ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა
სხდომაზე, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი უძღვებოდა, საკოორდინაციო საბჭოს დებულებაში შესატანი ცვლილებები იქნა განხილული და მხარდაჭერილი.
წარმოდგენილ იქნა, ასევე, ინფორმაცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2023 წელს განხორციელებული ძალისხმევისა და მიღწეული პროგრესის თაობაზე.
„ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაში. ერთი თვის წინ ევროკომისიის მიერ გამოცემულ ანგარიშში დადებითადაა მოხსენიებული ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, ტრეფიკინგის დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო მსოფლიოს მასშტაბით უმაღლეს საფეხურზე – პირველ კალათაში იმყოფება. შეფასებული 198 სახელმწიფოდან მხოლოდ 38, მათ შორის, საქართველო და 18 ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, იკავებს შეფასების უმაღლეს ნიშნულს“, – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, ასევე, ტრეფიკინგის საფრთხეების შესახებ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ჩატარების აუცილებლობას. საბჭოს გადაწყვეტილებით 2024 წლის განმავლობაში სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან ცნობიერების ამაღლების აქტივობები ინტენსიურად გაიმართება, რომლის კოორდინაციასა და შესრულების მონიტორინგს საბჭო განახორციელებს.
ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას საბჭოს წევრი უწყებების, საქართველოს პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.