ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისთვის საგრანტო პროექტი მიმდინარეობს

პროექტის სახელწოდებაა „ზიანის შემცირების მიდგომების ინტეგრაციის ხელშეწყობა პენიტენციურ დაწესებულებებსა და პრობაციის პროგრამაში“.

პროექტი ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელსა“ და პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სამედიცინო დეპარტამენტებს შორის თანამშრომლობის დანერგვასა და განვითარებას.

გაიზრდება პენიტენციურ დაწესებულებებში ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულთა და პრობაციას დაქვემდებარებულ პირთა ინფორმირებულობა ზიანის შემცირების სერვისებში ინტეგრაციის, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებებზე დროული დიაგნოსტირების და მკურნალობის სერვისებში ჩართვის კუთხით. აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა: ნარკოტიკების მოხმარების და მასთან ასოცირებული დაავადებების პროფილაქტიკა/თავიდან აცილება, მკურნალობა-რეაბილიტაცია, ნარკოტიკების ინიექციურ მოხმარებასთან ასოცირებული სხვა დაავადებისა და ზედოზირების გავრცელების შემცირება/თავიდან აცილება; ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლის გაუმჯობესება და ამ მიმართულებით ცოდნის ამაღლება.

იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს 17 საუკეთესო პროექტი დაფინანსდა. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ.

გაზიარება
ბეჭდვა

გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კომიტეტის სესიაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ანგარიში განიხილეს

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის 28-ე სესიაზე სიტყვით წარსდგა. ბუბა ლომუაშვილმა გაერო-ს კომიტეტს ინფორმაცია მიაწოდა იუსტიციის სამინისტროს მიერ შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით გატარებული რეფორმების შესახებ. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხს, რასაც იუსტიციის სახლები მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს; ინოვაციურ პროექტ „მობილურ იუსტიციის სახლს“, აგრეთვე, საქართველოს წარმატებას ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით.

გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის 28-ე სესიაზე ქართულ დელეგაციას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველ ნიკო თათულაშვილის ხელმძღვანელობდა. დელეგაცია დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა სამინისტროსა და სახელმწიფო უწყების მაღალი თანამდებობის პირების მიერ.

კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და ხაზი გაუსვა შშმ პირთა შესახებ საქართველოს კანონის მიღების და უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის მნიშვნელობას. დასკვნით მოსაზრებებს და რეკომენდაციებს გაერო მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოსა და ისრაელის იუსტიციის სამინისტროები, პროფესიული სემინარის ფარგლებში, ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ

პროფესიული სემინარი ორ ქვეყანას შორის წარმატებული დარგობრივი თანამშრომლობის შედეგია, რომელიც ბოლო წლებში უფრო ინტენსიური გახდა. ისრაელისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროების მჭიდრო პარტნიორობა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმითა და ერთობლივი დეკლარაციითაა განსაზღვრული, რომელთაც, შესაბამისად, 2021 და 2022 წლებში საქართველოსა და ისრაელის იუსტიციის მინისტრებმა მოაწერეს ხელი. სხვა აქტივობებთან ერთად, მემორანდუმი და დეკლარაცია, პროფესიული სემინარის ფორმატში, უწყებებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასაც ითვალისწინებს.

ღონისძიება იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა გახსნა. „დარწმუნებული ვარ, სემინარი საუკეთესო პლატფორმა იქნება მხარეებს შორის გამოცდილების გაცვლისა და პარტნიორობის გაღრმავებისათვის“, – აღნიშნა მან.

საქართველოსა და ისრაელის იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები დისკუსიას გამართავენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ელექტრონული მმართველობა და სამართლებრივი დოკუმენტების დიგიტალიზაცია; ციფრული მმართველობის პოლიტიკა; მიწისა და ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურები; ელექტრონული სანოტარო სერვისები; სისხლის სამართლის რეფორმა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; არასაპატიმრო სასჯელები, განრიდება და მედიაცია; ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და სხვა.

ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოსა და ისრაელის იუსტიციის სამინისტროების; სერვისების განვითარების სააგენტოს; ნოტარიუსთა პალატის; ციფრული მმართველობის სააგენტოს; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს; არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების, დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს; აგრეთვე, ჯანდაცვის სამინისტროს, უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები See less

გაზიარება
ბეჭდვა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის მიერ ოკუპირებული 2008 წლის აგვისტოს ომამდეც იყო და რუსეთი სრულად პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევებზე

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მამასახლისი და სხვები საქართველოს და რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ 2008 წლის აგვისტოს ომამდეც იყო და რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება 2021 წლის 21 იანვარს მოიპოვა და დადასტურდა, რომ 2008 წლიდან მოყოლებული, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. წინამდებარე საქმეში კი, პირველად დადგინდა რუსეთის პასუხისმგებლობა 2008 წლის ომამდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების გამო. კერძოდ, მომჩივანები ლევან მამასახლისი და გრიგოლ ნანავა, 2001-2007 და 2003-2005 წლებში უკანონოდ დააკავეს და დააპატიმრეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, დრანდას ციხეში. ისინი დაექვემდებარნენ არაადამიანურ მოპყრობას და მათ არ ეძლეოდათ უფლება, ენახათ თავიანთი ოჯახის წევრები.

მოცემული ფაქტებისა და მთავრობის მიერ მიწოდებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილ ადამიანის უფლებათა ამ დარღვევებზე სრულად პასუხისმგებელია რუსეთი, რადგან იგი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს აფხაზეთზე, 2008 წლის აგვისტოს ომამდეც. სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, თუმცა ის 1990-იანი წლებიდან მოყოლებული არ ექვემდებარება საქართველოს ცენტრალური მთავრობის კონტროლს რუსეთის მხრიდან გადამწყვეტი სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ჩარევის გამო.

ამასთან, ევროპული სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებით, უკვე სამართლებრივად დადასტურდა 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია და 1990-იან წლებში აფხაზების სასარგებლოდ რუსეთის უშუალო ჩართულობა სამხედრო კონფლიქტში. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ ხსენებულ კონფლიქტში აფხაზები არა მხოლოდ იყენებდნენ რუსულ იარაღს და მნიშვნელოვანი რაოდენობის რუსი იბრძოდა მათ მხარეს, არამედ რუსული სამხედრო შენაერთებისა და საბრძოლო ტექნიკის პირდაპირი ჩართულობის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა კონფლიქტის დასრულება სეპარატისტების სამხედრო გამარჯვებით. ამასთან, ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ არაერთი საერთაშორისო წყარო მიუთითებს ამ კონფლიქტის დროს ქართველების „ეთნიკურ წმენდაზე“.

აღნიშნულ საქმეებზე საქართველოს მთავრობის კონსოლიდირებული სამართლებრივი პოზიციები და მტკიცებულებები 2017 წელს გაიგზავნა. მათ შორისაა, მასალა შესაბამისი ეროვნული არქივებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები და დოკუმენტები, რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების საჯარო განცხადებები, დოკუმენტები და რუსული საკანონდებლო აქტები, აფხაზეთის დე ფაქტო „ხელისუფლების“ და რუსეთის ფედერაციის „ურთიერთობის“ ამსახველი წყაროები: ინფორმაცია მათ შორის არსებულ პოლიტიკურ, ფინანსურ, სამხედრო და სხვა ტიპის მჭიდრო კავშირებზე, პასპორტიზაციაზე.

ამგვარად, დეოკუპაციის წინააღმდეგ გონივრული და შეუპოვარი ბრძოლის შედეგად, რომელსაც საქართველოს მთავრობა 2012 წლის შემდეგ აწარმოებს, საქართველომ კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ამჯერად სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკით დადასტურდა რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის უწყვეტი ხაზი 2008 წლის აგვისტოს ომამდე და მას შემდეგ, რაც ნიშნავს იმასაც, რომ რუსეთი პასუხისმგებელია აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩადენილ ადამიანის უფლებების ყველა სხვა დარღვევაზე, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.

ინფორმაციისთვის, წინამდებარე საქმეში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დაარღვია მომჩივანთა ევროპული კონვენციის მე-3 (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და მე-6 (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) მუხლებით დაცული უფლებები. შესაბამისად, რუსეთს დაეკისრა ლევან მამასახლისისა და გრიგოლ ნანავას მიმართ ინდივიდუალურად 35,000 ევროს გადახდა, ხოლო ხარჯების ანაზღაურება 23,300 ევროს ოდენობით.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა

რატი ბრეგაძემ ტოდ რობინსონსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლებთან პენიტენციურ და პრობაციის სფეროებში მიღწეული პროგრესი განიხილა. შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

საუბარი შეეხო ისეთ ინოვაციურ პროექტებს, როგორიცაა: ციფრული უნივერსიტეტი, რემარკეტი, პრობბოქსი, სპორტის მართვის სისტემა, ევროპული ტიპის პირველი პენიტენციური დაწესებულება ლაითურში და სხვ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იუსტიციის სამინისტროსა და INL-ის პარტნიორობის მნიშვნელობას რეფორმების მიმდინარეობის პროცესში.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამერიკული მხარე მონაწილეობას მიიღებს შემოდგომაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომლის მთავარი თემა პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში ციფრული სერვისების დანერგვა და ამ კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იქნება

გაზიარება
ბეჭდვა

რატი ბრეგაძე: „იუსტიციის სისტემა არის ნათელი გამოვლინება, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო ქალთა როლის გაძლიერებაზე საზოგადოებაში“

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „ქალები პოლიციაში“ გაიხსნა. ღონისძიება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით მიმდინარეობს.

ღონისძიებაში აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და 20-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

რატი ბრეგაძემ კონფერენციაზე მართლმსაჯულების სფეროში ქალი სამართალდამცველის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობა, ქალთა გაძლიერება და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია არის ძლიერი საფუძველი სამართლის უზენაესობისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.

„ჩვენი უწყება არის ერთ-ერთი ის სამაგალითო ინსტიტუტი, სადაც ქალთა წარმომადგენლობა ხელმძღვანელ პოზიციებზე საკმაოდ დაბალანსებულია. სამინისტროს სისტემაში მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულ პირთაგან, დაახლოებით, 60% წარმოადგენს ქალს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

2023 წლისათვის კონფერენციაში 220 მონაწილე ქალია რეგისტრირებული. კონფერენცია მოიცავს სესიებს ქალთა ლიდერობის, სამართალდამცავ ორგანოებში არსებული გამოწვევების, ადამიანით ვაჭრობის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და გამოძიების, გენდერული ნიშნით ძალადობისა და სხვა თემატურ საკითხებზე.

კონფერენცია ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მასში იუსტიციის სამინისტროს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, პენიტენციური სამსახურისა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი პენიტენციური კოდექსი პირველი მოსმენით  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში განიხილეს

პენიტენციურ კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები საკომიტეტო მოსმენაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა. საკანონმდებლო ინიციატივა სასჯელაღსრულების სამართლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის კოდიფიკაციას ისახავს მიზნად.

პენიტენციური კოდექსი გააუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომით პირობებს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივ მდგომარეობას, მათ შორის:

  • ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება;
  • ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო;
  • გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისა, ყველას ექნება უმაღლესი განათლების მიღების უფლება;
  • გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები;
  • პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თანამშრომელთა პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს;
  • გაფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე;
  • მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს.

საკანონმდებლო რეფორმის პირველ ეტაპზე სამინისტრომ განახორციელა ამჟამად მოქმედი პატიმრობის კოდექსისა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის კრიტიკული ანალიზი. გადაისინჯა როგორც კოდექსის სტრუქტურა, ისე მისი შინაარსობრივი მხარე.

ახალი პენიტენციური კოდექსი იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი ჯგუფისა (საქართველოს პარლამენტი, რელევანტური სამინისტროები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს პროკურატურა, სახალხო დამცველის აპარატი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური) და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატშიც აქტიური მსჯელობის საგანი იყო.

გაზიარება
ბეჭდვა

„ერუდიციის კურსი“ – პატიმართა რესოციალიზაციისთვის განკუთვნილი პროექტი წარმატებით მიმდინარეობს

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კიდევ ერთი პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.

პროგრამა „ერუდიციის კურსი“ მსჯავრდებულთათვის/ბრალდებულთათვის ქალთა №5 პენიტენციურ დაწესებულებაში ხორციელდება, რომლის მიზანი პატიმართა რესოციალიზაციაა.

„ერუდიციის კურსი“ იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის გამარჯვებული პროგრამაა. კურსი აგებულია წიგნიერებისა და შემეცნების კომპონენტებზე და მოიცავს ლექციებს, ლიტერატურული ნაწარმოებების განხილვას, ცნობილი პიროვნებების ბიოგრაფიების შესწავლას, პრეზენტაციებს. კურსი მიმართულია ანალიტიკური აზროვნების, მოვლენების ჯანსაღად შეფასების უნარის განვითარებაზე, მორალურ და საკამათო საკითხზე კრიტიკული აზროვნებისა და რაციონალური შეხედულებების ჩამოყალიბებაზე. კურსის კოორდინატორია ერუდიციის ცენტრ „სოფიქსის“ დამფუძნებელი და ინტელექტის განვითარების პროგრამების ავტორი გიორგი გოგელია.

იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს 17 საუკეთესო პროექტი დაფინანსდა. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების (FIPA) თაობაზე მოლაპარაკებებში მიიღეს მონაწილეობა

იუსტიციის სამინისტრო უშუალოდ არის ჩართული საქართველოსა და კანადას შორის საინვესტიციო შეთანხმების პროცესში, კერძოდ, ინვესტორთა წახალისებისა და დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებასა და საინვესტიციო დავების გადაჭრის ქმედითი მექანიზმების დანერგვაში. მხარეებს შორის უკვე შედგა მოლაპარაკების ხუთი რაუნდი.

პროცესში, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარეობს, იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ნინო მინდიაშვილი და არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი მარიამ ანთია მონაწილეობდნენ.

შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს საქართველოში ხარისხობრივი ინვესტიციების შემოდინებას, რაც უზრუნველყოფს ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს; ასევე, წაახალისებს კანადელ ინვესტორებს, დაინტერესდნენ საქართველოს ეკონომიკით ან გაზარდონ არსებული ინვესტიციები.

მორიგი მე-6 რაუნდის ჩატარება მიმდინარე წლის მეორე ნახევარში იგეგმება.