იუსტიციის მინისტრმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიღწეული პროგრესი განიხილა
რატი ბრეგაძემ და ბიორნ ბერჟემ მართლმსაჯულებისა და პენიტენციური სისტემების რეფორმების შედეგებზე იმსჯელეს.
იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, რომელსაც ცხადყოფს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან შესული საქმეების სტატისტიკა. კერძოდ, 2023 წლის იანვრის მონაცემებით, ევროსასამართლო საქართველოდან შესულ 147 საჩივარს განიხილავდა, რაც ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს. შედარებისათვის, 2011 წლისათვის სტრასბურგი საქართველოს წინააღმდეგ 3045 საქმეს განიხილავდა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პატიმრების უფლებრივ მდგომარეობას. იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს ციხეებში სრულად არის აღმოფხვრილი არაადამიანური მოპყრობისა და წამების სისტემური პრობლემა, რასაც არაერთი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია ადასტურებს, მათ შორის, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT). აღინიშნა, რომ 2012 წლიდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქართველოს ციხეებიდან არცერთი სარჩელი მიუღია წარმოებაში.
მხარეებმა განიხილეს ახალი პენიტენციური კოდექსი, „ციფრული უნივერსიტეტი“, პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროექტები, დიდი ზომის ღია პენიტენციური დაწესებულებების მცირე ზომის ციხეებით ჩანაცვლების სტრატეგია და სხვ.
აღინიშნა სტრასბურგის სასამართლოს მიერ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მნიშვნელობა, რომლის თანახმადაც, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაზე რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
ხაზი გაესვა ევროპის საბჭოსთან ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.
შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.