ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

​პრობაციის მიმართულებით მასშტაბური რეფორმები მიმდინარეობს

პრობაციონერებისთვის შექმნილი ახალი, ელექტრონული კონტროლის თანამედროვე სისტემის ამოქმედების შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მინისტრის საათის ფარგლებში ისაუბრა.

რატი ბრეგაძის განცხადებით, პრობაციის მიმართულებით მასშტაბური რეფორმები ტარდება, რომელთა შორის ერთ-ერთია მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის ახლებური მექანიზმი „probbox“, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მსჯავრდებულს გაუადვილებს მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას, დაზოგავს ადამიანურ რესურსს და გაზრდის ანონიმურობის ხარისხს.

მინისტრის ინფორმაციით, ასევე, შეიქმნა ახალი ინფრასტრუქტურა სხვადასხვა მუნიციპალურ ერთეულში, რეგიონებში გაიხსნა რეფერირების ცენტრები, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის შესახებ მუნიციპალიტეტებთან გაფორმდა მემორანდუმები.

გაზიარება
ბეჭდვა

რატი ბრეგაძე: “მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს და ბატონ პრემიერ-მინისტრს... იმედი გვაქვს, მომავალი წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული”

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა პარტნიორს და ბატონ პრემიერ-მინისტრს იმ საინტერესო პროექტებისათვის, რომელიც 2021 წელს განხორციელდა. გამოვთქვამ იმედს, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, - ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პრემიერ-მინისტრის 2021 წლის ანგარიში.

რატი ბრეგაძის თქმით, პრემიერმა ისაუბრა ყველა იმ პროექტზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წელს განახორციელა და საზოგადოებას 2022 წლისათვის კონკრეტული ინიციატივები გააცნო:

„ბატონმა პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა წლის შემაჯამებელი მოხსენება, რომლის ფარგლებშიც, მან ძალიან საინტერესოდ ისაუბრა იმ პროექტების შესახებ, რომლებიც 2021 წელს განახორციელა საქართველოს მთავრობამ, ასევე საუბარი იყო სამომავლო გეგმებზე და იმ კონკრეტულ პროექტებზე, რომლებსაც მთავრობა გეგმავს 2022 წელს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ 2022 წელი საქართველოსათვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში დღეს წარადგინა. ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

​მსჯავრდებულებისთვის „ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდება

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ასამაღლებლად განხორციელებული რეფორმების შესახებ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში ისაუბრა.

მინისტრის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ასამაღლებლად იწყება პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“.

უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, პროექტი მსჯავრდებულებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება დისტანციური სწავლების მეთოდით და დაეუფლონ მათთვის სასურველ პროფესიას. „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ეს დიდწილად მსჯავრდებულის მიერ სათანადო გააზრებითა და ცოდნით მიიღწევა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გაზიარება
ბეჭდვა

რატი ბრეგაძე: „მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024 წელს დასრულდება“

„საკუთრების აღიარებული და უზრუნველყოფილი უფლება დამოუკიდებელი საქართველოს საბჭოთა საქართველოსაგან განმასხვავებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანი და მრავალი ადამიანის შეუდრეკელი ბრძოლის შედეგია“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში მიწის ნაკვეთების 1/3 საჭიროებს რეგისტრაციას, რაც ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. იუსტიციის სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა და მომავალი წლის იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყება. „ჩვენ ვიწყებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას და ეს საკითხი 2024 წლის ბოლომდე ერთხელ და სამუდამოდ სრულად მოწესრიგდება იმგვარად, რომ სანიმუშოდ იქნება უზრუნველყოფილი ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის საკუთრების უფლება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გაზიარება
ბეჭდვა

რატი ბრეგაძე: „სანოტარო მომსახურების არეალი მუდმივად მზარდია“

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სანოტარო მომსახურების არეალისა და ნოტარიუსთა რაოდენობის მუდმივი ზრდის შესახებ საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში ისაუბრა.

რატი ბრეგაძის განცხადებით, „სახელმწიფოს სამართლებრივი უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობებისა და ფაქტების დადასტურების შესაძლებლობა იყოს ფართოდ ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ ჩვენი მოქალაქეებისათვის მაქსიმალურად გავზარდეთ სანოტარო მომსახურების გეოგრაფიული არეალი და დავამატეთ ახალი ლოკაციები“.

მინისტრის ინფორმაციით, სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა კიდევ 8 ადმინისტრაციულ ერთეულში; თანამდებობაზე დაინიშნა 14 ახალი ნოტარიუსი; ასევე, გაიხსნა ახალი ოფისი ნოტარიუსთა პალატის აჭარის წარმომადგენლობისთვის.

გაზიარება
ბეჭდვა

​,,ციფრული იუსტიციის სახლი“ – სერვისების მიღების უწყვეტი შესაძლებლობა“

„წინსვლისკენ მუდმივი სწრაფვის ძლიერი სურვილი გვიბიძგებს, თანამედროვე სამყაროს ტექნიკური პროგრესის გამოყენებით მომხმარებელს დროსა და სივრცეში მეტი კომფორტი შევუქმნათ“, – ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ციფრული იუსტიციის სახლის“ პროექტი კანონმდებლების წინაშე.
მინისტრის ინფორმაციით, „ციფრული იუსტიციის სახლის“ პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო და სამინისტრო მის საპილოტე ვერსიას 2022 წლის გაზაფხულზე წარმოადგენს. რატი ბრეგაძის განცხადებით, „ციფრული იუსტიციის სახლით სარგებლობას შეძლებს ყველა, ვისაც ექნება ინტერნეტთან კავშირი კომპიუტერისა თუ მობილური ტელეფონის მეშვეობით. ამავდროულად, ეს პროექტი საგრძნობლად შეუწყობს ხელს ჩვენს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებაში, რაც კონსტიტუციური დავალების შესრულების კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იქნება“. მინისტრის ინფორმაციით, „ციფრული იუსტიციის სახლის“ მეშვეობით ნებისმიერ ადამიანს 24 საათის განმავლობაში შეეძლება ელექტრონულად, სახლიდან გაუსვლელად, მისთვის სასურველი მომსახურების მიღება.


გაზიარება
ბეჭდვა

რატი ბრეგაძემ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის პროტესტს უპასუხა

,,ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ გარკვეული ოპოზიციის ნაწილი კონსტრუქციულ რეჟიმში საუბარს მოისურვებდა, მაგრამ ვხედავთ დარბაზის ცარიელ ნაწილს“ - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტში, ,,მინისტრის საათის“ ფარგლებში განაცხადა.

რატი ბრეგაძის თქმით, ოპოზიციის ნაწილის სურვილი არ არის ცივილური ფორმებით ურთიერთობა. ,,ჩვენ სამწუხაროდ ვაკვირდებით, რომ დარბაზის გარკვეული ნაწილი ცარიელია, არადა, ძალიან იმედი მქონდა, რომ თუნდაც დღევანდელ დღეს ვიხილავდით გარკვეული ოპოზიციის წარმომადგენლებს და ვიფიქრე, რომ დაგვებედებოდა კონსტრუქციულ რეჟიმში საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ ეს მათი სურვილი არ არის, რომ ჩვენ ერთმანეთთან გვქონდეს ცივილური ფორმებით, კითხვა პასუხის რეჟიმში საუბრის შესაძლებლობა. ბუნებრივია, ეს მათი გადაწყვეტილებაა“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გაზიარება
ბეჭდვა

რატი ბრეგაძე სალომე სამადაშვილს: რასაც დაგიწერენ, იმას ახმოვანებთ, ეს არის არაფორმალური მმართველობა“

,,ვისაც ჩემი გამოსვლა პერსონალურად ეხებოდა, ეს იყო ოთხოზორია, ტატუნაშვილი, ბაშარული. ჩემი გამოსვლა ეხებოდა მთლიანად სისტემას და არა ერთ კონკრეტულ ადამიანს“ - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის კითხვას მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით.

რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ჰყავდა 292 ვიზიტორი მე-12 და მე-18 დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში. სარგებლობდა ყველა უფლებით, როგორც ყველა სხვა პატიმარი. ყველა სახის სამედიცინო მომსახურება მიეწოდა, რაც კი დასჭირდა. იმავე მე-12 დაწესებულებაში სპეციალურად მორიგეობდა რეანომობილი, რომ პატიმრის ჯანმრთელობის გაუარესების თეორიული შანსიც გამორიცხული.

,,რაც შეეხება წერილობით თანხმობას, მე ერთ რჩევას მოგცემთ ქალბატონო სალომე, გეცოდინებათ საკანონმდებლო მაცნეს პროგრამა, შეგიძლიათ გახსნათ პატიმრობის კოდექსი და ნახოთ 46-ე მუხლი და თქვენვე გასცემთ თქვენს თავს პასუხს, საჭირო იყო თუ არა წერილობითი თანხმობა“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მინისტრმა არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებასაც უპასუხა: ,, ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან აზრების გაცვლა-გამოცვლა. თქვენ კი მიჩვეული ხართ არაფორმალურ მმართველობას. გყავთ არჩეული თავმჯდომარე, თუმცა გადაწყვეტილებებს იღებს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც უფლება არ აქვს ისარგებლოს საქართველოში აქტიური ან პასიური საარჩევნო უფლებით. თქვენ პარტიულ სტრუქტურას კი არ ემორჩილებით, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ამაზე კლასიკური არაფორმალურ მმართველობაზე თუ შეგიძლიათ რამე მაგალითი მოიყვანოთ, მე ტაშს დაგიკრავთ- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გაზიარება
ბეჭდვა

რატი ბრეგაძე ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ მინისტერიალში მონაწილეობდა

მაღალი რანგის წარმომადგენლობით მინისტერიალში „დანაშაული და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების როლი ევროპაში“ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან ერთად მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, იტალიის იუსტიციის მინისტრი მარტა კარტაბია და ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები.

რატი ბრეგაძე მინისტერიალის სამ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კოლეგებს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ და აღდგენითი მართლმსაჯულების ქართული მოდელი გააცნო.

ამ სფეროში გატარებული რეფორმების შედგად 2010-2021 წლებში 5200 არასრულწლოვანს მიეცა კიდევ ერთი შანსი, თავიდან აერიდებინათ სისხლისსამართლებრივი დევნა და ნასამართლობა. განრიდების პროგრამის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში მათგან მხოლოდ 9%-მა ჩაიდინა დანაშაული, რაც პროექტების წარმატების დადასტურებაა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ევროპის ქვეყნების მინისტრებს საკუთარი ხედვებიც გააცნო აღდგენითი მართლმსაჯულების კიდევ უფრო განვითარებისათვის. მინისტერიალის პარალელურად, რატი ბრეგაძემ შეხვედრები გამართა იტალიის, უნგრეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრებთან.

იტალიის იუსტიციის მინისტრ მარტა კარტაბიასთან შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განვითარების ათწლიან სტრატეგიაზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესს და ამ კუთხით იტალიასთან თანამშრომლობის საკითხებს. მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობაც.

თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა უნგრეთის იუსტიციის სამინისტროსთან. სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან შეხვედრისას რატი ბრეგაძემ ორმხრივ ურთიერთობებსა და სერვისების მიწოდების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. კოლეგების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მობილური იუსტიციის სახლის პროექტმა, რომელიც საქართველოში საპილოტე რეჟიმში 2021 წლის აგვისტოდან ფუნქციონირებს.