ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

რატი ბრეგაძე: „მე-18 დაწესებულებაში თუ მოხდება მისი გადაყვანა, ბუნებრივია, მისი უსაფრთხოება იქნება დაცული“

„კონსილიუმის არცერთ დასკვნაში არ ყოფილა საუბარი, რომ მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია და, მით უმეტეს, სამოქალაქო კლინიკაში – ეს ტერმინი საერთოდ არ ყოფილა ნახსენები“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„მე-18 დაწესებულებაში თუ მოხდება მისი გადაყვანა, და ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საჭირო იქნება მისი ჰოსპიტალიზაცია, ბუნებრივია, მისი უსაფრთხოება იქნება დაცული. ამისთვის ყველა საჭირო ზომა არის გატარებული. ერთ-ერთი ტელევიზიის ხელმძღვანელი საუბრობდა იმაზე, რომ თითქოსდა იქ იგეგმებოდა ბუნტის მოწყობა და შემდგომში მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია – ამასთან დაკავშირებით სთხოვა მას იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, რომ მოსულიყო და მოეწოდებინა ინფორმაცია, თუმცა, მან ეს არ გააკეთა. ასევე, შემდგომში ვიხილეთ, რომ საუბარი იყო თითქოსდა გორის სამხედრო ჰოსპიტალზე და თითქოსდა ოსურ დაჯგუფებას უნდა გაეტაცებინა – ერთხელ და სამუდამოდ ამ ზღაპრებს უნდა შეეშვას ეს ხალხი. ყოველდღე ვრცელდება მსგავსი სახის ტყუილები. გავრცელდება ტყუილი – მუდამ ვპასუხობთ საზოგადოებას სიმართლით. ჩვენ მათ კი არ ვპასუხობთ, ჩვენ ძვირფას საზოგადოებას ვპასუხობთ, ეს ადამიანები დაიღალნენ... აქვე გეტყვით, როდესაც ვინმე ბედავს და წამებაზე საუბრობს; თვითონ პირიქით ხომ არ ახორციელებენ მორალურ ტერორს და იქით ხომ არ აიძულებენ პატიმარ სააკაშვილს, რომ შიმშილობა არ შეეწყვიტა?! როდესაც ღია ეთერებში მოუწოდებენ, რომ არ გაბედოს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ის, როგორც პოლიტიკოსი, განადგურებული იქნება... დაასრულონ ერთხელ და სამუდამოდ ამ პატიმრის გამოყენება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის. ისინი თავად ძალადობენ პატიმარ სააკაშვილზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გაზიარება
ბეჭდვა

სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ შესაძლო საარჩევნო ინციდენტებზე იმსჯელა

სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურის შემდეგ პირველი სხდომა გამართა.

კომისიის წევრებმა საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე იმსჯელეს, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდსა და კენჭისყრის დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებამ გააშუქა. შესაძლო ინციდენტებზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია სხდომას კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მიზანი საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და მათზე რეაგირებაა. 8 სექტემბრიდან კომისია კვირაში ერთხელ იკრიბება და წინასაარჩევნო პროცესში მომხდარ სავარაუდო ინციდენტებს განიხილავს. კომისია ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას მეორე ტურის დასრულებასა და არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე გააგრძელებს.

უწყებათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა ონლაინფორმატში გაიმართა. მას იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი უძღვებოდა.

გაზიარება
ბეჭდვა

რატი ბრეგაძე: „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი არის 63-ით 1, საუბარი იმაზე, რომ ვიღაც შედეგებს არ ცნობს, არის აბსოლუტურად ზედმეტი“

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის შეფასებით, არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის მარცხის მიზეზი არის ის "მორალური ტერორი, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, არამედ 2012 წლიდან, უკვე ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში, ახორციელებს საზოგადოებაზე"

რატი ბრეგაძის თქმით, ადგილობრივ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი ნება და მკაფიოდ თქვა სათქმელი. იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა მხარდამჭერს, რომლებიც მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირეს თავიანთი არჩევანი.


"ჩვენ გუშინ ვიხილეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი და ეს არის 63-ით 1 „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ეს არის ძალიან მკაფიო შედეგი... შესაბამისად, ახლა საუბარი იმაზე, რომ ვიღაც ამ შედეგს ცნობს, ვიღაც არ ცნობს, არის აბსოლუტურად ზედმეტი. მოსახლეობამ თავისი სათქმელი თქვა ძალიან მკაფიოდ“, – განაცხადა მინისტრმა.

რატი ბრეგაძის შეფასებით, ოპონენტების მარცხის მიზეზი ის ძალადობა, მორალური ტერორია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდშიც ახორციელებს საქართველოს მოქალაქეებზე.

„რა იყო ამ მარცხის მიზეზი? – ის მორალური ტერორი, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, არამედ 2012 წლიდან, უკვე ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში, ახორციელებს საზოგადოებაზე როგორც უშუალოდ პოლიტიკოსების მხრიდან, ისე მათი ტელევიზიების მეშვეობით, როდესაც ისინი პირდაპირ ძალადობენ მოსახლეობაზე“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
ოპონენტების მარცხის კიდევ ერთი მიზეზი, რატი ბრეგაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულებაა ეკლესიასთან, იმ ინსტიტუციასთან, რომლის როლი საქართველოს ისტორიაში აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციით.


„ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, თუ რა დამოკიდებულება აქვს ამ პოლიტიკურ ძალას ეკლესიის მიმართ. როგორ შეურაცხყოფას აყენებს იმ ინსტიტუტს, რომლის განსაკუთრებული მნიშვნელობა აღიარებულია კონსტიტუციით და ყველამ კარგად ვიცით, თუ რა როლი აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს ისტორიაში“, – განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება
ბეჭდვა

რატი ბრეგაძე: „დროა, ჩამოძვრნენ მაგიდებიდან და პატივი სცენ იმ სამართლებრივ წესრიგს, რომელიც არის ქვეყანაში“

„როდესაც ხედავ, რომ ბარიერი არის, რომელსაც, წესით, ვერ უნდა მისწვდე, კეთილი უნდა ინებო როგორც ადვოკატმა, ისე ნებისმიერმა სხვა პირმა და მაგიდაზე ფეხებით არ უნდა დადგე“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი Live“-ის ეთერში ადვოკატების სააკაშვილთან შეხვედრებზე საუბრისას განაცხადა.

„ბარიერის აწევასთან დაკავშირებით იყო საუბარი, თითქოსდა რომელიმე უფლება ირღვეოდა. აბსოლუტურად არცერთი უფლება არ არის დარღვეული. კოვიდრეგულაციების გამო ისინი უნდა შეხვდნენ ბარიერს მიღმა; მათ აქვთ, რა თქმა უნდა, იმ კორესპონდენციის გაცვლის შესაძლებლობა, რომელიც ეხება უშუალოდ სისხლის სამართლის საქმეებს და როდესაც ხედავ, რომ ბარიერი არის, რომელსაც, წესით, ვერ უნდა მისწვდე, კეთილი უნდა ინებო როგორც ადვოკატმა, ისე ნებისმიერმა სხვა პირმა და მაგიდაზე ფეხებით არ უნდა დადგე და არ უნდა ეცადო, რომ დაახლოებით ფრენბურთის ბურთის მსგავსად შეეცადო, გადააწოდო კორესპონდენცია, იმიტომ, რომ ამით კიდევ ერთხელ ვამბობ – ისინი საფრთხეს უქმნიან უშუალოდ მსჯავრდებულსაც, რადგან ის შუშა რომ გადაყირავდეს და, ვთქვათ, ვინმე დაზიანდეს, მერე იქნება ჩვენი პასუხისმგებლობა. სწორედ ამიტომ მათ გავუკეთეთ, ძალიან ცივილური ფორმით როგორ უნდა მიაწოდონ და დროა, ჩამოძვრნენ მაგიდებიდან და პატივი სცენ იმ სამართლებრივ წესრიგს, რომელიც არის ქვეყანაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გაზიარება
ბეჭდვა

რატი ბრეგაძე: „არავის გვეშინია და მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ ისინი კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს“

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მკაცრად აფრთხილებს ყველას, ვინც პატიმარ სააკაშვილის ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანაში ხელშეშლას გეგმავს, რომ ისინი კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს.

„ჩვენ გუშინ ყველამ ერთად ვიხილეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ჩანაწერები, სადაც საუბარია იმაზე, რომ არსებობს გარკვეული ძალები, რომლებსაც სურთ ჩვენთვის პატიმრის გადაყვანის ხელშეშლა საკმაოდ დიდი ძალებით. მე მათ გასაგონად ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან ხაზგასმით და მკაფიოდ – თუ ვინმე ამის გაკეთებას შეეცდება, ბუნებრივია, ის კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებს პასუხს, მაგრამ ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ“.

მისივე თქმით, პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ხერხი იქნება გამოყენებული, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ვერტმფრენიც:

„აბსოლუტურად არავის ეშინია. ჩვენ ვამბობთ, რომ თუკი საჭირო გახდება, პატიმრის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ყველა ხერხს, რომ დავიცვათ პირადად პატიმარი და მისი უსაფრთხოება, მათ შორის, ვერტმფრენითაც. ჩვენ აბსოლუტურად არავისი გვეშინია. მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. ტყუილად თავს ნუ შეიწუხებენ, რადგან ამით მხოლოდ ისინი აღმოჩნდებიან პასუხისმგებელნი კანონის წინაშე და მკაცრად ვაფრთხილებ“.

მან, ასევე, ისაუბრა სამინისტროს საპასუხო ნაბიჯზე იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს იტყვის.

„არსებობს დადგენილი წესები და ვიმოქმედებთ ყველა დადგენილი წესის შესაბამისად. ჩვენ კანონს არ ვარღვევთ, ვიცავთ და ვემსახურებით ამ ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის აღსრულებას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

გაზიარება
ბეჭდვა

რატი ბრეგაძე: „ხმა მივეცი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, სამართლიანობას, ევროპისა და დასავლური ცივილიზაციისაკენ განუხრელ სწრაფვას და დეოკუპაციისაკენ უდრეკ სვლას“

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საკუთარი არჩევანი №54 უბანზე უკვე დააფიქსირა. მინისტრმა მედიასთან კომენტარიც გააკეთა.

„არჩევანის გაკეთება ნამდვილად არ გამჭირვებია, დიდი ხანია, დარწმუნებული ვარ ამ არჩევანში. ხმა მივეცი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, სამართლიანობას და ევროპისა და დასავლური ცივილიზაციისაკენ განუხრელ სწრაფვას და, ასევე, რაც ჩემთვის პიროვნულად ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნის დეოკუპაციისაკენ უდრეკ სვლას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი: „სააკაშვილს არცერთხელ არ უთქვამს უარი სამედიცინო ჩარევაზე, ეს არის საზოგადოების მოტყუების ძალიან უბადრუკი მცდელობა“


იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს მთელი პატიმრობის მანძილზე არცერთხელ არ უთქვამს უარი სამედიცინო დანიშნულებაზე და გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ის უარს აცხადებს ექიმების რეკომენდაციების შესრულებაზე, ამომრჩევლის ნებით მანიპულაციის ნიმუშია.

„რაც შეეხება განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა მკურნალობა და უარი თქვა მკურნალობის გაგრძელებაზე, არის მტკნარი სიცრუე და ძალიან სამწუხაროა, როდესაც საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში და ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს, პირველ რიგში, და შემდეგ – დანარჩენ საზოგადოებას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბრალდებული/მსჯავრდებული სააკაშვილი ასრულებს ექიმების ყველა რეკომენდაციას იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და ენერგია; სხვადასხვა განცხადება კი, რაც კეთდება, მიზნად ისახავს ამომრჩევლის ნებით მანიპულაციას. „ეს არის კიდევ ერთი ძალიან დიდი ტყუილი, რომ მოატყუონ საკუთარი ამომრჩეველი, მოახდინონ მანიპულირება მათ საარჩევნო ნებაზე... ჩვენ ვიხილეთ დღეს სხვადასხვა პოლიტიკოსის განცხადება, რომლებიც ეუბნებოდნენ ამომრჩევლებს, რომ ვინც კი ხმას მისცემს სხვა ძალას, ის ხელს აწერს სააკაშვილის მკვლელობას. ეს არის სრული ძალადობა საზოგადოებაზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება არჩევნების მეორე ტურის წინ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ არის მიმართული. „მაინცადამაინც არჩევნების წინა დღეს პატიმარმა თითქოსდა უარი ითქვა მკურნალობაზე – ამ განცხადებიდან ნახევარი საათის განმავლობაში მან ისარგებლა სამედიცინო მომსახურებით და მიიღო აბსოლუტურად ყველა ის სითხე, პრეპარატი და აბი, რასაც იღებდა წინა დღეების განმავლობაში“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ მსჯავრდებულ/ბრალდებულ სააკაშვილს „არცერთხელ არ უთქვამს უარი სამედიცინო

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ნონა გაფრინდაშვილთან ერთად მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელ ქალ მსჯავრდებულებს გამარჯვება მიულოცა და საჩუქრები გადასცა

,,ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით ყველა მსჯავრდებულს მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება“, _ამის შესახებ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ,,შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ ღონისძიებაზე განცხადა. მინისტრმა ქალ მსჯავრდებულებს გამარჯვება მიულოცა და მხარდაჭერა აღუთქვა.

ტურნირში გამარჯვებული ქალი მსჯავრდებულებისთვის დაჯილდოვების ცერემონია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და იუსტიციის სამინისტროს ხელშეწყობით გაიმართა და მას შეჯიბრში მონაწილე მსჯავრდებულებიც დაესწრნენ.

ქალ მსჯავრდებულებს ტურნირში გამარჯვება მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა პირადად მიულოცა და საჩუქრად მედლები და სხვადასხვა სახეობის პრიზები გადასცა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდმა მსჯავრდებულთა შორის ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შეჯიბრი ონლაინრეჟიმში გაიმართა.დასკვნით ასპარეზობაზე 4 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა: საქართველო, რუსეთი, უკრაინა და ტრინიდად-ტობაგო. ფინალურ ბრძოლაში ქალმა მსჯავრდებულებმა რუსეთის გუნდი დაამარცხეს და გამარჯვება მოიპოვეს. See less

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ქვეკომიტეტმა საქართველოს მიერ სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის განხორციელებული რეფორმები განიხილა

2021 წლის 15 ოქტომბერს გაიმართა მართლმსაჯულების, თავისუფლების და უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ქვეკომიტეტის მეშვიდე შეხვედრა. ქვეკომიტეტის შეხვედრები, როგორც წესი, იმართება ყოველ წელს, მონაცვლეობით - თბილისსა და ბრიუსელში. მიმდინარე წელს ქვეკომიტეტის შეხვედრა გაიმართა ონლაინ რეჟიმში.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების თანამშრომლობის ფარგლებში თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების ქვეკომიტეტის შეხვედრა წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირს შორის ინსტიტუციონალური თანამშრომლობის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: სამართლის უზენაესობის, სასამართლო სისტემის და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმა; ორგანიზებული დანაშაულის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების საკითხები (მათ შორის, ფულის გათეთრება და ტერორიზმთან ბრძოლა); სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი თანამშრომლობა; მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის საკითხები და სხვ. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებულ საქმიანობას კორუფციის, ტრეფიკინგის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ასევე პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენს ევროკავშირს მიეწოდოს ინფორმაცია იმ რეფორმებსა და მიღწევების შესახებ, რომელიც ხორციელდება სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების გაძლიერებისათვის.
ქვეკომიტეტის სხდომას ქართული მხრიდან კოორდინაციას უწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს პარლამენტის; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს; საქართველოს მთავარი პროკურატურის; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; ფინანსური მონიტორინგის სამსახურის; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს; სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები.

ევროკავშირის მხრიდან ქვეკომიტეტის შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა.