იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კიდევ ერთი წარმატებული პროექტის შედეგები შეაჯამა
პროექტის ფარგლებში შემუშავდა რეკომენდაციები კანონშემოქმედებით პროცესში ნორმატიული აქტების დასაბუთების სტანდარტის შესახებ. პროექტის ავტორებმა შეისწავლეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკა კანონპროექტების განმარტებითი ბარათის დასაბუთების ფორმების და მექანიზმების შესახებ და წარმოადგინეს კვლევა.
პროექტის მიზანია საქართველოში საკანონმდებლო პროცესის კიდევ მეტად სრულყოფა და განმარტებითი ბარათის სტანდარტის დაახლოება ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკასთან. რეკომენდაციებზე იმუშავეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ვასილ გონაშვილმა და პროფესორმა ნანა ჭიღლაძემ.
საგრანტო პროექტის შედეგების პრეზენტაციას კვლევის ავტორებთან ერთად სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და აკადემიური წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საგრანტო კონკურსს იუსტიციის სამინისტრო ყოველწლიურად აცხადებს. მისი მიზანი ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაა. წელს იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 17 პროექტს აფინანსებს. საგრანტო პროგრამების მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა.