ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების პროცესში საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროების როლზე ისაუბრეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოიწონა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმდა. დოკუმენტი საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთობის გაძლიერებას ითვალისწინებს. ილჰამ ალიევმა გამოხატა ერთობლივი პროექტების განხორციელების ინიციატივა და სამინისტროებს თავის მხარდაჭერა დაუფიქსირა.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს მორიგი გამარჯვება 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს შემდეგ საქართველომ მორიგი გამარჯვება მოიპოვა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი მძიმე დარღვევები შეერაცხება რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების კონკრეტულ წარმომადგენლებს.


კერძოდ, ჰააგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა დაკავების ბრძანებები გამოსცა 3 ბრალდებულის მიმართ: მიხაილ მინძაევი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი); ჰამლეტ გუჩმაზოვი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შს სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი); დავით სანაკოევი (მითითებულ პერიოდში ე.წ. ომბუდსმენი). გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, გამოკვეთილია აწ გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის (მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილე) როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას.


პროკურორის ოფისის მიმართვა დაპატიმრების ორდერების გამოცემის თაობაზე კონკრეტულად უკავშირდება რუსეთის მიერ ოკუპაციის პირობებში, ქართველი სამოქალაქო მოსახლეობის უკანონო დაკავების, არაადამიანური მოპყრობის, მძევლად აყვანისა და შემდგომი უკანონო გადაადგილების ფაქტებს. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოს მსგავსად, ჰააგის სასამართლოს პროკურორიც პირდაპირ აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ.


2016 წლიდან საქართველოს მთავრობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციით, გენერალური პროკურატურისა და ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, აქტიურად თანამშრომლობდა ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისთან და აწვდიდა გამოძიების ჯეროვანი წარმართვისათვის საჭირო სრულყოფილ ინფორმაციასა და მტკიცებულებებს. პროკურორის ოფისს მიეწოდა, სხვებს შორის, სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმის მოსაგებად შეგროვებული და წარდგენილი ასეულობით მტკიცებულება.


ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის ახლანდელი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების წარდგენის შედეგი და სტრასბურგის ისტორიული გამარჯვების ლოგიკური გაგრძელებაა.


საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ჰააგის სასამართლოსთან, რათა საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ ყველა სხვა დანაშაულზე აღსრულდეს საერთაშორისო მართლმსაჯულება.


რაც შეეხება დაპატიმრების ორდერების აღსრულებას, რომის სტატუტის (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებელი დოკუმენტის) ყველა წევრ-სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ ითანამშრომლოს ჰააგის სასამართლოსთან პირის დაკავების და სასამართლოსთვის გადაცემის კუთხით. ამ მიზნით საქართველო სრულად ითანამშრომლებს სასამართლოსთან, რათა დამნაშავე პირები წარსდგნენ საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე.
აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, ჰააგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოებში ქართული მხარის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და ადასტურებს, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველი სამხედროები მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით.

გაზიარება
ბეჭდვა

რატი ბრეგაძე: „ჩვენ ვისაუბრეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობებზე“

„ჩვენ ვისაუბრეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობებზე“, – ასე შეაფასა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოში გამართული შეხვედრა. რატი ბრეგაძე მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას და აზერბაიჯან-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ არზუ ნაგიევს შეხვდა.

„ჩვენ ვისაუბრეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობებზე; ვისაუბრეთ იმ დოკუმენტზე, რომელიც დღეს გავაფორმეთ და რომელიც გულისხმობს იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას და გამოვთქვით იმედი, რომ დღეს ხელმოწერილი დოკუმენტი თავის წვლილს შეიტანს ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და განვითარებაში“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძის ვიზიტი აზერბაიჯანში დღეს დაიწყო. მან უკვე გამართა შეხვედრა თავის აზერბაიჯანელ კოლეგა ფიქრათ მამადოვთან, რომლის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დღესვე რატი ბრეგაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამსახურისა და ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ულვი მეჰდიევსაც შეხვდება; ხვალ კი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ქალთა და არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებულებას მოინახულებს.

გაზიარება
ბეჭდვა

რატი ბრეგაძე: „საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა უფრო ინტენსიურ ფაზაში გადადის, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობის გაგრძელებაა“

„საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა უფრო ინტენსიურ ფაზაში გადადის, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობის გაგრძელებაა“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა. იუსტიციის მინისტრის თქმით, თანამშრომლობის გაღრმავება ორი ქვეყნის მეთაურების დამსახურებაა, რომლებიც ცდილობენ, მეზობელ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო განავითარონ.

საქართველოს და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. რატი ბრეგაძის თქმით, დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის უსაფრთხოების კიდევ უფრო განვითარებას.

"ხელშეკრულება, რომელსაც ჩვენ დღეს მოვაწერეთ ხელი, ხელს შეუწყობს ურთიერთობის განვითარებას ორი ქვეყნის ახალგაზრდა იურისტებს შორის, ასევე, ჩვენ ერთობლივი ძალებით გავაძლიერებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ ვებრძოლოთ დოკუმენტების გაყალბებას და, რა თქმა უნდა, სამართლის სფეროს ერთობლივად განვითარებისთვის გადავდგამთ ნაბიჯებს; არ დავიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა იყოს კიდევ უფრო მეტად მტკიცე და, საბოლოო ჯამში, ჩვენს მოქალაქეებს შორის ურთიერთობა იყოს სამართლებრივად კიდევ უფრო მეტად დაზღვეული, რაც ჩვენი ქვეყნების უსაფრთხო განვითარებისათვის ახალ ეტაპზე გადასვლას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ფიქრათ მამადოვის თქმით, „მემორანდუმი ასახავს დღევანდელობას, დღევანდელ ვითარებას და იმ გამოწვევებს, რაც დღეს არსებობს მსოფლიოში“. მან აღნიშნა, რომ თანამშრომლობის განსაკუთრებული სფეროებია საინფორმაციო კომუნიკაციები და ტექნოლოგიები, სერვისების განვითარება და სხვა.

„ჩვენი თანამშრომლობის სფეროში შედის, ასევე, მსჯავრდებულთა სოციალური რეაბილიტაციის შესახებ გამოცდილების გაზიარება. მედიაციის განვითარება, ექსპერტების შეხვედრები, ვიზიტები, კონფერენციები, სიმპოზიუმები, სემინარები, რომლებიც ტარდება ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა მან.

რატი ბრეგაძის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იუსტიციის მინისტრ ფიქრათ მამადოვთან ორმხრივი შეხვედრით დაიწყო. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას ის ინოვაციები გააცნო, რომლებსაც ქვეყანაში იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს.

ვიზიტის პირველ დღეს რატი ბრეგაძე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას, აგრეთვე, აზერბაიჯან-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ არზუ ნაგიევს შეხვდება.

დღესვე იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ღირსების ხეივანს ესტუმრა და ჰეიდარ ალიევის საფლავი გვირგვინით შეამკო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში 10 მარტს დასრულდება.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი შვეიცარიის ელჩს შეხვდა

რატი ბრეგაძემ და ჰაიდი გრაუმ საქართველოსა და შვეიცარიის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

მინისტრმა შვეიცარიის ელჩს იუსტიციის სამინისტროს განვითარების ათწლიანი სტრატეგია გააცნო. ჰაიდი გრაუ განსაკუთრებით დაინტერესდა მომსახურების სფეროში დაგეგმილი რეფორმებით, მათ შორის, ისეთი ნოვაციებით, როგორიცაა: მობილური იუსტიციის სახლი, პერსონალური ასისტენტი, პრობბოქსი, ციფრული უნივერსიტეტი, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა და სხვა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი და შვეიცარიის ელჩი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

გაზიარება
ბეჭდვა
გაზიარება
ბეჭდვა

რატი ბრეგაძე: „მინდა, ვკითხო ხალხს, ვინც არეულობის უკან დგას, მზად არიან, ჩახედონ 2008 წელს დაღუპული ბიჭების მშობლებს თვალებში?“

„მინდა, ვკითხო ხალხს, ვინც არეულობის უკან დგას, მზად არიან, ჩახედონ 2008 წელს დაღუპული ბიჭების მშობლებს თვალებში? ან მათ, ვინც შეიძლება დაიღუპოს საქართველოში სამხედრო შეტაკებისას ან ომიანობის შემთხვევაში? ერთხელ მაინც მოუნახულებიათ ქართველი ჯარისკაცების საფლავები ან ქართული ჯარისთვის რამე გაუკეთებიათ?“ – ასეთი კითხვით მიმართა ოპოზიციის ნაწილს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძის თქმით, ბოლო პერიოდში დეზინფორმაციული კამპანია ხორციელდება, რომლის მიზანია, საქართველო მოექცეს საომარი ვითარების ეპიცენტრში. იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ამ მიზნისთვის ოპოზიციის ნაწილი საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობაზე საუბრობს და პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს, „მიზანი კი არის, რომ ქვეყანაში დაიწყოს არეულობა... ჩვენ ვიხილოთ ისევ მტრის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე“.

რატი ბრეგაძემ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს პერიოდი ქართულ ჯარში უპრეცედენტო აღმავლობის პერიოდი იყო.

„ამ პერიოდში ქართულ ჯარში იყო უპრეცედენტო აღმავლობა. ყველამ იცის, როგორი ზრუნვა იყო ქართულ ჯარზე, დაწყებული ფორმებიდან, კვებით, შეიარაღებით, გადაიარაღებით დასრულებული, და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა ქართულ ჯარში ის ეპოქა, როდესაც ჩვენი ჯარისკაცები გადაადგილდებოდნენ საბჭოთა „კრაზებით“ და ძველი საბჭოთა მანქანებით. ასეთი მაღალი დონის თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან არასდროს ყოფილა; მთელი ქმედებები მიმართული იყო იქით, რომ რაც შეიძლება ამაღლებულიყო მოტივაცია ქართულ ჯარში და ჯარში სამსახური გამხდარიყო რაც შეიძლება პრესტიჟული და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს იმის შესახებ, რას ემსახურება ქართული ჯარი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძემ ქართულ ჯარში მსახურების შესახებ ოპოზიციის დამოკიდებულებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს იყო „დემორალიზაციის უბადრუკი და წარუმატებელი მცდელობა“.

„დღეს ეს ხალხი, ვინც ქართველ ახალგაზრდებს მაქსიმალურად ხელს უშლიდა იმაში, რომ ქართველ ახალგაზრდებს მიეღოთ ელემენტარული სამხედრო განათლება... მოუწოდებდნენ, რომ ჯარში არ წასულიყვნენ და „გირჩის“ მამაოდ სთავაზობდნენ გახდომას; ეს ხალხი დღეს საუბრობს ტერიტორიების დაცვაზე და მოგვიწოდებს, რადიკალური ნაბიჯები გადავდგათ, რომ ესკალაცია მოხდეს“, – აღნიშნა მან.

რატი ბრეგაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, „დღეს, ძალიან მაღალი ალბათობით, საომარ ვითარებაში ვიქნებოდით და განმეორდებოდა ის ტრაგედია, რაც იყო 2008 წელს“, რადგან ეს ძალა მზადაა, ყველა სიტუაცია თავისი მერკანტილური ინტერესებისთვის გამოიყენოს. „დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს მოსახლეობას გაიყვანს მშვიდობიან ფონზე“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.


გაზიარება
ბეჭდვა

რატი ბრეგაძე: „ჩვენი ფორმულაა მეგობრების უპირობო მხარდაჭერა და ამავდროულად საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა“

„ჩვენ ვთქვით, რა არის ჩვენი ფორმულა – ეს არის მეგობრების უპირობო და ურყევი მხარდაჭერა აბსოლუტურად ყველა პლატფორმაზე და ამავდროულად საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა, და ეს არის ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების გადაწყვეტილება, როდესაც იგი იცავს საკუთარი მოსახლეობის ინტერესებს“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.


მინისტრის თქმით, პაუხისმგებლიანი ხელისუფლება ვალდებულია, ყველა რისკი შეაფასოს სათანადოდ და არ დაუშვას არავითარი ძალადობა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე.


„შემდეგნაირად შევხედოთ სიტუაციას – საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად იმყოფება რუსეთის სამხედრო ბაზები, ქვეყნის ტერიტორიების, დაახლოებით, 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ასევე, მილიონამდე ქართველი იმყოფება რუსეთის ფედერაციაში და, ბუნებრივია, გასათვალისწინებელია, ასევე, მათი ბედი და მათი ოჯახების წევრების ბედი, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში. ასევე, ჩვენ გვყავს ჩვენი მოქალაქეები უკრაინის ტერიტორიაზე და, ბუნებრივია, უნდა მივიღოთ მხედველობაში ის ძალიან რთული უსაფრთხოების გარემოც, რომელიც ამ პერიოდში, სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა საქართველოს ირგვლივ და, ასევე, კოვიდპანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შედეგები, რომელთა დაძლევაც მეტნაკლებად ეტაპობრივად დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში ნებისმიერი პაუხისმგებლიანი ხელისუფლება ვალდებულია, ყველა რისკი შეაფასოს სათანადოდ და არ დაუშვას არავითარი ძალადობა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე. ჩვენ ეს პერიოდი გამოვიარეთ – ბოლოს, გახსოვთ, ეს იყო 2008 წლის ძალიან ტრაგიკული ომი და, ასევე, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის განმავლობაში საქართველო იმყოფება ქრონიკულად სისხლისღვრის, ომიანობის პერიოდში და, როგორც იქნა, ეს პერიოდი მეტნაკლებად დავძლიეთ და 2012 წლის მერე საქართველოში შესაძლებელი გახდა მშვიდობის შენარჩუნება. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, არის მოსახლეობის ინტერესებში და, ბუნებრივია, ჩვენი უპირობო ვალდებულებაა, რომ ყველა ეს ფაქტორი ავწონოთ და ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იყოს ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ და ჩვენი მეგობრების უპირობო და ძლიერი მხარდაჭერით“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გაზიარება
ბეჭდვა

რატი ბრეგაძე: „შესაძლებელია, კონკრეტულ შემთხვევებში რომელიმე შეფასება არ იყოს სასიამოვნოდ ჟღერადი და კარგად მოსასმენი, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მთელ რიგ იმ დადებით ქმედებებს, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად ახორციელებს უკრაინასთან მიმართებით“

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ვინც საქართველოში ცხოვრობს, უკრაინა დაკავშირებულია მრავალ დადებით ემოციასთან.

„მე შეგნებულად ვისაუბრე იმ მხარდაჭერაზე, რომელიც საქართველომ აღმოუჩინა უკრაინას. აქ არ არის მხოლოდ ხელისუფლების მხარდაჭერა, აქ არის ხალხის მხარდაჭერაც. ქართველ და უკრაინელ ხალხს აქვს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა. ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობთ უკრაინაზე, ჩემთვის, პირადად, და ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ეს დაკავშირებულია მრავალ დადებით ემოციასთან. ჩვენ გვყავს იქ ჩვენი პირადი მეგობრებიც და უამრავი ახლობელი ადამიანი, რომელთა ბედსაც განვიცდით და გულთან ახლოს მიგვაქვს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა დღეს უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ განცხადებაზეც. რატი ბრეგაძის თქმით, როდესაც უკრაინა იმყოფება საომარ მდგომარეობაში, როდესაც მიმდინარეობს ძლიერი დეზინფორმაციული კამპანია, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, ამ განცხადების შეფასების დრო არ არის. მინისტრმა, ასევე, გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ამ განცხადების გაკეთების საფუძველი სწორედ უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია გამხდარიყო.

„შესაძლებელია, კონკრეტულ შემთხვევებში რომელიმე შეფასება არ იყოს სასიამოვნოდ ჟღერადი და კარგად მოსასმენი, მაგრამ დავრჩები იმავე პოზიციაზე, რომ, როდესაც ადამიანები არიან გასაჭირში, როდესაც მათ ტერიტორიაზე არის ეს ომი... როდესაც, სხვათა შორის, მიმდინარეობს ძლიერი დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც, სამწუხაროდ, გაჩაღებულია საქართველოშიც, შესაძლოა, ამ განცხადებების მომზადებისას იქონიოს მთელმა ამ პრეისტორიამ გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა. თუმცა, როგორც ვთქვი, ამ ეტაპზე, ამ საუბრისგან თავს შევიკავებ და, პირიქით, გავაგრძელებთ მთელ რიგ იმ დადებით ქმედებებს, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად ახორციელებს უკრაინასთან მიმართებით“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.