ღონისძიებები

ხუთშაბათი, 25 მაისი, 2023

რატი ბრეგაძემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარესთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარე პიოტრ ჰოფმანსკის შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც სასამართლოს ერთ-ერთი დამფუძნებელი სახელმწიფო, ყოველთვის მხარს უჭერდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მისი ინსტიტუტების საქმიანობას, რაც წლების განმავლობაში სამაგალითო თანამშრომლობაში გამოიხატება.

მინისტრმა სასამართლოს თავმჯდომარესთან თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული ინიციატივები განიხილა.

იუსტიციის სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვას საერთაშორისო სასამართლოებში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს შეხვდა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ კარიმ ხანთან შეხვედრაზე თანამშრომლობის შედეგად მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები შეფასდა. ასევე, განხილულ იქნა თანამედროვე სამხედრო კონფლიქტების შედეგად არსებული გამოწვევები.

საერთაშორისო სასამართლოებში თანმიმდევრული სტრატეგიული სამართალწარმოება იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია და სახელმწიფოს ინტერესების დაცვა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ოთხშაბათი, 24 მაისი, 2023

იუსტიციის მინისტრმა Eurojust-ის პრეზიდენტთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის ქვეყნების თანამშრომლობის ორგანოს (Eurojust) პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა Eurojust-სა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან სისხლის სამართლის სფეროსა და ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას, რაც ევროინტეგრაციის პროცესში სექტორული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის ეფექტიანი და კოორდინირებული მოქმედებების დადებით გავლენას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე.

რატი ბრეგაძემ Eurojust-ის პრეზიდენტს ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსის მოპოვების პროცესში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი და იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის ახალი ინიციატივები გააცნო.

ორშაბათი, 22 მაისი, 2023

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი წარმატებით დასრულდა

პროექტში „იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანის უფლებათა სამართალში“ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტის 70-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გახდა. ასევე, გამოვლინდა საუკეთესო მომხსენებელი, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტს წარმოადგენდა.

საგანმანათლებლო პროექტისთვის გრანტი იუსტიციის სამინისტრომ გასცა და ის მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებას. მონაწილე სტუდენტებს პროექტი საშუალებას აძლევს, განივითარონ იურიდიული კარიერისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, აიმაღლონ კვალიფიკაცია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სისტემის მიმართულებით და შექმნან საკონტაქტო ქსელი.

იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალური ეტაპი საირმეში გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსი მანანა ბეგიაშვილი და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ნინო ნიკოლაიშვილი დაესწრნენ.

ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესი „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს“ (ELSA Georgia) ორგანიზებით განხორციელდა. პროექტი 6 თვის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად წარიმართა. იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებმა ადამიანის უფლებათა შესახებ სალექციო კურსები მოისმინეს, დეტალურად გაეცნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრინციპებსა და პრაქტიკულ ასპექტებს.

წლევანდელი იმიტირებული სასამართლო პროცესის თემა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ბავშვთა უფლებები იყო.

იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს 17 საუკეთესო პროექტი დაფინანსდა. სამინისტროს წარმომადგენლები დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ.

კვირა, 21 მაისი, 2023

თემაზე „სამედიცინო პერსონალის როლი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის გამოვლენაში“ ტრენინგი ჩატარდა

2023 წლის 20-21 მაისს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით, ევროპის კავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით, ჩატარდა ტრენინგი ადამიანით ვაჭრობის თემაზე, რომლის სამიზნე აუდიტორიას სამედიცინო პერსონალი წარმოადგენდა.

ტრენინგის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ტრეფიკინგის დანაშაულის მსხვერპლებისათვის დამახასიათებელ ნიშნებსა და მათთვის დამახასიათებელ ფიზიკურ დაზიანებებზე, ასევე, მსხვერპლებთან მუშაობის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების 25-მა წარმომადგენელმა.

ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა საზოგადოებაში რეინტეგრაცია ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში არაერთი აქტივობის, მათ შორის, სამედიცინო სერვისების მიმწოდებლების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიების განხორციელება არის დაგეგმილი.

ტრეინინგი პროექტის „განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში“ (STREAMinG) ფარგლებში გაიმართა, რომელსაც მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ევროკავშირისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით ახორციელებს.

">

2023 წლის 20-21 მაისს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით, ევროპის კავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით, ჩატარდა ტრენინგი ადამიანით ვაჭრობის თემაზე, რომლის სამიზნე აუდიტორიას სამედიცინო პერსონალი წარმოადგენდა.

ტრენინგის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ტრეფიკინგის დანაშაულის მსხვერპლებისათვის დამახასიათებელ ნიშნებსა და მათთვის დამახასიათებელ ფიზიკურ დაზიანებებზე, ასევე, მსხვერპლებთან მუშაობის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების 25-მა წარმომადგენელმა.

ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა საზოგადოებაში რეინტეგრაცია ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში არაერთი აქტივობის, მათ შორის, სამედიცინო სერვისების მიმწოდებლების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიების განხორციელება არის დაგეგმილი.

ტრეინინგი პროექტის „განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში“ (STREAMinG) ფარგლებში გაიმართა, რომელსაც მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ევროკავშირისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით ახორციელებს.

ხუთშაბათი, 18 მაისი, 2023

იუსტიციის მინისტრმა დიპლომატებს მსჯავრდებულ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გააცნო

რატი ბრეგაძემ დიპლომატებთან დეტალურად განიხილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 12 მაისის გადაწყვეტილება და სხვა სამართლებრივი საკითხები.

შეხვედრა იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გაიმართა და მას ესწრებოდნენ ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის საელჩოების წარმომადგენლები

პარასკევი, 12 მაისი, 2023

სამართალშემოქმედებითი პროცესი იუსტიციის სამინისტროში ინოვაციური ციფრული პლატფორმის გამოყენებით წარიმართება

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი პროექტი „სამართლის ინოვაციური ტექნოლოგიები“ დასრულდა. ციფრული ხელსაწყო (digital tool), რომელიც სამართალშემოქმედების პროცესის ავტომატიზაციას ითვალისწინებს, უკვე გამართულად ფუნქციონირებს. სამუშაო პროცესში ციფრული პლატფორმის გამოყენებისათვის რამდენიმეეტაპიანი გადამზადება გაიარეს სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის თანამშრომლებმაც. შესაბამისი სერტიფიკატები მათ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა და პროექტის ავტორებმა გადასცეს.

ლიგალტექის პროგრამა „Logos“-ის გამოყენებით სამართლებრივი აქტების პროექტების შექმნა ამარტივებს სამართალშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცესს და შესაძლებელს ხდის ტექსტის გარდაქმნას სქემატურ გამოსახულებად, აგრეთვე, ნორმათა ციფრულ ვიზუალიზაციას. აღსანიშნავია, რომ მსგავს პროგრამას სამართალშემოქმედებით საქმიანობაში იყენებს გერმანიის იუსტიციის ფედერალური სამინისტრო.

პროექტის ავტორები არიან შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ხუბუა და ბტუ-ს სამართლის ტექნოლოგიების ასოცირებულ პროფესორი, სამართლის ინჟინერი ლადო სირდაძე. პროგრამის განხორციელებაში ჩართული იყო ვიადრინას უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, ვენის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი შტეფან ბრაიდენბახი.

იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს 17 საუკეთესო პროექტი დაფინანსდა.

რატი ბრეგაძე: ,, სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა,რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მოქმედებები იყო კორექტული და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტის შესაბამისი“

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს დღეს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.


,,დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საქმეში ,,სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს ყველა მოქმედება მისი შემოსახლების დღიდან იყო კორექტული და იყო ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა ღირსეულ თანამშრომელს, რომელიც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებებს და განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს სამედიცინო პერსონალი, რომელიც მრავალი შეურაცხყოფის, მრავალი ცილისწამების მიუხედავად, განუხრელად ასრულებდა და ასრულებს საკუთარ მოვალეობას და დგას ადამიანის ჯანმრთელობის სადარაჯოზე“,-განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ხუთშაბათი, 11 მაისი, 2023

აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეებს სასყიდლიანი ხელშეკრულებების რეგისტრაციის ახალ სერვისს შესთავაზებს

იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა ცალკეული ხელშეკრულების რეგისტრაციისა და მისგან გამომდინარე შეუსრულებელ ვალდებულებაზე ბრძანების გამოცემის გამარტივებას ითვალისწინებს.

სერვისი ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძემ გააცნეს.

პროექტის თანახმად, აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესაძლებელი გახდება სასყიდლიანი ხელშეკრულების (მათ შორის, იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულების) რეგისტრაცია. მისი სავალდებულო პირობა იქნება მხარეთა შეთანხმება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო, სასამართლოს გარეშე, გამოსცემს აქტებს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების ან/და უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

ახალი სერვისის მიზანი ფულადი მოთხოვნისა და უძრავ ნივთებზე მფლობელობის აღდგენის მოქნილი, სწრაფი და ხელმისაწვდომი სისტემის შექმნაა, რაც მოქალაქეებს დროისა და ფინანსური რესურსის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს

ღონისძიებები

დეკემბერი , 2025
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ
    1 2 3 4 5 6 7
    8 9 10 11 12 13 14
    15 16 17 18 19 20 21
    22 23 24 25 26 27 28
    29 30 31