ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი და "ციფრული უნივერსიტეტი" ამოქმედდა
იუსტიციის სახლის სერვისების მიღებას სასჯელის მოხდის ადგილზე ქუთაისის №2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებიც შეძლებენ. იუსტიციის სახლის ფილიალი ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში რატი ბრეგაძემ იუსტიციის სახლისა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად გახსნა.
დაწესებულებაში იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი „ციფრული უნივერსიტეტიც“ ამოქმედდა, რაც მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, დისტანციურად მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება; ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში; ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი, ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.
პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სახლების მუშაობა ქართული ინოვაციაა და მას ანალოგი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ აქვს. იუსტიციის სახლების ფილიალების საშუალებით მსჯავრდებულებისათვის 50-ზე მეტი სერვისია ხელმისაწვდომი.
იუსტიციის სახლის ფილიალები პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებსაც ემსახურება.
დღემდე პატიმრობაში მყოფ პირებს ან მესამე პირისათვის გაცემული მინდობილობის საფუძველზე შეეძლოთ სერვისის მიღება, ან იუსტიციის სახლთან წერილობითი კომუნიკაციით. ორივე შემთხვევაში სერვისი ხანგრძლივ დროს და არასაკმარისად მოქნილ პროცედურებს ითვალისწინებდა. პენიტენციურ სისტემაში იუსტიციის სახლის ფილიალების გახსნის შემდეგ მსჯავრდებულებისთვის მომსახურება ზუსტად ისეთივე კომფორტული იქნება, როგორიც იუსტიციის სახლის ნებისმიერი ვიზიტორისთვისაა.
იუსტიციის სახლები და პროექტი “ციფრული უნივერსტეტი” ეტაპობრივად სხვა პენიტენციურ დაწესებულებებსაც მოიცავს.