ღონისძიებები

სამშაბათი, 16 აპრილი, 2024

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ახალი პროექტი – ქართული ენის ონლაინ კურსი დაიწყო

კურსი უფასოა ყველა დაინტერესებული პირისთვის და ხელს შეუწყობს ქართული ენის პოპულარიზაციას.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა პრეზენტაციაზე ისაუბრა დიასპორისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისათვის აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე.

„იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობაა, ამ კონტექსტში კი, მნიშვნელოვანია, მოქალაქემ მისთვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისები ენობრივი ბარიერის გარეშე მიიღოს. სწორედ ამიტომ იუსტიციის სასწავლო ცენტრში შევქმენით ქართული ენის პირველი ონლაინ კურსი და შესაბამისი ვებპლატფორმა, რომელიც მოქალაქეებს დაეხმარება, ისწავლონ ქართული ენა და გაიმარტივონ კომუნიკაცია სერვისის მიღების დროს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ქართული ენის ონლაინ კურსი იუსტიციის სასწავლო ცენტრმა გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) და გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შექმნა; იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტომ კი, სასწავლო ონლაინ პლატფორმა მოამზადა. დისტანციური სწავლების გვერდზე https://eacademy.tcj.gov.ge/ ქართული ენის კურსის შინაარსი ოთხ ენაზეა ხელმისაწვდომი (ინგლისური, სომხური, აზერბაიჯანული, უკრაინული).

კურსი მოიცავს 20 გაკვეთილს და განკუთვნილია არაქართულენოვანი პირებისთვის. სწავლების დასრულების შემდეგ მომხმარებელი იღებს სერტიფიკატს; პროექტის შესაძლო ბენეფიციარები კი, არიან:

  • სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორების წარმომადგენლები;
  • საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობები;
  • საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილი და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები;
  • საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველი პირები;
  • ქართული კულტურით დაინტერესებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები; აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები; UNDP-ის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, საქართველოში გერმანიის საელჩოს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიებები

აპრილი , 2024
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ