ღონისძიებები

ხუთშაბათი, 31 ივლისი, 2025

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს.

ვაშინგტონის არბიტრაჟმა (მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი - ICSID) ანაკლიის პორტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.

ამჯერად უკვე ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია.

საარბიტრაჟო ტრიბუნალმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული სამართლებრივი არგუმენტაცია და დაადგინა, რომ:

  • პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია საჭირო სახსრები.
  • პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო მხოლოდ ინვესტორი.
  • მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა იყო კანონიერი: ინვესტორს მრავალჯერ გადაუვადდა მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადები. დამტკიცებულად იქნა მიჩნეული, რომ სახელმწიფო ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში განუხრელად უჭერდა მხარს ანაკლიის პროექტის განხორციელებას.
  • მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მისამართით ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერება ეჭვქვეშ არ დამდგარა.
  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ ინვესტორების (მათ შორის, ამერიკული საინვესტიციო ფონდის) მოზიდვაში სახელმწიფოს ხელი არ შეუშლია.

აღნიშნული დავის ფარგლებში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი ბობ მეიერი ითხოვდა 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას, თუმცა, არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ზუსტად ერთი წლის წინ ანაკლიის საქმეზე დავა ხაზარაძისა და ჯაფარიძის ანაკლიის კონსორციუმმა სახელმწიფოსთან პარიზის არბიტრაჟში წააგო, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,5 მილიარდი აშშ დოლარის გადახდას ითხოვდნენ.

პარიზის არბიტრაჟმაც სრულად უარყო მომჩივნების მოთხოვნები და პირიქით, მათ დაეკისრათ სახელმწიფოს სასარგებლოდ 650 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული გადაწყვეტილება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს არ გაუსაჩივრებიათ, მათ დაკისრებული თანხაც გადაიხადეს, რითაც ფაქტობრივად აღიარეს, რომ ანაკლიის პორტი მათი ბრალეულობით ვერ განხორციელდა.

ოთხშაბათი, 30 ივლისი, 2025

30 ივლისი ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგი) ბრძოლის საერთაშორისო დღეა

პარასკევი, 25 ივლისი, 2025

იუსტიციის მინისტრმა სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ 29 თანამშრომელი დააჯილდოვა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ 29 თანამშრომელი მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

დაჯილდოება სააგენტოს პროფესიულ დღესთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში გაიმართა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა სააგენტოს განსაკუთრებულ როლს განმეორებითი დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.

ღონისძიების დამსწრეებს სიტყვით მიმართა სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა. მან თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში.

ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები, სააგენტოს თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

შაბათი, 19 ივლისი, 2025

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პირველი მულტიფუნქციური გეოპორტალი - NSDI.GOV.GE ოფიციალურად წარადგინა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პირველი მულტიფუნქციური გეოპორტალი - NSDI.GOV.GE ოფიციალურად წარადგინა.

ინოვაციური პლატფორმა წარმოადგენს მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც ქვეყანაში სივრცითი მონაცემების მართვისა და გაზიარების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად.

NSDI გეოპორტალი არის ერთიანი საინფორმაციო სისტემა, რომელიც სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის მიერ წარმოებულ სივრცით მონაცემებს აერთიანებს.

პორტალზე განთავსდება რუკები, ორთოფოტოები, მიწის ნაკვეთების საზღვრები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, გზები, ხიდები, საავადმყოფოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები. კერძო კომპანიები განათავსებენ ინფორმაციას მათი ინფრასტრუქტურის განლაგების, დაფარვის ზონების და სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესახებ.

გეოპორტალის მიზანია, მომხმარებლებს გაუმარტივდეთ ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა, ინვესტიციების მოძიება და კრიზისულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება.

NSDI გეოპორტალის მონაცემთა ფორმატები სრულად შეესაბამება ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებსა და სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს მონაცემების მარტივ ინტეგრირებას და გამოყენებას ევროკავშირის მონაცემთა სივრცის ინფრასტრუქტურაში.

პლატფორმის კოორდინაციას უზრუნველყოფს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

პარასკევი, 11 ივლისი, 2025

იუსტიციის მინისტრმა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს 20 აღმასრულებელი დააჯილდოვეს

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, ლაშა მოძღვრიშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს 20 აღმასრულებელი მადლობის სიგელით და სიმბოლური საჩუქრით დააჯილდოვეს.

აღმასრულებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, იუსტიციის მინისტრმა, მოადგილეებთან და იუსტიციის სისტემაში მოქმედი სსიპ-ბის ხელმძღვანელებთან ერთად, აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული სააღსრულებო ბიუროების ანგარიში მოისმინა.

პაატა სალიამ აღსრულების სისტემაში არსებულ პროგრესზე და გადაწყვეტილებათა ეფექტური აღსრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აღსრულების ეროვნული ბიურო, როგორც აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის წევრი ორგანიზაცია, ყოველწლიურად უერთდება აღმასრულებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას.

ოთხშაბათი, 09 ივლისი, 2025

იუსტიციის მინისტრმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსთან შეხვედრა გამართა

იუსტიციის მინისტრმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსთან შეხვედრა გამართა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, პაატა სალიამ და ლელა ჯანაშვილმა ორ უწყებას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის პროცესში იუსტიციის სამინისტროს მნიშვნელოვანი როლი მონაცემთა უსაფრთხოების, მიზნობრივი გამოყენებისა და კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის კუთხით.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები - მერაბ ტურავა, გიორგი დგებუაძე, ბექა ძამაშვილი და ალექსანდრე მაისურაძე, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი.

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მოადგილესთან, ბექა ძამაშვილთან ერთად, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელს, ანა მონტავონს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მოადგილესთან, ბექა ძამაშვილთან ერთად, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელს, ანა მონტავონს შეხვდა.

იუსტიციის მინისტრმა ანა მონტავონს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიმართულებით მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის, ასევე, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა არსებული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

სამშაბათი, 08 ივლისი, 2025

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გამართა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს სააგენტოს საქმიანობის შედეგები, ასევე საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ ინოვაციურ პროექტებს, როგორიცაა ახალი დიზაინის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ციფრული იდენტიფიკაციის საფულე და სხვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, მოადგილეები - გიორგი დგებუაძე, მერაბ ტურავა, ბექა ძამაშვილი და ალექსანდრე მაისურაძე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე და სააგენტოს სხვა ხელმძღვანელი პირები.

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში სამუშაო შეხვედრა გამართა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს იუსტიციის სახლის მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები. დისკუსია შეეხო მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდების კიდევ უფრო ეფექტიანი გზების შემუშავების საკითხს.

შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, მოადგილეები - გიორგი დგებუაძე, მერაბ ტურავა, ბექა ძამაშვილი და ალექსანდრე მაისურაძე, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია და იუსტიციის სახლის სხვა ხელმძღვანელი პირები.

შაბათი, 05 ივლისი, 2025

იუსტიციის სამინისტროში გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.

კომისიის სხდომაზე ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლისა და მასთან დაკავშირებული სანქციების ეფექტიანი აღსრულების მექანიზმებზე იმსჯელეს უწყებათა წარმომადგენლებმა.

კომისიის სხდომაზე განხილული საკითხები და წარმოდგენილი ახალი ინიციატივები სრულ შესაბამისობაში ევროპულ და საერთაშორისო დონეზე დადგენილ ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) სტანდარტებთან და მიზნად ისახავს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის საკითხებზე (MONEYVAL) მომუშავე ევროპის საბჭოს თემატურ ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციების ეფექტიან შესრულებას.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სხდომას უძღვებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი.

კომისიის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრის, სსიპ „შემოსავლების სამსახურის“, სსიპ „ფინანსური მონიტორინგის სამსახურის“, სსიპ „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს“, სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა“ და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა.

ღონისძიებები

დეკემბერი , 2025
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ
    1 2 3 4 5 6 7
    8 9 10 11 12 13 14
    15 16 17 18 19 20 21
    22 23 24 25 26 27 28
    29 30 31