ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ხაშურსა და ზესტაფონში იუსტიციის სახლების მშენებლობა გრძელდება

იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მოქალაქეთათვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა. ამ მიზნით იუსტიციის სახლის მშენებლობა ერთდროულად რამდენიმე ქალაქში – ხაშურში, ზესტაფონსა და სამტრედიაში მიმდინარეობს. ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები ხაშურსა და ზესტაფონში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოადგილესთან, ერეკლე ღვინიანიძესთან, ერთად დაათვალიერა.

იუსტიციის სახლის 470-მდე სერვისით სარგებლობას ხაშურისა და ზესტაფონის მოსახლეობა უკვე მიმდინარე წელს შეძლებს და ყველა სახის სახელმწიფო მომსახურებას ერთ სივრცესა და კომფორტულ გარემოში მიიღებს.

მომსახურების დარბაზის გარდა, ახალ ფილიალებში თანამედროვე ინტერიერის საქორწინო-სარიტუალო სივრცე მოეწყობა. შენობებში იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ოფისებიც განთავსდება, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ ინფრასტრუქტურაში ფუნქციონირებენ.

ხაშურის ფილიალი შიდა ქართლის რეგიონში მეცხრე იუსტიციის სახლი იქნება, ზესტაფონის იუსტიციის სახლი კი, იმერეთში რიგით 23-ეა.

დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 117 იუსტიციის სახლი მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით სხვადასხვა საჯარო უწყებისა და კერძო სექტორის 470- ზე მეტ სერვისს სთავაზობს.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს პირველი კონსტიტუციის 102 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის მიღებას მიეძღვნა იუსტიციის სამინისტროში გამართული მრგვალი მაგიდა: „საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია – მარადიული ღირებულებები“. ღონისძიების მონაწილეებმა – იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა, უწყებასთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა, საქართველოს უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების ხელმძღვანელებმა, სამართლის დარგის ავტორიტეტულმა ექსპერტებმა – საქართველოს პირველი კონსტიტუციის შესახებ იმსჯელეს.

მრგვალი მაგიდა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინიციატივით გაიმართა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია დღევანდელობის გადმოსახედიდანაც გამოიყურება მოწინავე, კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტურ პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ აქტად. პირველმა კონსტიტუციამ საფუძველი ჩაუყარა საპარლამენტო მმართველობის სისტემას, პროპორციულ არჩევნებს, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მართლმსაჯულებას; აკრძალა სიკვდილით დასჯა და ადამიანის უფლებები უზენაეს ღირებულებად გამოაცხადა.

ღონისძიების ბოლოს დისკუსიის მონაწილეებს საქართველოს პირველი კონსტიტუციის სასაჩუქრე გამოცემა გადაეცათ, რომელიც სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ სპეციალურად ამ დღისთვის დაბეჭდა.

გაზიარება
ბეჭდვა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამება სისტემური ხასიათის იყო

2023 წლის 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემატური ხასიათის და მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი“ პრობლემა.

ევროპული სასამართლოს ზემოხსენებული დასკვნა ეფუძნება როგორც მომჩივან აკაკი ოჩიგავას მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ისე სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფაქტების დამდგენი ვიზიტის საფუძველზე გამოქვეყნებულ ანგარიშებსა და დოკუმენტებს, ასევე, ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებს.

ამასთან, ევროპულმა სასამართლომ მიმოიხილა 2012 წლის სექტემბერში ქართულ მედიაში გავრცელებული კადრები ციხის სხვადასხვა დაწესებულებაში, მათ შორის, გლდანის ციხეში (სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებაში) პატიმართა არასათანადო მოპყრობის/წამების შესახებ („ციხის სკანდალი“).

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან კიდევ ერთხელ დგინდება, რომ საქართველოს ციხეებში პატიმრების წამება ხდებოდა სისტემატურად, სხვებს შორის, შემდეგი ფორმებით:

  • ახლად მოთავსებულ პატიმართა აუცილებლად ცემის პრაქტიკა – ე.წ. საკარანტინო პროცედურა;
  • პატიმრების სისტემატური ცემა კვირაში რამდენიმეჯერ;
  • ე.წ. კარცერსა და მცირე ზომის სამარტოო საკნებში დასჯის მიზნით ხანგრძლივი ვადით მოთავსება, სადაც მეტალის საწოლის გარდა არაფერი იყო და დღის განმავლობაში პატიმრებს უწევდათ ცემენტის იატაკზე ჯდომა. საწოლი აკეცილი და მიმაგრებული იყო კედელზე საკეტით. დაწესებულების თანამშრომლები საწოლს ხსნიდნენ და მომჩივანს ნებას რთავდნენ, გამოეყენებინა მხოლოდ საღამოს 10 საათიდან დილის 8 საათამდე;
  • პატიმრებს, ასევე, უწევდათ საკანში ერთდროულად რამდენიმე პატიმრის მოთავსების შემთხვევაში მთელი დროის განმავლობაში ფეხზე დგომა;
  • პატიმრებისთვის საკვების მიღებისა და საპირფარეშოს გამოყენების შეზღუდვა;
  • ოჯახის წევრებთან შეხვედრის გამუდმებით შეზღუდვა;
  • პატიმრებისთვის სპეციალური სახის ჩაფხუტის ჩამოფარება და პირში ბურთის ჩაჩრა, რათა მათ არ ესაუბრათ;
  • პატიმრებს შორის საუბარი დასაშვები იყო მხოლოდ ჩურჩულით.

ამ არასათანადო მოპყრობის მიზანი იყო პატიმრების მორჩილება ციხის ადმინისტრაციისადმი და მათთან თანამშრომლობის იძულება. მომჩივანმა აკაკი ოჩიგავამ წამების ზემოდასახელებული ფორმები საკუთარ თავზე გამოსცადა. ამასთან, 2011 წლის ნოემბერში მას განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს, რის შედეგადაც დაუზიანდა ხერხემალი და დაკარგა სიარულის უნარი. აღნიშნულ ფაქტზე პრეტენზიის გამოთქმის შემდეგ გამომძიებელმა ურჩია, განეცხადებინა, რომ ტრავმა მიიღო საწოლიდან გადმოვარდნისას. მომჩივანმა ამაზე უარი განაცხადა, რის გამოც დაწესებულების თანამშრომლებმა ბეისბოლის ჩოგნით დაუმტვრიეს თითები. მისი თითები უმეტესწილად დეფორმირებული იყო მრავლობითი მოტეხილობების შედეგად. ამასთან, მომჩივანს არ გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება. გარდა ამისა, ერთ-ერთი ინციდენტის დროს ციხის თანამშრომლებმა იგი საშხაპე ოთახში გააშიშვლეს, ცივი წყალი შეასხეს და ხელკეტებით სასტიკად სცემეს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მომჩივანს ცემის გამო დაუკარგავს გონება, გონზე მოსვლის შემდეგ კი, თავი აღმოუჩენია ციხის მორგში მილზე ხელბორკილებით მიჯაჭვულს, გარდაცვლილებს შორის.

პენიტენციურ დაწესებულებაში ზემოხსენებული მოპყრობის შედეგად მომჩივანი 2014 წლის 28 მარტიდან არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი გლდანის ციხეში დაექვემდებარა წამებას და ეს წარმოადგენდა ნაწილს იმ დროს არსებული სისტემური ხასიათის წამებებისა, რომლებიც მთელი სისტემისთვის იყო დამახასიათებელი.

აღსანიშნავია, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები 2012 წლის ოქტომბრის სამთავრობო ცვლილებებამდე არ ახმაურებდნენ წამების შემთხვევებს როგორც არაპირადი, ისე პირადი (ოჯახური) კონტაქტების დროს. ეს ნაწილობრივ განპირობებული იყო სიტუაციის გაუმჯობესების იმედის ნაკლებობით, შემდგომი დასჯის შიშით და დაცვის მექანიზმების არაეფექტურობით. არასათანადო მოპყრობის შესახებ საუბარი აკაკი ოჩიგავამაც მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შეძლო.

როგორც მომჩივანმა პროკურორთან განაცხადა, ის თავს საკმარისად დაცულად გრძნობდა, რათა საჩივარი შეეტანა გლდანის ციხეში არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ციხის სკანდალისა და 2012 წლის ოქტომბრის სამთავრობო ცვლილებების შემდეგ.

საქართველოს პროკურატურის გამოძიების შედეგად აკაკი ოჩიგავას წამების ფაქტზე 2017 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა არაერთი პირი, ხოლო 2018 წლის 6 თებერვალს ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნენ დამნაშავედ. განაჩენი უცვლელად ძალაში იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოების მიერ. სხვა პირებთან ერთად, აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად იყო ცნობილი ყოფილი მსჯავრდებული აკაკი ოჩიგავა.

მიუხედავად ზემოთქმულისა, დარღვევის სისტემატურობისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ ხარვეზები დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურულ ნაწილშიც (გამოძიების ვალდებულება), რადგან პასუხისმგებელ პირთა დაკავება და გასამართლება მოხდა გასაჩივრებული ფაქტების დადგომიდან 5 წლის შემდეგ, რაც მართლმსაჯულების აღსასრულებლად ხანგრძლივ ვადად შეფასდა.

სასამართლომ მომჩივანს მიაკუთვნა 20 000 ევრო მორალური ზიანისთვის.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე სტუდენტებს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის სამართლებრივ ასპექტებზე ესაუბრა

ბექა ძამაშვილმა აუდიტორიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ რა ეტაპზეა ქვეყანა ევროკავშირში გაწევრების პროცესში და რა სამართლებრივი პროცედურები რჩება გასავლელი ამ გზაზე.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ და იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნუგზარ დუნდუამ სტუდენტების კითხვებს უპასუხეს.

საზოგადოებასთან პირისპირ კომუნიკაცია აქტუალურ საკითხებზე იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა. 2022 წლის განმავლობაში სამინისტროს ხელმძღვანელობამ საჯარო ლექციები გამართა საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე დავების თემაზე; წელს კი, უწყება ლექციათა ციკლს დამატებით საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებსა და მათ სამართლებრივ ასპექტებზეც გეგმავს.

საჯარო ლექცია „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამართლებრივი ასპექტები“ ორგანიზაცია „ენკომთან“ თანამშრომლობით ჩატარდა.

გაზიარება
ბეჭდვა

მობილური იუსტიციის სახლი“ უკვე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობასაც მოემსახურება

„მობილური იუსტიციის სახლის“ გეოგრაფიული არეალი გაიზარდა. დღეიდან ის სამცხე-ჯავახეთის ხუთ სოფელსა და მათ შემოგარენში მცხოვრებ 10 000-მდე მომხმარებელს 470-ზე მეტ სერვისს მიაწვდის.

„მობილური იუსტიციის სახლის“ ახალმა ავტომანქანამ პირველი სერვისი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის მოსახლეებს მიაწოდა. მომსახურების გაცემის პროცესს პირადად აკვირდებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე. ერეკლე ღვინიანიძე მოქალაქეებს „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობაზეც ესაუბრა.

„მობილური იუსტიციის სახლი“ იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის 470-ზე მეტ სერვისს სთავაზობს იმ ათეულობით სოფლის მცხოვრებთ, სადაც იუსტიციის სახლები არ ფუნქციონირებს.

პროექტი 2021 წლის სექტემბერში ამოქმედდა და დღეისათვის კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს მოიცავს.

სულ მალე „მობილური იუსტიციის სახლი“ ქვემო ქართლის მოსახლეობისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი, წლის ბოლომდე კი, „მობილური იუსტიციის სახლის“ 20 ავტომანქანა საქართველოს ყველა რეგიონს დაფარავს.

გაზიარება
ბეჭდვა

ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა

,, ხელოვანი იუსტიციელები" - ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელზეც ხელნაკეთი ნივთები, თექასა და ტილოზე შესრულებული ნახატებია წარმოდგენილი. ღონისძიებიდან შემოსული თანხის ნაწილი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებს მოხმარდება. მათ საჭირო ნივთები და პროდუქტები გადაეცემათ.

იუსტიციის სამინისტროს ხელოვან თანამშრომელთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გასულ წელსაც გაიმართა და უკვე ტრადიციად იქცა. ღონისძიებაში სამინისტროს სისტემაში მომუშავე 50-ზე მეტი პირი მონაწილეობს. გამოფენა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა.

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცე დამთვალიერებლებს 12 თებერვლის ჩათვლით 11:00-დან 19:00 საათამდე უმასპინძლებს.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი თურქეთში მომხდარ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით თურქ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

რატი ბრეგაძემ თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. იუსტიციის მინისტრი იზიარებს დაღუპული ადამიანების ოჯახების ტრაგედიას.

თურქი ხალხის მხარდასაჭერად, რატი ბრეგაძის ინიციატივით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მყოფ თურქი ბრალდებულ/მსჯავრდებულები უფასო სატელეფონო სასაუბრო დროით ისარგებლებენ.

დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ათეულობით ათასია, სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამუშაოებში 100 ქართველი მაშველია ჩართული.


გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესა და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა

შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს 2023 წლის გეგმები განიხილეს. მთავრობის მეთაურმა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელებისაგან მოისმინა ინფორმაცია ყველა იმ აქტივობაზე, რომელთაც უწყება მიმდინარე წლის განმავლობაში გეგმავს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტად კვლავ რჩება სამი ძირითადი მიმართულება: ადამიანის უფლებების დაცვა, ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ხელმისაწვდომი მომსახურება მოქალაქეებისათვის.

სახელმწიფო მომსახურების მიმართულებით ყურადღება გამახვილდა 2022 წელს დაწყებულ ისეთ პროექტებზე, როგორიც არის მიწის სისტემური რეგისტრაცია და სისტემური დამისამართება.

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, სახელმწიფო 59 მუნიციპალიტეტში წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკით მოქალაქისათვის უსასყიდლოდ აზომავს და დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს. პროექტის დაწყებიდან დღემდე საველე სამუშაოს ფარგლებში აიზომა 187 720 მიწის ნაკვეთი (57 151.26 ჰა); სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დარეგისტრირდა 95 617 ნაკვეთი (39 420.6 ჰა); სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში დარეგისტრირდა 15 833 ნაკვეთი (4 902 ჰა).

სისტემური რეგისტრაცია დასრულდება 2024 წლის ბოლოს და პროექტის შედეგად დარეგისტრირდება არა მხოლოდ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, არამედ გასწორდება წლების წინ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გადაფარვა/ზედდებები, გაირკვევა მესაკუთრეთა ვინაობა, დადგინდება ნაკვეთების საზღვრები, მოხდება დავების შემცირება/პრევენცია, რეგისტრირებული უძრავი ქონება მოექცევა ეკონომიკურ ბრუნვაში.

სისტემური დამისამართება დასრულდება 2024 წელს და პროექტის ფარგლებში დამისამართდება ქვეყნის მასშტაბით 78% დაუმისამართებელი დასახლებები, კერძოდ: ქუჩების ფორმირება, ყველა უძრავი ნივთისათვის ნუმერაციის მინიჭება და მისამართების ასახვა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. მისამართების ერთიანი ელექტრონული ბაზა მიეწოდება შესაბამის ორგანიზაციებს (პოლიცია, სასწრაფო, ფოსტა და სხვ.). გარდა ამისა, დაზუსტდება მუნიციპალიტეტებისა და დასახლებების საზღვრები.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა, ასევე, მოისმინა ანგარიში 2022 წელს მთავრობის მიერ დამტკიცებული სერვისების განვითარების სტრატეგია 2022-2025 წწ. იმპლემენტაციის შესახებ. სტრატეგია გულისხმობს სახელმწიფო მომსახურების შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების ერთიანი სტანდარტის შემუშავებასა და მოსახლეობისათვის სახელმწიფო სერვისების ამ ერთიანი სტანდარტით მიწოდებას. უწყებებს შორის მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა სტრატეგიის დანერგვის მიზნით და წლის ბოლოს იგეგმება,რომ 7-მა შერჩეულმა სახელმწიფო უწყებამ სახელმწიფო სერვისების ნაწილში ერთიანი სტანდარტით იხელმძღვანელოს.

საუბრისას, ასევე, აღინიშნა იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები, რაც „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის იმპლემენტაციას უკავშირდება. იუსტიციის სამინისტრომ დანერგა ახალ კანონზე მორგებული მომსახურება და ატარებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რათა დაეხმაროს მეწარმეებს მათზე კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაში, რაც 2023 წლის ბოლომდე რეგისტრირებული მონაცემების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს.

პრემიერ-მინისტრმა მოისმინა, ასევე, ანგარიში სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის შესახებ. 2022 წელს გაიზარდა ნოტარიუსთა თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი; ასევე, გაიზარდა ნოტარიუსთა რიცხვი და გაფართოვდა სანოტარო ბიუროების გეოგრაფიული არეალი. რაც შეეხება სიახლეებს ამ მიმართულებით, იგეგმება გერმანიასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერება, ნოტარიუსთა გადამზადების კურსების დანერგვა, კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობა და სხვა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო უახლოეს მომავალში გეგმავს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ახალი თაობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებზე გადასვლას, რითაც იქნება დაცული თანამედროვე უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები; დაინერგება ციფრული ხელმოწერა (ე.წ. Mobile ID) და გაეშვება ციფრული იუსტიციის სახლის აპლიკაცია.

საუბარი შეეხო ახალი იუსტიციის სახლების მშენებლობას. 2023 წელს ახალი იუსტიციის სახლები გაიხსნება ზესტაფონში, თერჯოლაში, სამტრედიაში, ახმეტასა და ხაშურში. დაიწყება მშენებლობები ხელვაჩაურში, ცაისში, ტოლებში, ზოტში, საჩხერეში, შროშაში, მცხეთაში, საგარეჯოში, გლდანში; გაფართოვდება მობილური იუსტიციის სახლის არეალი, მათი რაოდენობა 20-მდე გაიზრდება და ინოვაციური სერვისი საქართველოს ყველა რეგიონში იქნება ხელმისაწვდომი.

2023 წელს იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს ინოვაციური სერვისების დანერგვას. მათ შორის იქნება იუსტიციის სახლის ახალი პროექტები – პერსონალური ასისტენტი, თვითმომსახურების სმარტ სივრცე და ხელოვნური ინტელექტი სატელეფონო მომსახურების სფეროში. იგეგმება სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმის გახსნა. აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაინერგება პროექტები ელექტრონული თანაშემწე და ქირავნობის/იჯარის ხელშეკრულების მონიტორინგის სისტემა.

იუსტიციის სამინისტროს მენეჯმენტის მხრიდან აღინიშნა, რომ 2020 წელთან შედარებით იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტი, ფაქტობრივად, გაორმაგებულია, მაგალითად 2020 წელს - 389 626 000 (საბიუჯეტო - 238 813 000 ლარი, საკუთარი - 150 813 000 ლარი) ლარი, ხოლო 2023 – 758 800 000 ლარი (საბიუჯეტო - 392 400 000 ლარი, საკუთარი - 366 400 000 ლარი). იუსტიციის მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა პრემიერ-მინისტრს ამ მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადეს.

საუბარი შეეხო პრობაციის სისტემას, ხაზი გაესვა გატარებულ რეფორმებს, რომელთა უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს პრობბოქსი. პრობაციის ევროპულმა კონფედერაციამ (CEP) თავის სტატიაში პრობბოქსი ევროპული მასშტაბის ინოვაციად აღიარა. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს პრობაციის კოდექსის პროექტი, რომელიც, მსგავსად პენიტენციური კოდექსისა, შესთავაზებს მთელ რიგ სიახლეებს და შეღავათებს როგორც პრობაციის სისტემის თანამშრომლებს, ისე პრობაციონერებს და სსიპ-ის სხვა ბენეფიციარებს; ხაზი გაესვა ახლად დანერგილ პირობით მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა შემთხვევის მართვის ერთიანი ელექტრონულ სისტემას, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სსიპ-ის გამართულ და სწრაფ ფუნქციონირებაში.

წარმოდგენილ იქნა განრიდება-მედიაციის და არასრულწლოვანთა რეფერირების ახალი სივრცეების გახსნის გეგმა საქართველოს მასშტაბით.

პირველი, მეორე და მესამე დონის პრევენციის დანერგვის მიზნით განხილულ იქნა ახალი პროექტი – დანაშაულის პრევენციის ონლაინ კურსი მასწავლებლებისთვის და პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები ისარგებლებენ მობილური აპლიკაცია PROBAPP-ით, რათა მათ შეძლონ სახლიდან გაუსვლელად სააგენტოსთან დაკავშირებული სერვისების მიღება. საუბარი შეეხო, აგრეთვე, მაღაზია „რე-მარკეტის“ როლს პატიმართა რესოციალიზაციის პროცესში და დაანონსდა ორი ახალი მაღაზიის გახსნა ქუთაისსა და ბათუმში.

განხილულ იქნა სიახლეები საარქივო მომსახურების სფეროში – მიმდინარე წელს დაიწყება შიდა ქართლის რეგიონული არქივის შენობის მშენებლობა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული არქივის შენობის პროექტირება.

შეხვედრაზე ისაუბრეს პენიტენციური სისტემის პრიორიტეტის – დიდი ზომის ნახევრად ღია დაწესებულებების მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებით ჩანაცვლების – შესახებ. ამ მიზნით ლაითურში 700-მდე მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულება გაიხსნება.

სისტემაში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიმდინარე წელს ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტ „ციფრული უნივერსიტეტის“ ფარგლებში, დაგეგმილია ციფრული სწავლების გაფართოება და სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში დანერგვა. გაგრძელდება სპორტული ფესტივალების ჩატარება სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ამ მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული მოედნების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია განხორციელდა და იგეგმება სპორტული ინვენტარით სრულად აღჭურვა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებზე ზრუნვასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას როგორც ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას. ამ მიზნით 2023 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პირველად, პენიტენციურ დაწესებულებებში 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით მომუშავე თანამშრომლები ერთჯერადი უფასო კვებით არიან უზრუნველყოფილი; 24-საათიანი სამორიგეო ცვლა კი, სამჯერადი კვებით არის უზრუნველყოფილი.

სამომავლო გეგმებს შორის ყურადღება გამახვილდა მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე, დასაქმებულ მსჯავრდებულთა და სარეაბილიტაციო პროგრამების რაოდენობის ზრდაზე. აღინიშნა, რომ დაგეგმილია გათავისუფლებისთვის მომზადების კონცეფციის შემუშავება.

შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ახალი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების პროექტირება-მშენებლობის დაწყებაზე, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობის პროექტირებასა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების დანერგვაზე, დაწესებულებების საჭიროებების გადაჭრის გეგმებზე.

აღინიშნა, რომ პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრის წარმოება ახალი OIS პროგრამით ხორციელდება. ახალი OIS პროგრამა არის მოქნილი საინფორმაციო სისტემა, რომელიც არა მხოლოდ თითოეულ პატიმარზე სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვების საშუალებას იძლევა, არამედ სტატისტიკური და ანალიტიკური ხასიათის მონაცემების ამოღებისა და დამუშავების შესაძლებლობას ქმნის.

თათბირზე განიხილეს საკანონმდებლო საქმიანობის მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები. აღინიშნა, რომ 2023 წელს იგეგმება ახალი პენიტენციური კოდექსის მიღება, რომელიც გააუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომით პირობებს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივ მდგომარეობას. მაგალითად, ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება; ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო; გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისა, ყველას ექნება უმაღლესი განათლების მიღების უფლება; გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები; პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თანამშრომელთა პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს; გაფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე; მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს.

აქტიურად გაგრძელდება აფხაზურ, ოსურ და სხვა ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე სამართლებრივი აქტების თარგმნისა და საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე განთავსების პროცესი. კერძოდ, აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე, ჯამში, 60 ნათარგმნი ნორმატიული აქტია ხელმისაწვდომი, რომელთა რაოდენობა 2023 წლის ბოლოსთვის 100-მდე უნდა გაიზარდოს.

კვლავ პრიორიტეტული იქნება სამართალშემოქმედებით პროცესში სამეცნიერო დასკვნებსა და სიღრმისეულ ანალიტიკაზე დაფუძნებული მიდგომების განვითარება. ამ მიზნით, გაგრძელდება ინტენსიური თანამშრომლობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან. აგრეთვე, აქტიურ რეჟიმში წარიმართება მუშაობა სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში. ამასთან, 2023 წელს დაგეგმილია ჟურნალ „იუსტიციის“ ოთხი ნომრის გამოცემა და ახალი იურიდიული ონლაინ სადისკუსიო პლატფორმის ამოქმედება.

იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობისათვის განხორციელდება ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებაზე, ინოვაციური სერვისების დანერგვასა და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაზე ორიენტირებული პროექტები.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მუდმივი გადამზადების მნიშვნელობას და წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ახალი სასწავლო პროგრამების შესახებ. ყურადღება გამახვილდა 2023 წელს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის განკუთვნილი ახალი სასწავლო ბაზის გახსნაზე.

2023 წლის კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენს სტუდია „იუსტიციის“ ფუნქციონირების დაწყება. სტუდია იქნება პროფესიული მედიასაშუალება იურისტებისთვის, მოახდენს იურიდიული პროფესიის პოპულარიზაციას, ხელს შეუწყობს სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებასა და სამართლებრივ დისკურსში საზოგადოების ჩართულობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახელმწიფოს ინტერესების დაცვას საერთაშორისო სასამართლოებში. მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთს ყველა დავა მოუგო სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში, აქტიური მუშაობა წარიმართება, რათა ეფექტიანად აღსრულდეს საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები.

ყურადღება გამახვილდა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიმართ საჩივრების კლების მკვეთრ ტენდენციაზე. კერძოდ, 2023 წლის მდგომარეობით, სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 155 საჩივარი, რაც ევროპის საბჭოს წევრობის მანძილზე საქართველოსთვის ისტორიული მინიმუმია. შედარებისთვის: 2009-2012 წლებში ევროპული სასამართლო განიხილავდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ 3000-დან 4000-მდე საჩივარს. საერთაშორისო სასამართლოში საჩივრების აშკარა კლება საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წლის შემდეგ მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული რეფორმების გამოხატულებაა, რის შედეგადაც საქართველოს მოსახლეობას დაუბრუნდა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა და მათ საკუთარი უფლებების დაცვა ქვეყნის შიგნით შეუძლიათ.

აქტიურად გაგრძელდება სახელმწიფოს ინტერესების დაცვა საერთაშორისო არბიტრაჟებში. მიმდინარე წელს პრიორიტეტი იქნება გასულ წელს მოგებული 3 დავის აღსრულება, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფომ თავიდან აიცილა 330 მილიონი ლარის ოდენობის ზიანი და მოიპოვა 187 მილიონი ლარის ოდენობის კომპენსაციის მიღების უფლება. მეორე მხრივ, გაგრძელდება კეთილსინდისიერ ინვესტორებთან ხელშეკრულებების გაფორმება, რომელთა ფარგლებშიც სამართლიანად იქნება დაბალანსებული საჯარო და კერძო ინტერესები.

ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესის კიდევ უფრო მეტი ეფექტიანობისთვის 2023 წელს ამოქმედდება ელექტრონული პორტალი, სადაც აისახება ევროკავშირის ყველა სამართლებრივი აქტი, რომლებთან დაახლოებაც საქართველოს ევალება და ავტომატურ რეჟიმში მოხდება სამართლებრივი ჰარმონიზაციის დონის გაზომვა. ზემოაღნიშნულის პარალელურად, იუსტიციის სამინისტრო სამართლებრივ ექსპერტიზას გაუკეთებს ევროკავშირის სამართალთან დაახლოების მიზნით შემუშავებულ ნორმატიულ აქტებს.

იუსტიციის სფეროში სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მიზნით მიმდინარე წელს მაღალი დონის შეხვედრები და სამართლებრივი ფორუმები გაიმართება 20-მდე სახელმწიფოსთან, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ევროინტეგრაციის პროცესში პარტნიორი სახელმწიფოების მხარდაჭერის კონსოლიდაციას და, მეორე მხრივ, შექმნის საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვის სამართლებრივ საფუძველს.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრსა და მის მოადგილეებს ახალი დავალებები მისცა.

გაზიარება
ბეჭდვა

სტრასბურგის სასამართლოს თანახმად გიორგი უგულავას დაკავება იყო კანონიერი და არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები

დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „უგულავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და მიიჩნია, რომ 2014-2015 წლებში გიორგი უგულავას დაკავება მიზნად არ ისახავდა პოლიტიკური ცხოვრებიდან მის ჩამოშორებას.

მომჩივანი დაობდა 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის სექტემბრამდე ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების (პატიმრობა) კანონიერების თაობაზე. იგი აგრეთვე ამტკიცებდა, რომ პატიმრობის შეფარდების ერთადერთ მიზანს პოლიტიკური ცხოვრებიდან მისი ჩამოშორება წარმოადგენდა.

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, 2014 წლის ივლისში მომჩივნის დაკავება ეფუძნებოდა მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის დასაბუთებულ ვარაუდს, რომელიც დასტურდებოდა პროკურატურის მიერ მოპოვებული არაერთი მტკიცებულებით. ევროპული სასამართლო დაეთანხმა ეროვნული სასამართლოების მსჯელობას იმ ნაწილში, რომ მომჩივნის მხრიდან არსებობდა გამოძიებისთვის ხელის შეშლის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხეები.

სტრასბურგის სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მომჩივნის მტკიცება მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ უარყო მომჩივნის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს მთავარი მოტივი გამოძიების წარმოების და პატიმრობის გამოყენების კონტექსტში იყო პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორება. სასამართლომ განმარტა, რომ მაღალი პოლიტიკური სტატუსი არ ნიშნავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან იმუნიტეტის მინიჭებას. სტრასბურგის სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა ეროვნული სასამართლოების აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას და აღნიშნა, რომ არ ყოფილა წარდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც ეროვნული სასამართლოების დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ დააყენებდა. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ზემოხსენებული პროცესები არ ემსახურებოდა მომჩივნის პოლიტიკური სცენიდან გაყვანას.

დღევანდელი გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ კონვენციის დარღვევა დაადგინა ორ ეპიზოდთან მიმართებით, რომელთაგან ორივე შემთხვევაში, ევროპული სასამართლოს კრიტიკის საგანს წარმოადგენდა 2015 წლამდე მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა.

კერძოდ, მომჩივნის დაკავების კანონიერებასთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ 2015 წელს მოქმედი კანონმდებლობით, არსებობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მიხედვით ცალ-ცალკე, პარალელურ ან თანმიმდევრულ სისხლისსამართლებრივ სამართალწარმოებაში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების პრაქტიკა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 15 სექტემბერს მიიჩნია საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლოს მიგნებები, და მიიჩნია, რომ 2014 წლის ივლისში მომჩივნისათვის პატიმრობის პირველადი შეფარდებიდან 9 თვის გასვლის შემდგომ, მისი პატიმრობაში დატოვება კონვენციის დარღვევას წარმოადგენდა. ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ მომჩივნის განგრძობადი პატიმრობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული ეროვნული სასამართლოების მიერ.

აღსანიშნავია, რომ ორივე საკითხი დღესდღეობით მოქმედი კანონმდებლობითა და პრაქტიკით არის აღმოფხვრილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიცვალა პარალელურად მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე პატიმრობის შეფარდების პრაქტიკა. გარდა ამისა, განგრძობადი პატიმრობისას, დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ავტომატურად, ორ თვეში ერთხელ ხდება პატიმრობის გაგრძელების საჭიროების გადასინჯვა.