ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს ლექციებს ევროკავშირში ინტეგრაციის სამართლებრივი ასპექტების შესახებ

1-ელ ივნისს შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რა დადებითი გავლენა ექნება ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციას და რა როლი აქვს იუსტიციის სამინისტროს ამ მიმართულებით.

საჯარო ლექციების მიზანი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების იდეის პოპულარიზაცია და სტუდენტებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის გაზრდაა.

იუსტიციის სამინისტრო ლექციების ჩატარებას ევროკავშირში ინტეგრაციის სამართლებრივ ასპექტების შესახებ ქუთაისისა და ბათუმის უნივერსიტეტებშიც გეგმავს.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა მოადგილეებთან და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთად, საქმიანობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის აღსრულების პოლიციელებს სპეციალური სახელმწიფო წოდებები მიანიჭა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გამოუცხადა.

,,ადამიანის ღირსებაზე და მისგან მომდინარე ყველა უფლების დაცვაზე ორიენტირებულ აღსრულების პოლიციას ვულოცავ პროფესიულ დღეს. აღსრულების პოლიციელები დგანან საქართველოს სამსახურში და იცავენ საკუთრების უფლებას, რაც დიდი პასუხისმგებლობაა. იუსტიციის სამინისტრო მხარდაჭერას უცხადებს თითოეულ პოლიციელს და ზრუნავს მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სოციალური გარანტიების განმტკიცებისთვის“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მინისტრი აღსრულების პოლიციის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს და მიღწეულ შედეგებს გაეცნო. 2022 წლის აპრილიდან დღემდე აღსრულების ბიუროს მიერ მხარეთა შორის მორიგებით დასრულებულმა საქმეებმა 88 % შეადგინა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროში ჟურნალ „იუსტიციის“ მეოთხე ნომრის პრეზენტაცია და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

სამეცნიერო სტატიების გარდა, ჟურნალის ახალ ნომერში გამოქვეყნებულია მნიშვნელოვანი ინტერვიუები; სამართლის კლასიკად აღიარებული ნაშრომების ქართულენოვანი თარგმანები; სტატიები იმ პირთა შესახებ, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სამართლებრივი აზრის განვითარებაში.

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულირების საკითხებსა და ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც იმსჯელეს. შედარებით - სამართლებრივ კონტექსტში განხილულ იქნა ხელოვნური ინტელექტის რეგულირების სფეროში მომზადებული პროექტები და ინოვაციური მიდგომები.

სხდომაზე ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებული ნარკვევები და გაანალიზებული იქნა ხსენებული დოკუმენტის სამართლებლივი მოწესრიგების ძირითადი მახასიათებლები.

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი და საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

რატი ბრეგაძემ ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით ჰააგის კონვენციას მოაწერა ხელი

იუსტიციის მინისტრმა სამოქალაქო და კომერციულ საკითხებზე საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვის საკითხები ჰააგის კონფერენციის წარმომადგენლებთან განიხილა.

იუსტიციის სამინისტრო ჰააგის კონფერენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საერთაშორისო კონვენციების იმპლემენტაციას, რომლის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ევროკავშირის წევრ და სხვა სახელმწიფოებში დაიცვან სამართლებრივი ინტერესები, როგორიცაა, სხვებს შორის, ოფიციალური დოკუმენტების მიღება და ჩაბარება; სასამართლო დავების წარმოება და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება; საოჯახო დავების შემთხვევაში ბავშვთა ინტერესების დაცვა.

ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერა „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახური რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციასა და „რჩენის ვალდებულებების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმს. კონვენციისა და ოქმის რატიფიკაციის შემდეგ ბავშვთა სასარგებლოდ ალიმენტის მიღება შესაძლებელი გახდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშობლები სხვა სახელმწიფოებში იქნებიან.

კონვენციასთან შეერთება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან და ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარეობს და ის ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთიან სამართლებრივ სივრცეში საქართველოს თანამშრომლობასა და ბავშვთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებას.

გაზიარება
ბეჭდვა

რატი ბრეგაძემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარესთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარე პიოტრ ჰოფმანსკის შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც სასამართლოს ერთ-ერთი დამფუძნებელი სახელმწიფო, ყოველთვის მხარს უჭერდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მისი ინსტიტუტების საქმიანობას, რაც წლების განმავლობაში სამაგალითო თანამშრომლობაში გამოიხატება.

მინისტრმა სასამართლოს თავმჯდომარესთან თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული ინიციატივები განიხილა.

იუსტიციის სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვას საერთაშორისო სასამართლოებში.

გაზიარება
ბეჭდვა

Europris-თან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 2023 წლის ნოემბერში საქართველო პენიტენციური სამსახურების მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლებს

ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ციხეებისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპული ორგანიზაციის (EuroPris) აღმასრულებელ დირექტორ გუსტავ ტალვინთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რის საფუძველზეც 2023 წლის ნოემბერში საქართველო პენიტენციური სამსახურების მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლებს.

ნოემბერში დაგეგმილი მაღალი დონის კონფერენციის თემა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის პროცესში არსებული ინოვაციები იქნება. კონფერენცია საერთაშორისო ხასიათისაა და მასში პარტნიორ სახელმწიფოთა იუსტიციის მინისტრები, პენიტენციური სისტემების გენერალური დირექტორები და სფეროს ექსპერტები მიიღებენ მონაწილოებას. კონფერენციის პარტნიორია ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო (INL).

მინისტრმა Europris-ის აღმასრულებელ დირექტორს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო.

ევროპრიზი წარმოადგენს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პენიტენციური სისტემების გაერთიანებას, რომლის წევრი საქართველოცაა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა Eurojust-ის პრეზიდენტთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის ქვეყნების თანამშრომლობის ორგანოს (Eurojust) პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა Eurojust-სა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან სისხლის სამართლის სფეროსა და ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას, რაც ევროინტეგრაციის პროცესში სექტორული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის ეფექტიანი და კოორდინირებული მოქმედებების დადებით გავლენას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე.

რატი ბრეგაძემ Eurojust-ის პრეზიდენტს ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსის მოპოვების პროცესში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი და იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის ახალი ინიციატივები გააცნო.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი წარმატებით დასრულდა

პროექტში „იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანის უფლებათა სამართალში“ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტის 70-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გახდა. ასევე, გამოვლინდა საუკეთესო მომხსენებელი, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტს წარმოადგენდა.

საგანმანათლებლო პროექტისთვის გრანტი იუსტიციის სამინისტრომ გასცა და ის მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებას. მონაწილე სტუდენტებს პროექტი საშუალებას აძლევს, განივითარონ იურიდიული კარიერისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, აიმაღლონ კვალიფიკაცია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სისტემის მიმართულებით და შექმნან საკონტაქტო ქსელი.

იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალური ეტაპი საირმეში გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსი მანანა ბეგიაშვილი და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ნინო ნიკოლაიშვილი დაესწრნენ.

ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესი „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს“ (ELSA Georgia) ორგანიზებით განხორციელდა. პროექტი 6 თვის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად წარიმართა. იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებმა ადამიანის უფლებათა შესახებ სალექციო კურსები მოისმინეს, დეტალურად გაეცნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრინციპებსა და პრაქტიკულ ასპექტებს.

წლევანდელი იმიტირებული სასამართლო პროცესის თემა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ბავშვთა უფლებები იყო.

იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს 17 საუკეთესო პროექტი დაფინანსდა. სამინისტროს წარმომადგენლები დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ.