ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტრომ ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის ორმხრივი პროექტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას უმასპინძლა

შეხვედრის მიზანი საქართველოსა და EMCDDA-ს შორის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შეჯამება და დაგეგმილი აქტივობების თაობაზე ინფორმაციის გაზიარებაა.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, EMCDDA-ის დირექტორი ალექსის გუზდილი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია, პროექტ EMCDDA4GE-ს გუნდი, ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი უწყებების, ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მხარეებმა პროექტის ფარგლებში ნარკოვითარების მონიტორინგის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების გაძლიერების, ეპიდემიოლოგიური ინდიკატორების დანერგვის, ნარკოტიკების პრევენციისა და სამკურნალო სერვისების მხარდაჭერის მიზნით გასული ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაო განიხილეს.

აღნიშნული პროექტი EMCDDA-სა და საქართველოს შორის მიმდინარე პირველი ორმხრივი პროექტია, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია ნარკოტიკულ საშუალებათა არალეგალური გავრცელების შედეგად გამოწვეულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკზე ეროვნული რეაგირების მექანიზმების ეტაპობრივი გაძლიერება; ამასთან, საქართველოს ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შესაძლებლობების გაზრდა და ეროვნულ დონეზე არსებული პრევენციული და მკურნალობის მექანიზმების მხარდაჭერა.
პროექტი 2021 წელს დაიწყო და 2023 წლის მაისამდე გაგრძელდება.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველო გერმანიის ფედერაციის ნოტარიუსთა პალატასთან სანოტარო სამართლის განვითარებისა და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის საკითხებში ითანამშრომლებს

რატი ბრეგაძემ გერმანიის ფედერაციის ნოტარიუსთა პალატის პრეზიდენტ იენს ბორმანთან შეხვედრისას ისაუბრა იმ მიღწევებზე, რაც საქართველოს სანოტარო სამართლის წარმოებაში აქვს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედებს სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული რეესტრი და მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დისტანციურად მიიღონ ყველა სერვისი. მინისტრმა ისაუბრა იმის შესახებაც, რომ საქართველოში ნოტარიუსთა სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით 12 რაიონშია ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს მოსახლეობის დროსა და ფინანსებს.

სანოტარო სამართლის წარმოება, ელექტრონული სამართლებრივი გარიგებების მომზადების ტექნიკა, დოკუმენტების გაყალბების თავიდან აცილების საშუალებები, ერთობლივი პროფესიული სასწავლო მოდულების განხორციელება - ეს ის საკითხებია, რომელიც მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს. რატი ბრეგაძემ იენს ბორმანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას გერმანიასთან.

შეხვედრას მინისტრთან ერთად იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები, ბექა ძამაშვილი, ბუბა ლომუაშვილი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ესწრებოდნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

გერმანიის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან გერმანია-საქართველოს 2022-2025 წლების თანამშრომლობის პროგრამას მოეწერა ხელი

პროგრამა სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი თანამშრომლობის მიმართულებითა და პენიტენციური და პრობაციის სისტემების სფეროში განსახორციელებელ აქტივობებს ითვალისწინებს. დოკუმენტს ხელი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და გერმანიის იუსტიციის ფედერალურმა მინისტრმა მარკო ბუშმანმა მოაწერეს.

თანამშრომლობის სამუშაო პროგრამის თანახმად, მოხდება დარგობრივი გამოცდილების გაზიარება, ბავშვთა უფლებების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, თანამედროვე პენიტენციური და პრობაციის სისტემის მართვისა და მოწყობის საკითხებზე. ასევე, საქართველო გაიზიარებს გერმანულ გამოცდილებას მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის, განათლებისა და დასაქმების პროგრამების თაობაზე.

რატი ბრეგაძემ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მადლობა გადაუხადა გერმანელ კოლეგას. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-გერმანიას შორის არსებული სამართლებრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ამავდროულად ხელი შეეწყობა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს.

მარკო ბუშმანმა განაცხადა, რომ საქართველოს და გერმანიას აკავშირებს ხანგრძლივი მეგობრობა. გერმანია იზიარებს დემოკრატიის თავისუფლებას და კანონის უზენაესობის ღირებულებას. გერმანიის იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მოხარულია, რომ თანამშრომლობა უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა და ხელი მოეწერა ერთობლივი თანამშრომლობის პროგრამას.

,, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მზად არის, დაეხმაროს საქართველოს, რათა ადგილი დაიმკვიდროს ევროკავშირში. შთაბეჭდილების ქვეშ ვართ იმ ამბიციებითა და სურვილებით, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობას უკავშირდება.“,-განაცხადა მარკო ბუშმანმა.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები ბექა ძამაშვილი, ბუბა ლომუაშვილი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ესწრებოდნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრს შორის სამუშაო შეთანხმებას ხელი მოეწერა

შეთანხმებას ხელი მოაწერეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა და ევროკავშირის სააგენტოს ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) დირექტორმა ალექსის გუზდელმა. შეთანხმება წარმოადგენს ევროკავშირის სააგენტოებთან სექტორული თანამშრომლობის ნათელ მაგალითს და ხელს შეუწყობს ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესს.

სამუშაო შეთანხმება მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას, ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შესაძლებლობათა გაძლიერებასა და მონაცემთა შეგროვების სისტემის მხარდაჭერას. ამასთან, შეთანხმება ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ჯანმრთელობისა და სოციალური ზიანის საპასუხო მექანიზმების თაობაზე გამოცდილების გაზიარების, ნარკოტიკულ საშუალებათა ავადმოხმარების პრევენციისა და წამალდამოკიდებულების მკურნალობის, ასევე, გადამდები დაავადებების პრევენციისა და ზიანის შემცირების მიმართულებების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ გამოცდილების გაზიარება და ნარკოტიკების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნა და მისი გაძლიერება მხარეთა შორის თანამშრომლობის დამატებითი საკვანძო მიმართულებაა.

EMCDDA-სა და საქართველოს შორის მჭიდრო სექტორული თანამშრომლობა უკვე წლებია, გრძელდება და ევროპულ სააგენტოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში ჰუმანური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის ხელშეწყობისა და განვითარების მიმართულებით.

საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი 2020 წლის იანვარში იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა და ის EMCDDA-ს ანალოგია ეროვნულ დონეზე, რომელიც ქვეყანაში არსებული ნარკოვითარების შესწავლის, შეფასებისა და მტკიცებულებების ანალიზის ხელშეწყობას ემსახურება.

EMCDDA-ს დელეგაცია საქართველოს 15 სექტემბერს დატოვებს.

გაზიარება
ბეჭდვა

ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიასა (CEPEJ) და ევროპის საბჭოს ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში (CCJE) საქართველოს კვოტით წარსადგენი წევრობის კანდიდატი შეირჩა

ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიასა (CEPEJ) და ევროპის საბჭოს ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში (CCJE) საქართველოს კვოტით წარსადგენი წევრობის კანდიდატი შეირჩა.


„CEPEJ“-სა და „CCJE“-ში წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 27 ივლისის №848 და №850 ბრძანებებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად. პირველ ეტაპზე, 2022 წლის 28 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ ოფიციალურ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) გამოცხადებულ საჯარო კონკურსში „CEPEJ“-ში წევრობის მიზნით 6-მა კანდიდატმა წარადგინა განაცხადი, ხოლო „CCJE“-ის კონკურსში 4 ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი განაცხადების გადარჩევის შემდგომ, გასაუბრების ეტაპზე, 3 კანდიდატი გადავიდა და ორეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად „CEPEJ“-სა და „CCJE“-ში წევრობის კანდიდატის შესარჩევმა კომისიამ საქართველოს კვოტით წარსადგენ კანდიდატად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ცინცაძის კანდიდატურა შეარჩია.


ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიასა (CEPEJ) და ევროპის საბჭოს ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში (CCJE) ქეთევან ცინცაძე საქართველოს კვოტით ხუთი წლის ვადით იქნება წარდგენილი.


„CEPEJ“ თავისი საქმიანობის ფარგლებში მუშაობს ქვეყნებში მართლმსაჯულების სისტემათა ეფექტიანობისა და ფუნქციონირების გაუმჯობესების, ამასთან, ევროპის საბჭოს სტანდარტებსა და სამართლებრივ ინსტრუმენტებთან შესაბამისობის მიზნით; კომისიის წევრი ექსპერტების საქმიანობის მიზანს კი, კომისიის ფუნქციების განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში მართლმსაჯულების სისტემათა ეფექტიანი განხორციელების მხარდაჭერა წარმოადგენს.
„CCJE“-ის წევრი მოსამართლეები მუშაობენ სამართლის უზენაესობის, ევროპული სტანდარტების დანერგვის, განსაკუთრებით, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და კომპეტენციის ზრდის, აგრეთვე, მათი სამოსამართლო საქმიანობის ეფექტიანად შესრულების ხელშეწყობის მიმართულებით.


ეროვნულ დონეზე კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის ჩატარების შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესაბამისად, „CEPEJ“-სა და „CCJE“-ში წევრობის კანდიდატი საკონკურსო კომისიამ შეარჩია, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრს საერთაშორისო სასამართლოებში, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ ორგანოებში საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესისა და პროცედურის განსაზღვრის უფლებამოსილება მიენიჭა საქართველოს მთავრობის №234 დადგენილებით. საგულისხმოა, რომ ამ დადგენილების მიღებით ჩამოყალიბდა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოდან წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევის გამჭვირვალე პროცედურები, რომელთა ფარგლებშიც კანდიდატები შეირჩევიან ღია კონკურსის შედეგად.

გაზიარება
ბეჭდვა

ვარკეთილში იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი გაიხსნა

იუსტიციის სახლის 470-მდე სერვისით სარგებლობას ვარკეთილი-ვაზისუბნის 100 000-ზე მეტი მცხოვრები უკვე „ჰუალინგ ჯგუფის“ შენობაში გახსნილ ახალ ფილიალში შეძლებს. სავაჭრო ცენტრში გახსნილი ფილიალი სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის კარგი მაგალითია, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს მოსახლეობის დროსა და ფინანსებს;

სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა კი, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. იუსტიციის სახლის ვარკეთილის ფილიალი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოადგილეებთან ერთად გახსნა. მინისტრი თანამშრომლებს შეხვდა, ადგილზე გაეცნო სამუშაო პროცესს და ინფორმაცია მიიღო მომხმარებელთა საჭიროებებზე.

ვარკეთილის იუსტიციის სახლი პირველი სექტემბრიდან სრული დატვირთვით მუშაობს და მომხმარებელს იუსტიციის სახლებისთვის დამახასიათებელ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. ახალი ფილიალი ხელს შეუწყობს თბილისის ცენტრალური ფილიალიდან ნაკადების მართვა-გადანაწილებას, ლოდინისა და მომსახურების დროის ოპტიმიზაციას.

ახალ ფილიალში 45-მდე თანამშრომელი დასაქმდა. თბილისში იუსტიციის სახლის ცენტრალური ოფისის გარდა, ვარკეთილსა და გლდანში იუსტიციის სახლის უკვე ორი ფილიალი მუშაობს.

გაზიარება
ბეჭდვა

ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში (GRETA) წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

აღნიშნული კონკურსი წარიმართება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 23 აგვისტოს №852 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად. საქართველოს იუსტიციის მინისტრს საერთაშორისო სასამართლოებში, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ ორგანოებში საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესისა და პროცედურის განსაზღვრის უფლებამოსილება მიენიჭა საქართველოს მთავრობის №234 დადგენილებით. აღსანიშნავია, რომ ამ დადგენილების მიღებამდე არ არსებობდა ერთიანი მიდგომა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოდან წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევის წესსა და პროცედურებთან მიმართებით; ამ უფლებამოსილების იუსტიციის მინისტრისთვის მინიჭების მიზანი კი, საქართველოს წინაშე არსებული საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტიანი და დროული შესრულება, ზემოაღნიშნულ ორგანოებში მიუკერძოებლად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად კანდიდატის შერჩევა და წარდგენაა.

კანდიდატების შესარჩევი კომისიის შემადგენლობაში გათვალისწინებულია თემატური უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობა.

შერჩეული კანდიდატი თავისი საქმიანობის ფარგლებში ზემოხსენებულ ორგანოში იმოქმედებს ინდივიდუალურად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად. საკონკურსო მოთხოვნები განთავსებულია შემდეგ მისამართზე:

ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) წევრობის კანდიდატი https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/73028?active=1

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროსა და მეცნიერებათა აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი იუსტიციის სამინისტროსა და მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის ახალ პლატფორმას ითვალისწინებს. მხარეები შეიმუშავებენ და განახორციელებენ ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით, საგანმანათლებლო და სამართლებრივ პროექტებს, ორგანიზებას გაუწევენ კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, სემინარებს, მრგვალ მაგიდებსა და საჯარო დისკუსიებს; გამოაქვეყნებენ სამეცნიერო ნაშრომებს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ „მაცნესა“ და იუსტიციის სამინისტროს ჟურნალ „იუსტიციაში“ (Iustitia).

მემორანდუმს ხელი მოაწერეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ.

მეცნიერებათა აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება კიდევ ერთი ნაბიჯია სამეცნიერო დასკვნებსა და ანალიტიკაზე დაფუძნებული სამართალშემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობისათვის, რაც იუსტიციის სამინისტროს 2022-2024 წლების სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრომ უკვე არაერთი აქტივობა განახორციელა:

  • დაფუძნდა ორენოვანი სამართლებრივი ჟურნალი „იუსტიცია“, რომლის ორი ნომერი უკვე ხელმისაწვდომია;

  • იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნა და სხვადასხვა დარგის გამოჩენილი სპეციალისტებით დაკომპლექტდა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც იუსტიციის მინისტრისთვის წარსადგენად კანონპროექტებს, კონცეფციებს, დასკვნებსა და მოსაზრებებს შეიმუშავებს;

  • ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტები გაფორმდა საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებთან.
გაზიარება
ბეჭდვა

აღკვეთის ახალ ღონისძიებას − გადაადგილების შეზღუდვას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო განახორციელებს

კონცეფცია, რომელიც აღკვეთის ღონისძიების ფორმად გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა განიხილეს.

ცვლილებების მიზანია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში აღკვეთის ახალი ღონისძიების − გადაადგილების შეზღუდვის შემოტანა, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის გზით აღსრულდება, და ქალთა მიმართ ძალადობის ჩამდენი ბრალდებულების მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენება.

ინიციატივის თანახმად, ახალი მექანიზმის აღსრულებას იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს. ამიტომ გადაადგილების შეზღუდვის ეფექტიანობა სააგენტოს ტექნიკურ და ადამიანურ შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული. სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში ყველა ინიციატივა, მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვის მექანიზმი, ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვას ემსახურება. ის, ერთი მხრივ, გულისხმობს ჰუმანურ მიდგომას ბრალდებული პირების მიმართ და მათთვის პატიმრობის ნაცვლად აღკვეთის უფრო მსუბუქი ფორმის გამოყენებას, მეორე მხრივ კი, ზოგავს სახელმწიფო სახსრებს − გადაადგილების შეზღუდვის აღსრულება, დაახლოებით, 80%-ით ნაკლებ ფინანსურ ხარჯებს საჭიროებს, ვიდრე პატიმრობის უზრუნველყოფა.

რატი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აღკვეთის ეს ღონისძიება ყველა ტიპის დანაშაულზე არ გავრცელდება და მისი გამოყენება სასამართლოს პრეროგატივა იქნება. მინისტრის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვის აღსრულებისათვის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო პირველ ეტაპზე 1000 ერთეულ სამაჯურს და ამავე რაოდენობის სერვერს შეიძენს. იგეგმება ელექტრონული მონიტორინგის ცენტრის თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა და მათი გადამზადება.

მინისტრის განმარტებით, პრობაციის სისტემა ყოველთვის მზადაა ინოვაციებისათვის. ამის კარგი მაგალითია „პრობბოქსი“ − პრობაციონერთა მომსახურების ელექტრონული სისტემა, აგრეთვე, 24-საათიანი მონიტორინგის სამსახური, რომელიც არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში გასულ წელს შეიქმნა.

აღკვეთის ღონისძიების ახალი მექანიზმის აღსრულებისათვის საჭირო ღონისძიებების პრეზენტაცია შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა წარმოადგინა.

საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში ლენა ოუენსი, აგრეთვე, სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, სხვა სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.