პრაღაში ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი მიმდინარეობს
რიგით მეორე ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა გახსნეს.
რატი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა მხარეებს შორის უკვე დამკვიდრებული ორმხრივი ფორუმის მნიშვნელობას და ტრადიციას. მინისტრმა აღნიშნა ქართულ-ჩეხური დარგობრივი თანამშრომლობის როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანია.
ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას ქართული და ჩეხური სამართლებრივი სისტემების დაახლოების, ინსტიტუციური და შინაარსობრივი გაძლიერების კუთხით. ამასთან, ფორუმი საქართველოსა და ჩეხეთის იუსტიციის სამინისტროების, სამართლის დარგის პროფესიონალთა და სასამართლო სისტემის წარმომადგენელთათვის თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და კონკრეტული ინიციატივების განხილვის საშუალებაა.
ღონისძიების ფარგლებში, სასესიო ფორმატში განხილულ იქნება ადამიანის უფლებათა დაცვისა და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმები; ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესი და პროგრესი ევროკავშირის სამართალთან; პენიტენციური და პრობაციის სისტემების თანამშრომელთა მუდმივი გადამზადების მნიშვნელობა; მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობის მიზნით განხორციელებული რეფორმები; ადვოკატთა როლი ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში; განრიდებისა და მედიაციის როლი სისხლის სამართლის სფეროში და სხვ.
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი; ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურისა და სასამართლო სისტემის წარმომადგენლები.
ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის დაფუძნების იდეა 2022 წლის ოქტომბერში ჩეხეთისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრების შეხვედრისას გაჩნდა. ღონისძიებას თბილისი და პრაღა მორიგეობით მასპინძლობს.