ღონისძიებები

სამშაბათი, 11 აპრილი, 2023

საქართველოსა და პორტუგალიის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს რატი ბრეგაძემ და კატარინა სარმენტო ე კასტრომ საქართველოს დელეგაციის პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში მოაწერეს ხელი.


დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და მემორანადუმის გაფორმების შესახებ გადაწყვეტილება 2022 წლის ივლისში საქართველოსა და პორტუგალიის იუსტიციის მინისტრების შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელზედაც მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისათვის კონკრეტული ინიციატივები განიხილეს.


მემორანდუმი საქართველოსა და პორტუგალიას შორის თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს მოიცავს, მათ შორის, ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების, მართლმსაჯულების დიგიტალიზაციის, დანაშაულის პრევენციის, პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობის. ამ მიზნით მემორანდუმი ითვალისწინებს ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების თანამშრომელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების შემუშავებას, აგრეთვე, ერთობლივი სემინარების, სასწავლო ვიზიტებისა და სამართლებრივი ფორუმების ორგანიზებას.


მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღოდა საქართველოსა და პორტუგალიის იუსტიციის მინისტრებს შორის შეხვედრა. რატი ბრეგაძემ და კატარინა სარმენტო ე კასტრომ ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები და სამომავლო ინიციატივები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, საქართველოს ელჩი პორტუგალიაში გიორგი მირცხულავა და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ცოტნე ზურაბიანი.


პორტუგალიაში საქართველოს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს დიგიტალიზაციისა და ადმინისტრაციული მოდერნიზაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანსა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან. დაგეგმილია დელეგაციის ვიზიტი პენიტენციურ დაწესებულებასა და იუსტიციის ცენტრში.

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა შედეგები შეაჯამეს

დასრულდა პროექტი „მომავალ თაობაში იურიდიული განათლების მიღების ხელშეწყობა სამართლებრივი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის“. პროექტის მონაწილეებმა – სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტებიდან შერჩეულმა 30-მდე სტუდენტმა, ადამიანის უფლებების სფეროში 5-დღიანი ტრენინგის გავლის შემდეგ საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს. აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართული იყო არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს რეგიონების საგანმანათლებლო დაწესებულებებიც. დედაქალაქის გარდა, მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა ბათუმის, ლაგოდეხისა და გორის სკოლებში.

პროექტის შედეგების შეჯამება თსუ-ში შედგა. ღონისძიების მონაწილეებმა პროგრამის მნიშვნელობასა და არასრულწლოვნებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრის ბოლოს პროექტის მონაწილეებს – იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს და ექსპერტებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის მიზანი საგანმანათლებლო დაწესებულებებში იურიდიული განათლების პოპულარიზაცია, სამართლებრივი კულტურის გაძლიერება, სკოლის მოსწავლეებში მართლშეგნების დონის ამაღლება და მომავალი თაობის იურისტებში პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაა. საგრანტო წინადადების წარმდგენი თინათინ წერეთლის სახელობის სამეცნიერო საზოგადოებაა.

იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს უწყებამ 17 საუკეთესო პროექტი დააფინანსა.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ.

ღონისძიებები

აპრილი , 2024
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ