საქართველო მონღოლეთს სააღსრულებო სისტემის რეფორმის წარმატებულ გამოცდილებას უზიარებს
მონღოლეთის დელეგაციის ვიზიტი, რომლის მიზანი სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებაა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგანიზებით ხორციელდება. EBRD მიიჩნევს, რომ საქართველოს გამოცდილება ამ სფეროში კარგი მაგალითი იქნება მონღოლეთისათვის ინსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმების გატარების პროცესში.
მონღოლეთის დელეგაციასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ექსპერტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ერეკლე ღვინიანიძემ და ბექა ძამაშვილმა უმასპინძლეს. ქართულმა მხარემ მონღოლეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სოლონგუ ბაიარსაიხანთან საუბრისას ხაზი გაუსვა ერთობლივი ინიციატივებისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას და ინფორმაცია მიაწოდა დელეგაციის წევრებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ციფრული სერვისების განვითარება, კიბერუსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება, სააღსრულებო საქმიანობის საკანონმდებლო ასპექტები და სხვა.
მხარეებმა გამოხატეს მზაობა ორმხრივი დარგობრივი თანამშრომლობის განვითარებისათვის.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძე და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი.
ვიზიტის ფარგლებში, მონღოლეთის დელეგაცია შეხვედრებს გამართავს, აგრეთვე, თბილისის იუსტიციის სახლსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში.