ღონისძიებები

პარასკევი, 15 სექტემბერი, 2023

გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი და სამზარეულო სივრცე გაიხსნა

იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს ინოვაციურ, მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტო პროექტის განხორციელებას – რატი ბრეგაძემ გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლის რიგით მესამე ფილიალი გახსნა.

იუსტიციის სახლები პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, შეუზღუდავად ჰქონდეთ წვდომა სახელმწიფო და კერძო სექტორის 50-ზე მეტ სერვისზე. ფილიალები პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებსაც მოემსახურება.

დღესვე, პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, გლდანის ციხეში ახალი სამზარეულო სივრცეც გაიხსნა, რაც კიდევ უფრო აამაღლებს საკვების უსაფრთხოების ხარისხს.

სამზარეულო 3000 ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოემსახურება. 8 სახის მენიუ სხვადასხვა დაავადების მქონე პატიმრებზეცაა გათვლილი და მათი ჯანმრთელობის საჭიროებებზე სრულად არის მორგებული. სივრცეში 17 მსჯავრდებულია დასაქმებული, რომლებიც შესაბამის ანაზღაურებას იღებენ.

გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლისა და სამზარეულო სივრცის გახსნას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე ესწრებოდნენ.

ხუთშაბათი, 14 სექტემბერი, 2023

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო

მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურ მომხსენებელ ჯერარდ ქუინთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

საუბარი შეეხო იუსტიციის სამინისტროს მიერ სისტემის ფარგლებში შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებისკენ მიმართულ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, სამინისტროს მიერ პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში შშმ თემის წარმომადგენელთა ჩართულობა, პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობა და მათი საცხოვრებელი პირობები და სხვ.

ჯერარდ ქუინი საქართველოში სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის მიზანია ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და ქვეყნის გამოცდილების შეფასება.

ანგარიშს ამ მიმართულებით საქართველოში არსებული ვითარების შესახებ სპეციალური მომხსენებელი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სხდომაზე 2024 წლის მარტში წარადგენს.

სამშაბათი, 12 სექტემბერი, 2023

ლატვიის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს ოლაინის პენიტენციური დაწესებულების მუშაობის სპეციფიკა გააცნეს

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მსჯავრდებულთა გათავისუფლებისთვის მომზადების, ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლისა და სტრესის მართვის პროგრამებზე. საქართველოს დელეგაცია, ასევე, გაეცნო სამარტოო საკანსა და დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებულთა მოთავსების სტანდარტებს და პენიტენციური სამსახურის სასწავლო ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა.

საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ევროპული სტანდარტების შესაბამისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამების დანერგვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია.

ორშაბათი, 11 სექტემბერი, 2023

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს

რატი ბრეგაძე რიგაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ლატვიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელსაც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრები ესწრებიან.

მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, აგრეთვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების – ხორვატიის, კვიპროსისა და ფინეთის – იუსტიციის მინისტრებთან.

რატი ბრეგაძემ კოლეგებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული ინიციატივები განიხილა. კერძოდ, ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესში საქართველოს გამოცდილებას ევროპელი ექსპერტები გაუზიარებენ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პარტნიორებს პენიტენციურ სისტემასა და სახელმწიფო სერვისების მიმართულებით განხორციელებული რეფორმებიც გააცნო.

საუბარი შეეხო, აგრეთვე, ნოემბერში საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას, რომლის თემა პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის პროცესში ინოვაციური მიდგომები იქნება.

საქართველოს დელეგაციაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და ლატვიაში საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი არიან.

ხუთშაბათი, 07 სექტემბერი, 2023

სტრასბურგის სასამართლომ ნიკანორ მელიას დაკავება და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება კანონიერად მიიჩნია

დღევანდელი გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ნიკანორ მელიას დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება იყო კანონიერი და ევროპული კონვენციის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. ამასთანავე, სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ ნიკანორ მელიას დაკავებაში არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები და არ გაიზიარა მომჩივნის არგუმენტები.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის ივნისის აქციის მსვლელობისას ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით მიტინგზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი ეცადა პარლამენტში შეჭრას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მას ბრალი წარედგინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისათვის და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30,000 ლარის ოდენობით. სასამართლომ დააწესა მისი ელექტრონული მეთვალყურეობა.

2020 წლის 1-ელ ნოემბერს მიმდინარე აქციაზე, ნიკანორ მელიამ პროტესტის ნიშნად მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური, რითაც დაარღვია გირაოს პირობები. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს თანხა გაზარდა 40,000 ლარით. ვინაიდან ნიკანორ მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას აღკვეთის ღონისძიება - გირაო შეეცვალა პატიმრობით. გირაოს თანხის შეტანის შემდეგ, იგი 2021 წლის 10 მაისს გათავისუფლდა.

ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს არგუმენტაცია (წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად) და მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ არ დარღვეულა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი.

სამშაბათი, 05 სექტემბერი, 2023

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები ცნობილია

იუსტიციის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი დასრულდა. ნოტარიუსობის მსურველებიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, 75 ქულა და მეტი, 79-მა აპლიკანტმა გადალახა.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ორეტაპიანი იყო. გამოცდის პირველი ნაწილი ზოგად უნარებში 1 აგვისტოს ჩატარდა და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 144-მა მონაწილემ გადალახა. მეორე ეტაპი კი პროფესიულ გამოცდას დაეთმო.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღება იუსტიციის სასწავლო ცენტრში 2023 წლის 26 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. თავდაპირველად, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების სურვილი 185-მა პირმა გამოთქვა.

მონაწილეებს, რომლებმაც პროფესიული ეტაპი წარმატებით გაიარეს, სერტიფიკატები გადაეცემათ.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ სახალხო დამცველს უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო

სამუშაო შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი უძღვებოდა. მინისტრის პირველმა მოადგილემ საკუთრების უფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის როლს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციის პროცესში.

მიწის სისტემური რეგისტრაციის, დამისამართებული საქართველოსა და ბიზნესსუბიექტების ხელახალი რეგისტრაციის რეფორმების შედეგების შესახებ შუალედური პრეზენტაცია ლევან იოსელიანს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ წარუდგინა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა, აგრეთვე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციურ შესაძლებლობები გენდერული ბალანსისა და შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებებით.

საუბარი შეეხო იუსტიციის სამინისტროში დასაქმებულთა შრომით უფლებებს. აღინიშნა, რომ სამინისტრო თანამშრომლების ინტერესებსზე ორიენტირებული უწყებაა და მუდმივად ზრუნავს მათი პირობების გაუმჯობესებაზე.

იუსტიციის სამინისტრო სახალხო დამცველის ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.

ორშაბათი, 04 სექტემბერი, 2023

საქართველოსა და შვეიცარიას შორის მიგრაციის სფეროში 2022 წელს ხელმოწერილი მემორანდუმის იმპლემენტაციის მიზნით კონსულტაციათა მეორე რაუნდი გაიმართა

შვეიცარიის დელეგაციას საქართველოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სახელით იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა უმასპინძლა.
„საქართველოსა და შვეიცარიაში მიგრაციის მართვის სისტემები, პრაქტიკულად, იდენტურია, რაც ორმხრივი თანამშრომლობის წარმატების გარანტია“, – აღნიშნა თამარ ტყეშელაშვილმა შვეიცარიის მიგრაციის საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხთა განყოფილების უფროს ქრისტინა პრობსტ-ლოპესთან შეხვედრისას.


მხარეებმა ორმხრივ კონსულტაციებზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: არალეგალური მიგრაციის პრევენცია, თავშესაფრის საკითხები, საპროექტო თანამშრომლობა და მემორანდუმით გათვალისწინებული სხვა მიმართულებები.

იუსტიციის სამინისტროს გარდა, სამუშაო შეხვედრაში ჩართული იყვნენ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სხვადასხვა წევრი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.

ღონისძიებები

მაისი , 2024
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 1
  • 2
  • 3