ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

"ციფრული იუსტიციის სახლი" - სერვისების მიღება მობილური აპლიკაციის საშუალებით

მომხმარებელს ასობით სახელმწიფო სერვისის მიღება იუსტიციის სახლსა თუ საზოგადოებრივ ცენტრში ვიზიტის გარეშე, მობილური ტელეფონის გამოყენებით, დისტანციურად შეეძლება, ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

რატი ბრეგაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო ინოვაციური პროექტის - "ციფრული იუსტიციის სახლის" დანერგვას გეგმავს. პროექტი მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, ნებისმიერი სერვისი მობილური აპლიკაციის საშუალებით, სახლიდან გაუსვლელად მიიღოს.

მობილური აპლიკაცია იქნება იუსტიციის სახლების განვითარების თანამედროვე და ციფრული გაგრძელება.

გაზიარება
ბეჭდვა

მსჯავრდებული სტუდენტებისთვის ციფრული უნივერსიტეტი შეიქმნება

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, მსჯავრდებული სტუდენტებისთვის ციფრული უნივერსიტეტი დაარსდება. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, "ინოვაციური იდეა უნივერსიტეტებისთვის ელექტრონული პლატფორმის შექმნას მოიაზრებს, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე სტუდენტებს ციფრულ მომსახურებას შესთავაზებს".

მსჯავრდებულებისთვის ციფრული უნივერსტეტის შექმნაზე რატი ბრეგაძემ სამინისტროს 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, "ციფრული უნივერსიტეტი გაზრდის პატიმრებში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას და დაინტერესებას, რაც ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას".

უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ციფრული უნივერსიტეტი ფუნქციონირებას სექტემბრიდან დაიწყებს, რაც მსჯავრდებულ სტუდენტებს სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალებას მისცემს, განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ციფრული უნივერსიტეტი მსჯავრდებულ სტუდენტებს ინდივიდუალურად მეცადინეობის შესაძლებლობას მისცემს. მათ შეეძლებათ, დაესწრონ ონლაინ ლექციებს; ჰქონდეთ ინტერაქტიული კომუნიკაცია ლექტორებთან.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტრო პრობაციონერთა კონტროლის ინოვაციურ მექანიზმს ნერგავს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლის ახალი მექანზმი ამოქმედდება. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი სისტემა Probbox, პრობაციონერთა კონტროლსა და რეგისტრაციას მუნიციპალური კუთვნილების გარეშე განახორციელებს - ამის შესახებ დღეს 10 იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, Probbox სისტემა აღჭურვილი იქნება ვიდეო გადაღებისა და დაქტილოსკოპიური აპარატით. პრობაციონერის გამოცხადება probbox-თან, ასევე, მის მიერ განრიგის დარღვევა ავტომატურად აისახება საქმისმწარმოებელი ოფიცრის ბაზაში. Probbox ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში განთავსდება.

"პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის ახლებური მექანიზმი, მსჯავრდებულს გაუადვილებს მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და ამავდროულად დაზოგავს ადამიანურ რესურსს" - დასძინა რატი ბრეგაძემ სამოქმედო გეგმის პრეზეტაციაზე.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა

თუ თქვენ ცხოვრობთ სოფელში, რომელიც იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრს დაშორებულია, ხანგრძლივი მგზავრობა აღარ მოგიწევთ. „მობილური იუსტიციის სახლი“ სოფელშივე მოგაკითხავთ და თქვენთვის სასურველ სერვისს სახლიდან გაუსვლელად, ადგილზე მიიღებთ. ეს იუსტიციის სამინისტროს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ერთ- ერთი კომპონენტია. ონლაინ უნივერსიტეტი, პერსონალური ასისტენტი, ჯასთ აპი (Just App) და პრობბოქსი (Probbox) . უწყება მომდევნო 10 წლის განმავლობაში კიდევ ათეულობით ახალი მომსახურების დანერგვას გეგმავს.

Just App იგივე „ციფრული იუსტიციის სახლი“ იუსტიციის სამინისტროს მიერ დაგეგმილი ერთი - ერთი მასშტაბური პროექტია. შეიქმნება ერთიანი სახელმწიფო აპლიკაცია ( Just App) , რომელშიც ელექტრონული სერვისები მოიყრის თავს. Just App-ის საშუალებით, მოქალაქეს სახელმწიფო სერვისების დისტანციურად მიღება საკუთარი მობილური ტელეფონის გამოყენებით, იუსტიციის სახლში ვიზიტის გარეშე შეეძლება.

იუსტიციის სახლი სრულიად ახალ კონცეფციას შესთავაზებს ბიზნეს სექტორსაც. „პერსონალური ასისტენტის“ მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის დისტანციური კონსულტაციისა თუ მომსახურების უზრუნველყოფა იქნება. ეს მომსახურება განსაკუთრებით ბიზნეს ორგანიზაციებისთვის იქნება მოსახერხებელი. ამასთან, იუსტიციის სახლი პრემიუმ მომსახურებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სივრცეებს შექმნის, სადაც ბიზნეს სუბიექტი, მხოლოდ ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული სერვისის მიღებას, სრულიად განსხვავებული კონცეფციის გარემოში შეძლებს.

Probbox - ეს იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი ინოვაციური პროექტია. თუ აქამდე პრობაციონერებს რეგისტრაციისთვის შორ მანძილზე უწევდათ სიარული, ახლა ამ პროცედურას უკვე probbox - ის საშუალებით გაივლიან. მოწყობილობა იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ადგილობრივ მუნიციპალურ შენობებში განთავსდება. მასში ჩამონტაჟებული სხვადასხვა სახის საიდენტიფიკაციო მოწყობილობების საშუალებით კი პრობაციონერებისთვის რეგისტრაცია უკვე გაცილებით მარტივი გახდება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი კვლავ დანაშაულის პრევენცია, პრობაცია, მსჯავრდებულთა პროფესიული გადამზადება, მცირე ზომის, საოჯახო ტიპის დაწესებულებებისა და სრულიად ახალი ტიპის საპატიმროების მშენებლობაა. პირველად საქართველოში, ევროპული სტრანდარტების, 700 - მდე მსჯავრდებულზე გათვლილი საპატიმრო დაბა ლაითურში უკვე მომდევნო წლის დასაწყისში გაიხსნება.

მსჯავრდებულთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ციფრული უნივერსიტეტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. პროექტი პატიმრებისთვის ისეთ ონლაინ სალექციო კურსებს უზრუნველყოფს, რომლებსაც სხვადასხვა უნივერსიტეტში აკრედიტირებული ლექტორები გაუძღვებიან.

სამინისტრო კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს საბჭოთა სამართლებრივი მემკვიდრეობის აღმოფხვრის მიზნითაც. მომზადდება საკანონმდებლო ცვლილებები, რათა მოქმედი სამართლებრივი ნორმები სრულად მიესადაგოს თანამედროვე სამართალში დამკვიდრებულ სტანდარტებს. საქართველოში აღარ იარსებებს საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი არც ერთი სამართლებრივი ინსტიტუტი და მიდგომა.

სამინისტროს სტრატეგიულ მიმართულებად რჩება მიწის ფონდის რეგისტრაცია. სამოქმედო გეგმის პერიოდში დასრულდება მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაციის პროცესი. დარეგისტრირდება 1 000 000 ჰა-ზე მეტი ფართობი, რაც დამატებით 1 200 000-მდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ნიშნავს. დამისამართდება 2700-მდე სოფელი და შეიქმნება სრულყოფილი სამისამართო რეესტრი.