იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ გერმანიის ფედერალური ნოტარიუსთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელთან დარგობრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა
თამარ ტყეშელაშვილმა და რიხარდ ბოკმა საქართველოსა და გერმანიის ნოტარიუსთა პალატებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს.
აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების ურთიერთთანამშრომლობის 2022 წელს ხელმოწერილი პროგრამა და ნოტარიუსთა პალატებს შორის 2023 წელს გაფორმებული შეთანხმება ქმნის კარგ პლატფორმას მყარი პარტნიორული ურთიერთობებისათვის.
მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ნოტარიუსთა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ბაზაზე; სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო ამაღლება; მომსახურების პროცესში ონლაინ სერვისების დანერგვა და სხვ.
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს საქართველოს მხარდაჭერისათვის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორების როლი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში (CNUE) დამკვირვებლის სტატუსით გაწევრების პროცესში.
შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილი, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა ივანიშვილი და გერმანიის ფედერალური ნოტარიუსთა პალატის იურიდიული მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კიმ ბრისევაკი.