიციის მინისტრის მოადგილეებს მოუსმინეს.

ლანა მორგოშიამ და თამარ ზოდელავამ ღონისძიების მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმებისა და დანერგილი სიახლეების შესახებ.

ლანა მორგოშიამ სომეხ კოლეგებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და აღნიშნა, რომ სამართლის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებების დაცვა, ხელმისაწვდომი სერვისები და ციფრული ტრანსფორმაცია უწყების ძირითად პრიორიტეტებს წარმოადგენს.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის შექმნის მნიშვნელობის შესახებ ბავშვთა უფლებების დაცვისათვის. ლანა მორგოშიამ ხაზი გაუსვა, აგრეთვე, იუსტიციის სახლების როლს სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პროცესში.

ყურადღება გამახვილდა მობილური იუსტიციის სახლის პროექტზეც, რომელიც მომსახურებას რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს აწვდის და აღინიშნა, რომ ინიციატივამ უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება – მას „კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი“ მიენიჭა ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოებაზე (EPSA).

საქართველოს გამოცდილება და ციფრული ტრანსფორმაციის სფეროში მიღწეული პროგრესი იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავას მოხსენების ძირითადი თემა. მინისტრის მოადგილის თქმით, ტექნოლოგიური პროგრესის შესაძლებლობებისა და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენება კვლავ რჩება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტად.

თამარ ზოდელავამ ისაუბრა ისეთ ინოვაციებზე, როგორიცაა: კვალიფიციურ ელექტრონული ხელმოწერა და ელექტრონული შტამპი, ახალი თაობის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, „გონიერი კონტრაქტი“ და უძრავი ქონების სფეროს ტოკენიზაცია.

მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას ციფრული ტრანსფორმაციის პროცესისათვის და აღნიშნა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის წარმატებული თანამშრომლობა ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვის სფეროში.

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და მას თბილისი და ერევანი მონაცვლეობით მასპინძლობენ. წლევანდელი, რიგით მე-7 ფორუმი ორი დღის განმავლობაში თემატური სესიების ფორმატში იმუშავებს. ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები, ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება მართლმსაჯულების სფეროში.