იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ რუბენ რუბენიანს შეხვდა
რატი ბრეგაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ინტენსიურ ურთიერთობას ხელს უწყობს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის მოქმედი მეგობრობის ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად იმართება თემატური შეხვედრები.
მინისტრის თქმით, მე-5 სამართლებრივი ფორუმი კიდევ უფრო წარმომადგენლობითია ორივე ქვეყნის მხრიდან და მას არაერთი სამართლის სფეროს წარმომადგენელი ესწრება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფორუმების ტრადიცია არ კარგავს აქტუალობას და მეტიც – ორმხრივად შექმნილი პლატფორმა მიზნად ისახავს საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას სამართლის დარგის პროფესიონალებს შორის. ამას გარდა, საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის არსებობს სწრაფი, მოქნილი და წარმატებული სექტორული თანამშრომლობა.
მიმდინარე კვირას იუსტიციის სამინისტრომ, ასევე, თბილისში უმასპინძლა სომხეთის უწყებათაშორის დელეგაციას და ევროკავშირთან დაახლოებისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის დიალოგის თაობაზე გამოცდილება გაუზიარა.
შეხვედრის ბოლოს რატი ბრეგაძემ სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ რუბენ რუბენიანს ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მიმართულებით წარმატებები უსურვა. მინისტრმა მზადყოფნა გამოხატა, სომეხ კოლეგებს ყველა ის გამოცდილება და მიღწეული შედეგი გაუზიაროს, რაც ევროკავშირთან დაახლოების პროცესში საქართველომ გაიარა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე.