ღონისძიებები
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე საჯარო მმართველობის ინოვაციების გაერო-ს სამიტში მონაწილეობს
საქართველოს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიას ხელმძღვანელობით გაერო-ს ინოვაციების სამიტში მონაწილეობს, რომლის მთავარი თემა საჯარო მმართველობისა და სერვისების ტრანსფორმაციაა. ლანა მორგოშიამ ღონისძიების ფარგლებში გამართული დისკუსიის მონაწილეებს საქართველოში საჯარო ინსტიტუტების მოდერნიზაციის მიმართულებით გატარებული რეფორმები გააცნო.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დაცვის მნიშვნელობაზე. ლანა მორგოშიამ აღნიშნა, რომ ინოვაციების წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ ტექნოლოგიების დანერგვაზე, არამედ მათ ეფექტურ გამოყენებაზე.
„ეფექტიანი ლიდერობა გულისხმობს არა მხოლოდ ახალი გადაწყვეტილებების პრაქტიკაში დანერგვას, არამედ პრობლემების გამოვლენასაც, ინსტიტუტების მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებას და იმის უზრუნველყოფას, რომ არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა. ტრანსფორმაციის წარმატება არ უნდა იზომებოდეს იმით, თუ რამდენ რეფორმას განვახორციელებთ ან რამდენად განვითარებული გახდება ჩვენი ტექნოლოგიები. მთავარი საზომი უნდა იყოს ის, რეალურად აუმჯობესებს თუ არა ეს ცვლილებები ადამიანების ცხოვრებას. მომავლის პერსპექტივიდან გამომდინარე, მტკიცედ გვჯერა, რომ მთავრობებმა ხელი უნდა შეუწყონ უწყვეტი სწავლის, თანამშრომლობისა და პასუხისმგებლიანი ინოვაციების კულტურის დამკვიდრებას. ლიდერებმა მუდმივად უნდა გადახედონ დამკვიდრებულ პრაქტიკას, მოუსმინონ მოქალაქეთა საჭიროებებს და შეიმუშაონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ახალ გამოწვევებს უპასუხებს. გვწამს, რომ სწორედ ამ მიდგომების საფუძველზეა შესაძლებელი მდგრადი საზოგადოებრივი ღირებულებების და უფრო ინკლუზიური საზოგადოებების ჩამოყალიბება“, – განაცხადა ლანა მორგოშიამ.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ციფრული ტრანსფორმაციის მთავარი მიზანი მოქალაქეების საჭიროებებზე ეფექტიანი რეაგირება და მათთვის სწრაფი და ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდებაა. ამის მაგალითად მან იუსტიციის სახლები დაასახელა, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფენ 600-ზე მეტი სერვისის მიწოდებას. ლანა მორგოშიამ ისაუბრა, აგრეთვე, ელექტრონულ სერვისებსა და მობილური იუსტიციის სახლის პროექტზე, რომლის მიზანი რაიონული ცენტრებიდან მოშორებით და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების შესაბამისი სერვისებით უზრუნველყოფაა.
ღონისძიებას ესწრებოდა, აგრეთვე, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში გიორგი ზაქარაშვილი.
საჯარო მმართველობის ინოვაციების სამიტი გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს ორგანიზებით ქ. ბაქოში ტარდება. ღონისძიებაში 100-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციები მონაწილეობენ.
მსჯავრდებულებმა სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე წარადგინეს
№16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მონაწილეობით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ გაიმართა. წარმოდგენა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის სამინისტროს სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ საგრანტო პროექტის ფარგლებში, ა(ა)იპ „ინოვაციური შემოქმედების ცენტრის“ მხარდაჭერით დაიდგა.
პროექტის მიზანია მსჯავრდებულთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა, მათი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება და კულტურულ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.
№16 პენიტენციურ დაწესებულებაში სპექტაკლზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. წარმოდგენის რეჟისურა, მუსიკალური და მხატვრული გაფორმება, ასევე, რეკვიზიტები თავად მსჯავრდებულებმა შექმნეს. კომედიური ჟანრის ერთმოქმედებიან სპექტაკლში 12 მსჯავრდებული და 6 პროფესიონალი მსახიობი მონაწილეობს.
მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას, გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნებას და გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას.
წარმოდგენის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებს საქართველოს საპატრიარქოსგან საჩუქრად ჯვრები და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ხელმოწერით სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მინისტრის მოადგილეები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი, მოწვეული სტუმრები და მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.
Geo
Eng