ღონისძიებები

შაბათი, 01 ივლისი, 2023

რატი ბრეგაძემ და მარია ბურიჩმა იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს

შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა საქართველოს პროგრესი ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებებით, რაც ასახულია ევროპის საბჭოს ორგანოების დასკვნებსა და ანგარიშებში.

საუბარი შეეხო პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს, რომლის შედეგადაც ციხეებში აღმოფხვრილია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, რაც 2012 წლამდე არაერთხელ გამხდარა სტრასბურგის სასამართლოსა და ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მწვავე კრიტიკის საგანი; პატიმრებს საშუალება აქვთ, მიიღონ უმაღლესი განათლება და შეიძინონ მოთხოვნადი პროფესიები; ჰქონდეთ სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება; მონაწილეობა მიიღონ სპორტულ შეჯიბრებებში; პენიტენციურ დაწესებულებებში ისარგებლონ იუსტიციის სახლის სერვისებით; დასაქმდნენ და ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი.

დადებითად შეფასდა 2022 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა შედეგადაც საქართველოს სასამართლოები სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტებს პროაქტიულად გამოიყენებენ და ამით ქართული მართლმსაჯულების სისტემა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მოგებული სახელმწიფოთაშორისი დავების აღსრულების მნიშვნელობაზე და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ამ პროცესში საქართველოს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი თამარ ტალიაშვილი.

იუსტიციის სამინისტრო ადამიანის უფლებების გაძლიერებისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების მიზნით ევროპულ სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.

ღონისძიებები

ივლისი , 2023
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ