იუსტიციის მინისტრმა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელა
რატი ბრეგაძემ და იესპერ მოლერმა საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები განიხილეს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ იუსტიციის სამინისტროსა და UNICEF-ის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად დღეს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მხოლოდ 54 არასრულწლოვანი იხდის სასჯელს, 2012 წელამდე კი, მათი რაოდენობა 200-ს აჭარბებდა.
საუბარი შეეხო, აგრეთვე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმას, განრიდებისა და მედიაციის პროგრამებს, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის საქმიანობას, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დაცვას და სხვა საკითხებს.
იუსტიციის მინისტრმა UNICEF-ის წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდა ახალგაზრდა მსჯავრდებულთა უფლებრივ საკითხებზე, მათ შორის, განათლების ხელმისაწვდომობაზე, რასაც, სხვებს შორის, ინოვაციური პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“ უზრუნველყოფს; ასევე, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამების შესახებ პენიტენციურ დაწესებულებებში.
რატი ბრეგაძემ იესპერ მოლერს ბავშვთა უფლებების საკითხებზე ერთობლივი ტრენინგების ორგანიზება შესთავაზა.
შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.