ღონისძიებები

ხუთშაბათი, 06 ივნისი, 2024

სამტრედიაში იუსტიციის სახლი გაიხსნა

სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება. სამტრედიაში იუსტიციის სახლის ფილიალი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას 500-მდე მომსახურებას თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიაწვდის. აქვე სპეციალურად მოწყობილ სარიტუალო სივრცეში ქორწინების მსურველი წყვილები საზეიმო ცერემონიალის დაგეგმვასაც შეძლებენ.

სამტრედიის იუსტიციის სახლი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძემ გახსნეს. ახალი ფილიალი სრულად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. აქ 20-მდე ადგილობრივი პირია დასაქმებული.

სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია, რასაც საქართველოს მასშტაბით 119 იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს; რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს კი, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ემსახურება ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“. უშუალოდ იმერეთის რეგიონში 24 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს, მობილური იუსტიციის სახლი კი, 15 სოფელს ფარავს.

მიმდინარე წელს იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება; კერძოდ: გაიხსნება ჭალის, ზოტის, ტოლების, ცაიშისა და შროშის იუსტიციის სახლები; აგრეთვე, დამატებითი ფილიალები თბილისსა (გლდანი) და ბათუმში; ხაშურის, თერჯოლის, ახმეტის, მცხეთის, საგარეჯოსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში კი, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამტრედიის იუსტიციის სახლის გახსნას ესწრებოდნენ, ასევე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

ღონისძიებები

ივნისი , 2024
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ