ღონისძიებები

სამშაბათი, 24 სექტემბერი, 2024

ლევილში 1924 წლის სახალხო აჯანყების ასი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ეროვნული არქივის მასალები გამოიფინა

სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება თეა წულუკიანმა, რატი ბრეგაძემ, პარლამენტის წევრებმა: ელისო ბოლქვაძემ, თენგიზ შარმანაშვილმა და ბექა ოდიშარიამ გახსნეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა 1924 წლის აჯანყების როლის შესახებ ეროვნული ცნობიერების ფორმირების საქმეში და აღნიშნა, რომ ეროვნული არქივის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია მოძრაობის ამსახველი დოკუმენტები და მასალები.

ეროვნული არქივის მიერ მომზადებულ ექსპოზიციაში ასახულია ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობის ფორმები (ლოკალური აჯანყებები, მშვიდობიანი დემონსტრაციები, მიმართვები საერთაშორისო თანამეგობრობას და სხვ.), საქართველოს ემიგრანტული მთავრობის როლი ამ მოძრაობაში, 1924 წლის აჯანყების მომზადების ეტაპები, აჯანყების მარცხი და რეპრესიების მორიგი ტალღა. საარქივო მასალა ინფორმაციას გვაწვდის საბჭოთა ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესიების მასშტაბის შესახებ. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია წიგნები ტიერი ბერიშვილის პირადი კოლექციიდან.

კონფერენციის დაწყებამდე ქართული დელეგაციის წევრებმა პატივი მიაგეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ემიგრაციული მთავრობის წარმომადგენელთა ხსოვნას და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს.


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფს (GRETA) მასპინძლობს

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) დელეგაციას შეხვდა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და სახელმწიფო მუდმივად ახორციელებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის ღონისძიებებს. ამას მოწმობს არაერთი საერთაშორისო შეფასება, რომლის თანახმადაც საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნების გვერდით იკავებს მოწინავე პოზიციებს.

კერძოდ, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის ანგარიშით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 186 ქვეყანას შორის უკვე მე-9 წელია ინარჩუნებს ადგილს ე.წ. „პირველ კალათაში“. წელს შეფასების უმაღლეს სკალაში მხოლოდ 33-მა ქვეყანამ დაიკავა ადგილი.

საერთაშორისო ორგანიზაციამ - „Walk Free Foundation“, რომელიც მონობის გლობალურ ინდექსს (Global Slavery Index) ზომავს, ბოლო, 2023 წლის ანგარიშით, საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებით საქართველოს, 160 ქვეყანას შორის, მე-14 ადგილი მიაკუთვნა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა აქტიურად გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც მხედველობაში იქნება მიღებული GRETA-ს რეკომენდაციები.

აღსანიშნავია, რომ GRETA-ს დელეგაცია საქართველოს მეოთხედ სტუმრობს. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფის ძირითადი ფუნქციაა, შეაფასოს, თუ როგორ ასრულებენ სახელმწიფოები „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” ევროპის საბჭოს კონვენციით აღებულ ვალდებულებებს.

ვიზიტის ფარგლებში ექსპერტთა ჯგუფი, ასევე, შეხვდება სხვა სამთავრობო უწყებებს, საქართველოს პარლამენტს, სახალხო დამცველის აპარატს, სასამართლო ხელისუფლებას, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს.


ღონისძიებები

სექტემბერი , 2023
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ