ღონისძიებები

ხუთშაბათი, 15 ივნისი, 2023

იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული პენიტენციური კოდექსის პროექტი პარლამენტმა 80 ხმით პირველი მოსმენით მიიღო

განხილვაზე აღინიშნა, რომ ახალი კოდექსი აუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომით პირობებს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივ მდგომარეობას – აწესებს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების დაცვის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებს.

პარლამენტის წევრებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ პენიტენციური კოდექსის პროექტი ითვალისწინებს როგორც წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT), ისე საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს.

პროექტი საკანონმდებლო ორგანოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა წარუდგინა.

პენიტენციური კოდექსის პროექტით არაერთი სიახლეა გათვალისწინებული, მათ შორის:

  • ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება;
  • ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო;
  • ყველა მსჯავრდებულს ექნება უმაღლესი განათლების მიღების უფლება;
  • გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები;
  • პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თანამშრომელთა პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს;
  • პენიტენციურ სისტემაში გაფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე;
  • მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს.

ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის კუთხით საქართველო კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის 15 ივნისის ანგარიშის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 188 ქვეყანას შორის უკვე მე-8 წელია ინარჩუნებს ადგილს ე.წ. „პირველ კალათაში“. წელს შეფასების უმაღლეს შკალაში მხოლოდ 30-მა ქვეყანამ დაიკავა ადგილი.


საქართველო წელსაც ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ე.წ. „გაფართოების ქვეყნებს“ შორის, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს და ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით ევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, ბელგიის, ავსტრიის, ნიდერლანდების, შვედეთის, ლუქსემბურგის, გვერდითაა.


ტრეფიკინგთან ბრძოლა იყო და რჩება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად, რომელიც, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და ქმნის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ამ ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს, განაგრძობს მტკიცე, მდგრად, თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის უმაღლეს შეფასებას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა:

  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით შემუშავებულმა სახელმძღვანელო დოკუმენტებმა, რომლებიც
  • მსხვერპლთა იდენტიფიკაციის პროცესს ეხმარება;
  • ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებამ;
  • დანაშაულის პრევენციის, ცნობიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებებმა;
  • დანაშაულის გამოვლენისკენ მიმართულმა პროაქტიულმა ღონისძიებებმა;
  • შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების გამოვლენის მექანიზმების დახვეწამ.

საქართველოს მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოწინავე პოზიციის დაკავება და საანგარიშო პერიოდში მიღწეული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია.

საბჭოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედის ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი, სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

ევროკავშირის ნარკოვითარების მონიტორინგის სააგენტოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მორიგი წარმატებული პროექტი განხორციელდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროკავშირის სააგენტოს „ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრს“ (EMCDDA) შორის თანამშრომლობა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის დახვეწისა და ნარკოვითარების მონიტორინგის გაძლიერების მიზნით აქტიურად მიმდინარეობს.

აღნიშნული სექტორული თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარეობს და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

სწორედ ევროპულ სააგენტოსთან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმატებული და ინტენსიური თანამშრომლობის პოზიტიურ გაგრძელებას წარმოადგენდა პირველი ორმხრივი პროექტის (EMCDDA4GE) განხორციელება, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ საქართველოსა და EMCDDA-ს შორის შედგა. ევროპულ სააგენტოს ამგვარი თანამშრომლობის გამოცდილება მესამე სახელმწიფოთაგან მხოლოდ საქართველოსთან აქვს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის სააგენტოებთან სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გამყარების მიზნით 2022 წლის სექტემბერში იუსტიციის სამინისტროსა და EMCDDA-ს შორის სამუშაო შეთანხმება გაფორმდა, რომელიც ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკისა და მონიტორინგის მექანიზმების დახვეწას და გადაწყვეტილების მიმღები პირების მტკიცებულებებით ინფორმირებას ისახავს მიზნად.

პროექტის დახურვის ღონისძიება იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა გახსნა და გაწეული დახმარებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა როგორც ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, ისე EMCDDA-სა და პროექტის გუნდს.
ღონისძიებას თემატური უწყებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დაბალანსებული, ადამიანის უფლებების დაცვასა და კვლევა-ანალიზზე დამყარებული ნარკოპოლიტიკის განხორციელება იყო და რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად. იუსტიციის სამინისტრო ამ მხრივ აქტიურ თანამშრომლობას კვლავ გააგრძელებს EMCDDA-თან.

ღონისძიებები

ივნისი , 2024
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ