ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს საქართველოში ავტორიზებულ  უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების შესაძლებლობა ექნებათ

პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის ციფრული უნივერსიტეტი ამოქმედდება. პროექტის რეალიზაციის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მოაწერეს ხელი.

იუსტიციის მინისტრმა წარმატება უსურვა მომავალ სტუდენტებს და მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს ციფრული უნივერსიტეტის პროექტში აქტიური ჩართულობისათვის:

"დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ ჩვენ ყველა დანაპირებს ვასრულებთ და მომავალშიც ასე გაგრძელდება", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხაზი გაუსვა პროექტ ციფრული უნივერსიტეტის მნიშვნელობას და იუსტიციის სამინისტროს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა:

"განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფმა პირებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

რატი ბრეგაძემ მიხეილ ჩხენკელს N5 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, ფეხბურთის მოედანი და სილამაზის სალონი დაათვალიერებინა.

ციფრული უნივერსიტეტი იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი შესრულებული დაპირება და უწყების განვითარების 10-წლიანი სტრატეგიის ნაწილია. პროექტი პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირებს საშუალებას მისცემს, ელექტრონულად მიიღონ განათლება საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურზე.

პენიტენციურ დაწესებულებებში ელექტრონული სწავლების მეთოდის დანერგვა და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა მსჯავრდებულთა განათლების უფლების რეალიზაციისა და მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

გაზიარება
ბეჭდვა

ამბროლაურში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდა

დღის ბოლოს, 17:10 საათზე (საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს), საზეიმო ღონისძიებაზე სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა, რის შემდეგაც ჰაერში საქართველოს დროშისფერი – თეთრი და წითელი ბუშტები გაუშვეს.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ საღამო ანსამბლების – „გორდელას“ და „ბანდეროლის“ – კონცერტით გაგრძელდა.

ევროპისკენ – ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანებული აქტივობებით იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა უწყება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობას ამბროლაურში თემატურ პავილიონებში მთელი დღის განმავლობაში მასპინძლობდა.სახალხო ზეიმში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელები.

ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების პავილიონები, ენახათ ისეთი ინოვაციები, როგორიცაა: „პრობბოქსი“, „მობილური იუსტიციის სახლი“, მიწის რეგისტრაციისათვის საჭირო ტექნიკა და სხვა.

შემეცნებით-გასართობი პროგრამა ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის იყო გათვალისწინებული. მოეწყო მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა; შემეცნებითი სივრცე „საქართველოს გზა ევროპისკენ“, ვირტუალური ტური ევროპის ქალაქებში.

ბავშვების სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად მოწყობილი იყო მეზღაპრის კუთხე, მოძრავი თოჯინების თეატრი, გიგანტური საპნის ბუშტების შოუ, ატრაქციონი.

იუსტიციის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საჯარო ლექციითაც გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ამბროლაურის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს იმ რთული და წარმატებული ბრძოლის შესახებ ესაუბრა, რომელსაც საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოებში – სტრასბურგსა და ჰააგაში აწარმოებდა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

გაზიარება
ბეჭდვა

საჯარო ლექცია „საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა სამართლებრივი გზებით“ – 26 მაისს იუსტიციის სამინისტრო ამბროლაურში აღნიშნავს

ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოება და საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად სამართლებრივი ბრძოლა იყო საჯარო ლექციის თემა, რომელიც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა ამბროლაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის წაიკითხა.

მინისტრის მოადგილე მსმენელებს იმ რთული და წარმატებული ბრძოლის შესახებ ესაუბრა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოებში – სტრასბურგსა და ჰააგაში აწარმოებდა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

ბექა ძამაშვილმა განმარტა, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს შემდგომი დეოკუპაციისა და სუვერენიტეტის დაცვისათვის იმ ფაქტებს, რომ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოები გადაწყვეტილებებში აღიარებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ადასტურებენ, რომ საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა იმის შესახებაც, თუ რა სამართლებრივ ბერკეტებს აძლევს საქართველოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნიკური წმენდის დადასტურება; აგრეთვე, რუსეთის ბრალეულობის დადგენა ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობისა და წამებისთვის; სამხედროებისა და სამოქალაქო პირების არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.

ლექციაზე განიხილეს ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ დაკავების ბრძანებების გამოცემა ცხინვალის რეგიონის 3 „მაღალჩინოსნის“ მიმართ და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილის დანაშაულის გამოკვეთა; ისაუბრეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე, ამოერიცხა ან დაუშვებლად ეცნო საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ წარდგენილი 3,300-ზე მეტი საჩივარი, რომლებიც რუსეთის კოორდინაციით შევიდა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ნიკოლაიშვილმა აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხეს.

საჯარო ლექცია ამბროლაურში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს ამბროლაურში საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავს

ევროპისკენ – ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანებული აქტივობებით იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა უწყება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობას, ამბროლაურში, თემატურ პავილიონებში მასპინძლობს.

პავილიონებში წარმოდგენილია იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტები: „პრობბოქსი“, „მობილური იუსტიციის სახლი“, მიწის რეგისტრაციისათვის საჭირო ტექნიკა და სხვა.

ადგილზე მოსულ მოსახლეობას საშუალება ექნება სამართლებრივი კონსულტაცია მიიღოს ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: მიწის სისტემური რეგისტრაცია, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები და სხვ.

დღის განმავლობაში შემეცნებით-გასართობი პროგრამა ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის იქნება წარმოდგენილი.

მოეწყობა მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და შემეცნებითი სივრცე „საქართველოს გზა ევროპისკენ“. ღონისძიების მონაწილეებისთვის იმუშავებს ვირტუალური ტური ევროპის ქალაქებში.

არაერთი სიურპრიზი ელით ბავშვებს – მეზღაპრის კუთხე, მოძრავი თოჯინების თეატრი, გიგანტური საპნის ბუშტების შოუ, გიგანტური რობოტები, ატრაქციონი.

17:10 საათზე (საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დრო) შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, საღამო კი ანსამბლების – „გორდელას“ და „ბანდეროლის“ – კონცერტით დასრულდება.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა პროფესიული უნარ-ჩვევები და დარგობრივი ცოდნა გაიღრმავეს

პროექტში ,,იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანის უფლებათა სამართალში" ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტის 120-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდი გახდა. გამოვლინდა საუკეთესო მომხსენებელი და საუკეთესო წერილობითი პოზიციის ავტორი.

იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალური ეტაპი საირმეში გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი დაესწრნენ.

ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესი ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) ორგანიზებით ჩატარდა. პროექტი 6 თვის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად წარიმართა. იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებმა ადამიანის უფლებათა შესახებ სალექციო კურსები მოისმინეს, დეტალურად გაეცნენ ევროპული სასამართლოს პრინციპებსა და პრაქტიკულ ასპექტებს.

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში სულ 14 პროექტი დაფინანსდა, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებას, ინოვაციური სერვისების დანერგვას, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობასა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის შედეგად იმერეთში პრობაციონერები დასაქმდნენ

იმერეთში 10 პრობაციონერი დასაქმდა. იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის ბენეფიციარებს პროფესიული გადამზადების გავლის შემდეგ, საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა გადაეცათ.

ქუთაისში, ზესტაფონსა და ბაღდათში დასაქმებული პრობაციონერების სამუშაო პირობებსა და საქმიანობას იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი გაეცნო.

ქიმწმენდის აპარატი ავტოსამრეცხაოსათვის, მეტალოპლასტმასის საამქროში სამუშაო იარაღების ნაკრები, ხელის მოტობლოკი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის და სილამაზის სალონის მუშაობისთვის საჭირო ტექნიკა ბენეფიციარებს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის გამარჯვებულმა კომპანია „იმერეთის განვითარების ცენტრმა“ გადასცა.

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი მიზანი მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია- რესოციალიზაციის ხელშეწყობა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციაა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა

რატი ბრეგაძემ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერებისათვის გატარდა.

იუსტიციის სამინისტროს განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციიდან ერთი წლის თავზე არაერთი დაპირებაა შესრულებული:

დაინერგა და 7 რეგიონში წარმატებით მუშაობს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“; საქართველოს 6 დიდ ქალაქში განთავსდა პრობაციონერთა მომსახურების ელექტრონული სისტემა „PROBBOX“; ამოქმედდა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა – საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად, გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს მიწების აზომვა და რეგისტრაცია.

გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები – გაიხსნა 5 ახალი იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი; მშენებლობები მიმდინარეობს კიდევ 6 მუნიციპალიტეტში; დამატებით ერთი იუსტიციის სახლი ამოქმედდება თბილისში, ჰუალინგში; სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობა გაიხსნა ახალციხეში.

დაფუძნდა და გამოიცა ორენოვანი ჟურნალი „იუსტიცია“; იუსტიციის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომი გახდა უმსხვილესი ელექტრონული სამართლებრივი ბაზა „ჰეინონლაინი“ („HeinOnline“); ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა თურქეთის, ისრაელის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიის იუსტიციის სამინისტროებთან.

სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა ადმინისტრაციულ ერთეულებში – საგურამოში, გამარჯვებაში, მარტყოფში, შუახევში, ადიგენში, ასპინძაში, კაჭრეთში, ქედაში, ხობში, ზესტაფონში, სიღნაღსა და ამბროლაურში; სულ მალე კი, მოქალაქეებს ონლაინ სანოტარო მომსახურების მიღება მობილური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ.

მნიშვნელოვანი რეფორმებია პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში – გაძლიერდა პატიმართა დასაქმების პროგრამები; გრძელდება პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული აქტივობების წახალისება; რემონტდება მოედნები; მიმდინარეობს რეგულარული წვრთნები, პრობაციის ბიუროების გახსნა სიღნაღში, თერჯოლაში, ქუთაისსა და ზესტაფონში; რეფერირების ცენტრი გაიხსნა ქუთაისში; გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები მუნიციპალიტეტებთან შრომამისჯილი პირების დასაქმებისათვის.

ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, იუსტიციის სამინისტროს სამსახურების ხელმძღვანელები, სისტემის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.

იუსტიციის სამინისტროს ერთი წლის ანგარიში იხილეთ აქ

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს დაგეგმილი სიახლეები გააცნო

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის და ტერიტორიული სამსახურის თანამშრომლებს სახელმწიფო სერვისების განვითარების კუთხით დაგეგმილი სიახლეები, ასევე, უწყებაში დასაქმებულთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის მიმდინარე ღონისძიებები გააცნო.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროს პრიორიტეტია თანამშრომლებზე ზრუნვა, მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული ახალი მომსახურებების დანერგვა და არსებული სერვისების მუდმივად დახვეწა.

რატი ბრეგაძემ და მისმა პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისგან პირადად მოისმინეს ინფორმაცია უწყებაში არსებული გამოწვევების შესახებ და ამ მიმართულებით თანამშრომელთა ინიციატივები განიხილეს.

იუსტიციის მინისტრმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით კონკრეტული დავალებები მისცა და სამომავლო სამოქმედო გეგმა განსაზღვრა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები განიხილა


რატი ბრეგაძემ და მისმა მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ იუსტიციის სახლების და საზოგადოებრივი ცენტრების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისგან პირადად მოისმინეს მიმდინარე გამოწვევები, სერვისების განვითარებისა და მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით არსებული საჭიროებები.

რატი ბრეგაძემ და ერეკლე ღვინიანიძემ ყველა კონკრეტულ მუნიციპალიტეტში სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის კუთხით დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლების ინიციატივები განიხილეს.