ღონისძიებები
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიგრაციის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ რწმუნებულთან თანამშრომლობის ინიციატივები განიხილა
შეხვედრაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიგრაციის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ რწმუნებულთან ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობისათვის სამომავლო ინიციატივები განიხილა, რაც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, საქართველოდან გერმანიაში წასული ლეგალური მიგრანტების უფლებების დაცვას, მეორე მხრივ კი, არალეგალ მიგრანტთა რაოდენობის შემცირებას.
რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს პოლიტიკა მიგრაციის სფეროში მნიშვნელოვნად განვითარდა და ამ საკითხში განსაკუთრებული როლი ითამაშა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მათ შორის, გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობამ. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით გერმანიისა და საქართველოს შემდგომი თანამშრომლობაც ასეთივე წარმატებული იქნება.
რატი ბრეგაძისა და იოაჰიმ შტამპის შეხვედრა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული მჭიდრო სექტორული თანამშრომლობის გაგრძელებაა, ამჯერად მიგრაციის მართვის მიმართულებით.
იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხებზე გერმანიასთან თანამშრომლობა განსაკუთრებით ინტენსიური 2022 წლიდან გახდა, როდესაც მხარეებს შორის გაფორმდა იუსტიციის სფეროში საქართველო-გერმანიის 2022-2025 წლების თანამშრომლობის პროგრამა.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილე ბექა ძამაშვილი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ესწრებოდნენ.