ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წელსაც უმაღლეს შეფასებას იღებს

2025 წლის 29 სექტემბერს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე, რომლის თანახმად ამ დანაშაულის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 188 ქვეყანას შორის უკვე მე-10 წელია ინარჩუნებს ადგილს ე.წ. „პირველ კალათაში“. წელს შეფასების უმაღლეს შკალაში მხოლოდ 33-მა ქვეყანამ დაიკავა ადგილი.

საქართველო წელსაც ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან უმაღლეს პირველ კალათაში ვერ მოხვდა 11 ქვეყანა.

საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, რომელიც, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და ქმნის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ამ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სტანდარტებს, განაგრძობს მტკიცე, მდგრად, თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის უმაღლეს შეფასებას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ყველა მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაძლიერებული ძალისხმევა როგორც დანაშაულის პრევენციის, ისე დამნაშავეთა გამოვლენის, დასჯისა და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით.

საქართველოს მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოწინავე პოზიციის დაკავება და საანგარიშო პერიოდში მიღწეული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია.

საბჭოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედის ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების, სახალხო დამცველის აპარატისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გაზიარება
ბეჭდვა

გლდანში იუსტიციის სახლი გაიხსნა

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გლდანში, ომარ ხიზანიშვილის ქუჩა №81-ში იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას 500-მდე სერვისს თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიაწვდის.

გლდანის იუსტიციის სახლი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან ერთად გახსნეს.

ახალი იუსტიციის სახლის შენობა 3 800 კვადრატულ მეტრს მოიცავს და ის სრულად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. ფილიალში 100-მდე პირია დასაქმებული.
იუსტიციის სახლის გლდანის ახალი ფილიალის გახსნით კიდევ უფრო გაუმჯობესდება მომხმარებელთა ნაკადის მართვა, რაც ხელს შეუწყობს ლოდინისა და მომსახურების დროის ოპტიმიზაციას.

თბილისში, იუსტიციის სახლის ცენტრალური და გლდანის ფილიალების გარდა, ფუნქციონირებს ვარკეთილის ფილიალი; მომავალში კი, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დიდ დიღომში განხორციელდება, სადაც უახლოეს მომავალში დაიწყება იუსტიციის სახლის ახალი ფილიალის მშენებლობა.

იუსტიციის სახლის მომსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ 126 ფილიალში ყოველდღიურად 20 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს, მათ შორის, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების თარიღამდე გამართულ ბოლო სხდომაზე კომისიის წევრებმა წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობა შეაჯამეს.

აღინიშნა, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს საშუალება ჰქონდათ, საარჩევნო შეხვედრები და სხვა აქტივობები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაეტარებინათ. უწყებათაშორისი კომისიის მუშაობისა და მედიამონიტორინგის შედეგად არ გამოვლენილა საჯარო მოხელეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის მნიშვნელოვანი ფაქტები.

კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილისაგან უწყების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. გიორგი შარაბიძის განცხადებით, დასრულებულია ბიულეტენების ბეჭდვა და მიმდინარეობს რეგიონებში მათი დისტრიბუციის პროცესი. საარჩევნო სიაში 3 513 818 ამომრჩეველი ფიქსირდება; კენჭისყრის დღეს გაიხსნება 3 061 უბანი, აქედან 2 284 უბანზე იქნება ელექტრონული კენჭისყრა, დანარჩენში კი – ტრადიციული; პენიტენციურ დაწესებულებებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 10 საარჩევნო უბანი მოეწყობა. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სიებში თავის გადამოწმების სერვისებით მოქალაქეებმა ისარგებლეს 600 784-ჯერ, რაც ძალიან მაღალი აქტივობაა.

მომდევნო სხდომას კომისია კენჭისყრის დღის - 4 ოქტომბრის შემდგომ გამართავს.

საარჩევნო კოდექსის საფუძველზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უზრუნველყოფს საჯარო მოხელეების მიერ კანონდარღვევის პრევენციას, რეაგირებას ყველა შესაძლო შემთხვევაზე და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს.

კომისიას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლები არიან, რაც უზრუნველყოფს კოორდინირებულ და ეფექტიან მუშაობას.

კომისიის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: iatf@justice.gov.ge ან ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 00 11.

კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე იმუშავებს.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

კომისიის წევრებმა განიხილეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საჯარო მოხელეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევების შესახებ. შესწავლის შედეგად, აღნიშნული მიმართულებით ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოვლენილა.

საარჩევნო კოდექსის საფუძველზე შექმნილი კომისია უზრუნველყოფს საჯარო მოხელეების მიერ კანონდარღვევის პრევენციას, რეაგირებას ყველა შესაძლო შემთხვევაზე და შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

კომისიას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლები არიან, რაც უზრუნველყოფს კოორდინირებულ და ეფექტიან მუშაობას.

კომისიის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: iatf@justice.gov.ge ან ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 00 11.

კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე იმუშავებს და სხდომებს კვირაში ერთხელ გამართავს.

გაზიარება
ბეჭდვა

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია თურქეთის იუსტიციის მინისტრს, ილმაზ თუნჩს შეხვდა.

მალტაში, ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ სფეროში საერთაშორისო სისხლისსამართლებრივ თანამშრომლობას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე შეთანხმდნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი მალტის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მალტის იუსტიციის მინისტრს, ჯონათან ატარდს შეხვდა.

მალტაში, ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და მალტას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ამ სფეროში საერთაშორისო სისხლისსამართლებრივი თანამშრომლობის მიმართულებაზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მალტაში, ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს.

მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის მესამე დამატებით ოქმს. დოკუმენტი სისხლის სამართლის სფეროში სახელმწიფოთაშორისი ურთიერთდახმარების მექანიზმების განახლებას და ეფექტიანობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ ისახავს მიზნად.

მინისტერიალის მთავარი თემაა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სამართლებრივი ურთიერთდახმარება. ღონისძიებაში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე კომისიის წევრებმა მოისმინეს და განიხილეს საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევების შესახებ. ასევე, ყურადღება გამახვილდა მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბთან, საპროტესტო აქციის დროს მომხდარ ცალკეულ ინციდენტზე.

უწყებათაშორისი კომისია საარჩევნო პროცესში ჩართულ სუბიექტებს მოუწოდებს, იმოქმედონ კანონით დადგენილ ფარგლებში და ხელი შეუწყონ წინასაარჩევნო პერიოდის თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში წარმართვას.

საარჩევნო კოდექსის საფუძველზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანია საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, შესაძლო შემთხვევებზე დროული რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

კომისიას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლები, რაც უზრუნველყოფს კოორდინირებულ და ეფექტიან მუშაობას.

კომისიისათვის მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: iatf@justice.gov.ge; ასევე, ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 00 11.

უწყებათაშორისი კომისია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე იმუშავებს და სხდომებს კვირაში ერთხელ გამართავს.